"სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია - ორივე ისეთი საყვარლები იყვნენ" - რას ყვებიან ეზოში, სადაც ფილმი "ჩვენი ეზო" გადაიღეს? - კვირის პალიტრა

"სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია - ორივე ისეთი საყვარლები იყვნენ" - რას ყვებიან ეზოში, სადაც ფილმი "ჩვენი ეზო" გადაიღეს?

სტატია "კვირის პალიტრის" არქივიდან

რეჟისორ რეზო ჩხეიძის ფილმი "ჩვენი ეზო" არაერთი თაობის საყვარელი ფილმია. გარს ვუვლი ამ ისტორიულ სახლს, რომლის ეზოშიც ეს არაჩვეულებრივი ფილმი გადაიღეს და შავ-თეთრი კადრები მიცოცხლდება... ჩემი რესპონდენტი მედეა თიკანაძე ამ სახლში 1950 წლიდან ცხოვრობს და გასახსენებელი ბევრი რამ აქვს.

- გადაღებას ყველანი ინტერესით ვადევნებდით თვალს. სხვათა შორის, ფილმის დასაწყისში ჩანს საბავშვო ეტლი, რომელშიც ორი პატარა ზის, მარცხენა ჩემი ქალიშვილია. სანამ გადაღებას დაიწყებდნენ, ჩემი მეუღლე ჩვენს 6 თვის გოგონას ასეირნებდა და ბატონი რეზოს ასისტენტს შეუთავაზებია, გადაგიღებთო. ჩემს მეუღლეს უარი უთქვამს, მაგრამ იქვე ქალი ბავშვს ასეირნებდა, მის ეტლში ჩაუსვამს ჩვენი გოგონა, ესენი გადაიღეთო. შინ რომ ამოვიდა და ეს მითხრა, ვუსაყვედურე. მან კი, რომელი კინოვარსკვლავი მე ვარო. ასაკში რომ შევედით, ნანობდა, რატომ მოვიქეცი ასეო.

- მსახიობებთან გქონდათ კონტაქტი?

- მთელი ქართული კინოს ვარსკვლავები ამ ეზოში ტრიალებდნენ. სოფიკო ჭიაურელი და გიორგი შენგელაია ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ, ორივე ისეთი საყვარლები, ისეთი შინაურები, რომ მეგონა, მართლაც ჩვენი ეზოს ბინადრები იყვნენ. სესილია თაყაიშვილი ყველას გვეფერებოდა. რომ დაგვინახავდა, აუცილებლად დაგვიძახებდა. ბატონ რეზოს მისალმებასა და მოკითხვას ვერ დაასწრებდი.

- როგორ ფიქრობთ, რეჟისორმა რატომ შეარჩია ეს ეზო?

- ალბათ, იმიტომ, რომ ლამაზი იყო. ბარათაშვილის #10-ში, ეს სახლი 1950 წელს მოწინავე ინტელიგენციისა და მოწინავე მუშებისთვის აშენდა. მშენებლობაზე გერმანელ ტყვეებს ამუშავებდნენ.

სანამ აქ გადმოვიდოდით, მანამდე ვერის უბანში ვცხოვრობდით და სიმართლე გითხრათ, არ მეთმობოდა მამისეული სახლი. მამა ცეკას მდივნის მოადგილე იყო, ის ცეკას მდივნის, კურულაშვილის გამოსარჩლებას შეეწირა. კრებაზე, სადაც კურულაშვილის პარტიიდან გარიცხვისა და მოღალატედ შერაცხვის საკითხი დააყენეს, ადგა და დაახასიათა როგორც სამშობლოს ერთგული პიროვნება. დილით ეს განცხადება გააკეთა და ღამის 3 საათზე წაიყვანეს, მალევე დახვრიტეს. მაშინ 5 წლის ვიყავი, დედას მე და ჩემი ძმა დასასვენებლად ვყავდით ქობულეთში. სასწრაფოდ ჩამოგვიყვანა. შინ რომ მოვედით, სახლი დალუქული დაგვხვდა, ერთი ოთახი გაგვიღეს, დანარჩენ სამში სხვა შეასახლეს. დედამ ქმრის უდანაშაულობის დასამტკიცებლად სხვადასხვა ინსტანციაში დაიწყო სირბილი, მაგრამ უთხრეს,"მოღალატის, ხალხის მტრის ცოლი ხარ და ენა გააჩუმეო. მავნებელი და ხალხის მტერი თვითონ ბრძანდებიო, უპასუხია დედას. ეს სიტყვები გახდა მისი 10 წლით ციმბირში, სოლიკამსკში გადასახლების მიზეზი. იქიდან დაბრუნების შემდეგ თბილისში ცხოვრების უფლება აღარ მისცეს და ჭიათურაში დასახლდა. ვერაზე ჩვენს სახლში შახტების მშენებლობის ტრესტის მმართველი შეასახლეს. მან მოგვცა ამ სახლში ოროთახიანი ბინა ჩვენის სანაცვლოდ.

აქ ერთმანეთზე საუკეთესო ადამიანები ცხოვრობდნენ. ახლა მათი შთამომავლები არიან. ჩვენ გვერდით გუჯეჯიანები ცხოვრობდნენ, ოჯახის უფროსი, ბატონი ფრიდონი, ამ სახლის მშენებლობას ხელმძღვანელობდა. მესამე სართულზე ქალაქის სამხედრო კომენდანტი, ლევან ქუდიძე. იცით, ეს რამხელა თანამდებობა იყო? 50-იანი წლების ბოლოს საქართველო 9 მაისს რუსთაველის თეატრში ზეიმობდა. ღონისძიებაზე დასასწრებად გენერლები მოსკოვიდან ჰყავდათ მოწვეული. ბატონი ლევანი ერთ-ერთის გვერდით მჯდარა. ღონისძიების დაწყებამდე

მძღოლისთვის ქართულად რაღაც გადაულაპარაკია, იმ გენერალს კი მკვახედ უთქვამს: - Перестаньте говорить на вашем собачьем языке!"- ბატონ ლევანს სილა გაუწნავს და იქაურობა დაუტოვებია. მეორე დღეს დაუბარებიათ სამხედრო ტრიბუნალზე. მოსკოველი გენერალიც იქ დახვედრია, რომელსაც დაკითხვაზე უთქვამს, დამარტყა იმისთვის, რომ ეს ვუთხარიო. ლევანსაც ხელმეორედ გაურტყამს. ამისთვის წოდებაც და სამსახურიც დაატოვებინეს, თუმცა არ ნანობდა.

კიდევ ერთი ჩვენი მეზობელი მსახიობ ნუგზარ შარიას ბაბუა იყო. ამ ეზოში ცხოვრობდნენ გრიგოლ აბაშიძე, ჯანსუღ ღვინჯილია...

- გახსოვთ ის დღე, პირველად რომ ნახეთ ფილმი?

- 1957 წელს გამოვიდა. ვუყურებდი და სიხარულის ცრემლები მდიოდა. ყველას ვეუბნებოდი, ეს ჩემი ეზოა, ჩემ თვალწინ იღებდნენ ამ ფილმს-მეთქი. ყოველ ჯერზე ასე მგონია, პირველად ვუყურებ. მიხარია, რომ ამ ეზოს მთელი საქართველო იცნობს. რეზო ჩხეიძემ ისეთი სიცოცხლე შემოიტანა ამ ეზოში, რომელიც დღემდე გრძელდება.

იხილეთ ასევე: მაშინ კოტესაც ჰყავდა ოჯახი და სოფიკოსაც. თბილისში რა უნდა ჭორის გავრცელებას... ეკა სალაღაია