"კონის ფული" თბილისის გასანათებლად
"კონის ფული" თბილისის გასანათებლად
"ერეკლე მეფეს ძალიან მოსწონდა განათებული თბილისი, ხოლო დღესასწაულებზე მოსახლეობა ღამით ჩირაღდნებითაც უნდა გამოსულიყო. ჩვენს დედაქალაქში XIX საუკუნის 70-იან წლებში 3 200 ფარანი იდგა, რაზეც იმდენად დიდი თანხა იხარჯებოდა, რომ ფარნების მომსახურებისთვის "კონის ფულის" გადასახადიც კი შემოიღეს"

არავინ იცის, როდის მოიფიქრა ჰომო საპიენსმა ცეცხლიდან ჩირაღდნის ანთება, არადა, უამისოდ რა გააძლებინებდა! თუმცა დადგენილი ის არის, რომ პირველი განათებული ქალაქი ამსტერდამი იყო - აკრძალული სიყვარულის მაძიებლებს საუკუნეების მანძილზე გზას წითელი ფარნები უნათებდა. ფარნები
ქალაქის გასანათებლად XVII საუკუნეში სწორედ ამ ქალაქში გამოიგონა ერთმა მეხანძრემ, რომელიც ამისთვის დააჯილდოეს, მერე კი ფარნები მთელ მსოფლიოს მოედო. მათ შორის, რა თქმა უნდა, თბილისსაც. როგორც ამბობენ, ქალაქი უკვე XVIII საუკუნეში იმდენად იყო განათებული, რომ ფარნების მომსახურებისთვის აქ სპეციალური გადასახადი, "კონის ფული" შემოიღეს. თბილისის მეფარნეთა
გილდიაც სწორედ ამ დროს ჩამოყალიბდა და დაახლოებით XX საუკუნის 30-იან წლებში დაიშალა, ხოლო მეფარნის რომანტიკული აჩრდილი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში დარჩა და ზოგიერთ ქალაქში ფარნებს დღესაც ანთებენ, - რა თქმა უნდა, ტურისტების მისაზიდად. მეფარნეების ძეგლებიც მსოფლიოს მრავალ ქალაქში დგას, თბილისს კი ირაკლი წულაძის "მეფარნე" ამშვენებს. და კიდევ: მართალია, ქალაქის ფარნებით განათება ელექტროენერგიასავით ძვირი არ ღირდა, მაგრამ მოსახლეობა მაშინაც ისევე იხდიდა ამისთვის ფულს, როგორც დღეს.…

ბადრი გოგუა, ისტორიკოსი:
- თბილისი XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ნათდებოდა. ერეკლე მეფეს ძალიან მოსწონდა განათებული თბილისი, ხოლო დღესასწაულებზე მოსახლეობა ღამით ჩირაღდნებითაც უნდა გამოსულიყო. ჩვენს დედაქალაქში XIX საუკუნის 70-იან წლებში 3 200 ფარანი იდგა, რაზეც იმდენად დიდი თანხა იხარჯებოდა, რომ ფარნების მომსახურებისთვის "კონის ფულის" გადასახადიც კი შემოიღეს.

- რით ანთებდნენ ფარნებს?

- ზეთით, მოგვიანებით ნავთითა და სკიპიდრითაც კი, რაც იმ დროისთვის მეტად ძვირი ღირდა. ფარნები ბოლავდა, რის გამოც მათ სპეციალური შტატი ემსახურებოდა. ჩამოიღებდნენ, გაწმენდდნენ, შეაკეთებდნენ და ისევ უკან კიდებდნენ. ასე ჩამოყალიბდა მეფარნეთა გილდია, რომელიც XX საუკუნის დამდეგს "ომახიან" ძალადაც იქცა - ბოლშევიკური რევოლუციების დროს აჯანყდნენ და უფლებების დაცვა და ხელფასის მომატება მოითხოვეს.

