"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი..." - კვირის პალიტრა

"არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი..."

9 თებერვალს, ნინო ჟვანიას # 10-ში მშენებარე კორპუსის მეხუთე სართულის აივნიდან მუშა გადმოვარდა. 26 წლის ჯარჯი ჯანჯალაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

ამავე მშენებლობაზე დარაჯად მუშაობდა დაღუპული ახალგაზრდის მამა. 26 წლის მამაკაცს ცოლი და მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

პროფკავშირის ინფორმაციით, 2017 წელს უსაფრთხოების ნორმის დარღვევის გამო სამუშაო ადგილზე დაიღუპა 41 და მძიმედ დაშავდა 63 ადამიანი.

სპეციალისტების თქმით, კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტი შრომის უსაფრთხოების შესახებ განიხილავს, არის სუსტი და არ არის შედეგის მომცემი.

მომხდართან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტი ნინო თარხნიშვილი.

"მუშის სიკვდილი, დედას რომ დაავიწყდა

- ზახარ, კაცო, რატო მიკვნესის გული ასე უცნაურად, ჰა?

POLICE LINE DO NOT CROSS. ზის ყვითელ ლენტებში გახლართული ქალი, რომელიც ჯერ კიდევ ნახევარი საათის წინ ღრიალებდა, მუხლებზე ხელებს იშენდა, თმას იგლეჯდა. ახლა კი ზის და ცალყბა ღიმილით, გაკვირვებული ეკითხება ზახარას, - კაცო, გული რატომ მიკვნესის, ასე უცნაურად, ჰა?..

ზახარა ქალის მეზობელია. ქალი მუშის დედა, ცოტა ხნის წინ რომ გადმოვარდა მეხუთე სართულიდან და მოკვდა. ზახარაც აქ მუშაობს. მშენებლობის დარაჯია. კუბოკრული პერანგის საყელო ნემსის წვერზე აქვს აცმული, მაგრამ ამ ნემსსა და ძაფს სასწაულების ჩადენა ხომ არ შეუძლია, არა?

ზახარამ კი იცის, რატომ უკვნესის ქალს გული, იქ იყო ბიჭი რომ გადმოვარდა, მაგრამ ზახარას არ აქვს კითხვაზე პასუხი, რატომ უკვნესის ქალს გული.

ზის ქალი სკამზე, ადგას თავზე თავზარდაცემული ზახარა და ვერ ხვდება, რა დაემართა მუშის დედას, ნახევარი საათის წინ თმას რომ იგლეჯდა და ახლა აღარც სახელი ახსოვს, აღარც გვარი, ვერც იმას ხვდება ეს ყვითელი ლენტი რატომ აქვს შემოხვეული და საერთოდ, სამსახურიდან ურეკავენ და გასაქცევია...

- ზახარ, ტელეფონი მირეკავს, სამსახურიდან არიან, მიდი, უთხარი, ცოტა შეაგვიანდება, მარა აუცილებლად მოვაო.

- ზახარ და აქ რატომ ვზივარ?

- ზახარ, ჩემი სახლი აქეთ არის თუ იქით?

- ზახარ, მოდი კაცო, მოიხედე, რას უნდა გავყვე სამსახურამდე?..

DO NOT CROSS

ლურჯ პოლიეთილენში გახვეულ მუშას მტვრიანი ჯინსის ტოტები მოუჩანს.

დედამისს კი, ოც ნაბიჯში რომ ზის, დაავიწყდა მისი სიკვდილი. აი ასე, ადგა და დაავიწყდა. ერთ წამში. და გადაწყვიტა, რომ სამსახურში აგვიანდება...

არ ყოფილა ადვილი იმის ყურება, როგორ შეშალა ჭკუიდან შვილის სიკვდილმა ქალი...

მერე დავბრუნდით სამსახურში. კაი კადრები მოვიტანეთ. ოპერატორმა კარგად იმუშავა. ხმებსაც არაუშავს. მივჭერ-მოვჭერით, ტიტრები დავადეთ, რომ 9 თებერვალს, მშენებარე სახლის მეხუთე სართულიდან, გადმოვარდა 26 წლის მუშა და დაიღუპა. დარჩა ცოლი და მცირეწლოვანი შვილი. სტატისტიკის მიხედვით, 2017-ში მშენებლობებზე 43 მუშა მოკვდა. 2018 - ში, ეს უკვე მეორეა. რომ ქვეყანაში არ არსებობს შრომის უსაფრთხოების კანონი და რომ მის მიღებას პარლამენტი აჭიანურებს...

...

აი, ესაა ჩემი საქმე. ხანდახან მოვყვე სიკვდილებზე მშრალი ციფრებით. და არაფერი ვთქვა დედაზე, შვილის სიკვდილი რომ დაავიწყდა.

პ.ს ჟურნალისტებს ხო გვჩვევია წინდაუკან სირბილი, გაიწი-გამატარე, ყაყანი... დღეს კი იდგა ყველა გაოგნებული, ჩუმად და თავზარდაცემული", - წერს ნინო თარხნიშვილი "ფეისბუკში". (წყარო)