- ალბათ, ხელფასს მოუმატებდნენ, ვის მოუნდებოდა ჩაბნელებულ თბილისში ცხოვრება!

- ამაზე ძველ პრესაში აღარაფერი წერია. მაგრამ ყველაფერს აქვს დასასრული - თბილისში თბოსადგურები გამოჩნდა.
1897 წელს პირველი პატარა თბო­სადგურის აგრეგატები თბილისის თეატრთან ილია ჭავჭავაძემ დაა­დ­გმევინა. უკვე 1912 წლისთვის თბილისის თბოსადგურები 1890 ცხე­ნის ძალის ელექტროენერგიას გამოიმუშავებდა!

- ანუ იმის მეასედსაც არა, რაც თუნდაც­ თბილისის სატელევიზიო ანძის განათებაზე იხარჯება.

- აბა, რა გითხრათ, მას შემდეგ გასუ­ლმა საუკუნემ მთელი დედამიწაც კი შეცვალა... მაგრამ მეფარნეები ამ დროისთვის კიდევ მრავლად იყვნენ, უბრალოდ, ფარნები ცენტრიდან გარეუბნებში გადაიტანეს და მეფარნეებმაც იქ გადაინაცვლეს თავიანთი ნავთით სავსე ჭურჭლებით.
სულაც არ იყო ეს ადვილი პროფესია,­ საღამოს ფარნის ანთება მეფარნეს მზის ჩასვლისთვის უნდა დაეს­წ­რო, გამთენიისას კი ფარნის ჩას­ა­ქრობად მამლისთვისაც უნდა ეჯ­ობნა გაღვიძებაში.

- ვინ იყვნენ მეფარნეები? ბევრი ამბობს, რომ ირაკლი წულაძის "თბილისელი მეფარნე" აზერბაიჯანელია.

- ვინ იცის, ალბათ ის, ვინც კი ამ მძიმე პროფესიას გაუძლებდა. რაც შეეხება­ "თბილისელ მეფარნეს", ის 2009 წელს დაიდგა და როგორც ვიცი, მისთვის მოქანდაკემ "მაგდანას ლურჯას" ტიპაჟი გამოიყენა. ეს ფილმი 1955 წელს გადაიღეს და მაშინ მეფარნის ხსოვნა კიდევ იყო შემორჩენილი.

- დღეს რა ჯდება თბილისის განათება?

- გარე განათების ქსელში 107 208 ერთეული სანათი, მხატვრული მინათების კი 13 791 წერტილია ჩართული. ექვსი თვის განმავლობაში თბილისის გასანათებლად 4 მილიონ 602 ათასი ლარი იხარჯება.
სინათლე დიდი ბედნიერებაა. ალბათ, ამიტომაც დგას ბევრ ქალაქში მეფარნეების ძეგლი, ზოგან მეფარნეობაც კი გააცოცხლეს. მაგალითად, მინსკის ერთ უბანში მეფარნე საღამოობით ფარნებს ისევე ანთებს, როგორც საუკუნის წინ ანთებდა. ეს ტურისტების მისაზიდად მშვენიერი სანახაობაა.

ჩვენი "თბილისელი მეფარნე" ქალაქს მართლაც ალამაზებს, ისევე როგორც თბილისელებს ახალისებდა, ალბათ, მეფარნეების გამოჩენა საღამოობით.

ეთერ ერაძე
Tbilisi
09 მაისი 2018 21:53
მადლობა სტატიისთვის! საინტერესოა, ძველი ქუჩის განათების ფარტები თუ არის დაცული სადმე მუზეუმში? როგორი ფარნები ანათებდნენ თბილისს ადრე? 19 საუკუნეში თბილისის ზეთის ფარნები როგორ გამოიყურებოდა? შემდეგ როგორ იცვლებოდა დროსთან ერთად თბილისის განათება? ან დღეის მდგომარეობით თბილისში ყველაზე ძველი განათება სად არის შემოღჩენილი?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები