"ისეთი იდიოტობა დამიკვეთე, არყის გარეშე ეს საქმე არ გამოვაო" - ვინ არის ცნობილი "გრენლანდიის" ავტორი? - კვირის პალიტრა

"ისეთი იდიოტობა დამიკვეთე, არყის გარეშე ეს საქმე არ გამოვაო" - ვინ არის ცნობილი "გრენლანდიის" ავტორი?

"გაიტანეთ გრენლანდია!" - ყველას ახსოვს ელდარ შენგელაიას "ცისფერი მთებიდან" ეს უბერებელი ფრაზა და ნახატიც, რომლის გატანას კატეგორიულად მოითხოვს მსახიობ ვასილ კახნიაშვილის გმირი ვასო ჩორგოლაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ მხატვრული ღირებულებით არ გამოირჩევა, "გრენლანდია" ქართულ კინოხელოვნებაში ყველაზე ცნობილი ნახატი გახდა, რომელიც ელდარ შენგელაიას თავის კაბინეტში ეკიდა, რამდენიმე წლის წინ კი ხელოვნების მუზეუმს გადასცა.

ვინ არის "გრენლანდიის" ავტორი? სინამდვილეში ასეთი ნახატი არ არსებობდა და რეზო ჭეიშვილმა გადაწყვიტა, ფილმისთვის სპეციალურად შეექმნათ. "ცისფერ მთებზე" ორი მხატვარი მუშაობდა - თენგიზ მირზაშვილი ("ჩუბჩიკა") და ბორის (კუკური) ცხაკაია. რა თქმა უნდა, რეჟისორმა ელდარ შენგელაიამ პირველ რიგში მათ მიმართა. ბატონი ბორისი კინოსტუდიის მხატვარი გახლდათ და უფრო დეკორაციებისა და ინტერიერის გაფორმებაზე მუშაობდა. "ჩუბჩიკა" კი ზედგამოჭრილი იყო ამ დავალებისთვის...

ერთ დღეს რეჟისორმა სამუშაო ჯგუფი შეკრიბა - მოდი, ვნახოთ, "ჩუბჩიკამ" "გრენლანდია" დახატაო. მივიდნენ, ნახეს და მიიჩნიეს, რომ ძალიან კარგი ნახატი იყო, თენგიზ მირზაშვილის სტილში, მაგრამ არა ის, რაც სჭირდებოდათ, ანუ როგორც ტექსტშია აღნიშნული, უგემოვნო, უაზრო ნამუშევარი, რომელზეც ფილმში ვასო ჩორგოლაშვილი იტყვის: "ეს არც ხელოვნების ნაწარმია და არც ნაწარმოები". მოკლედ, "გრენლანდია" უნდა ყოფილიყო საშუალო დონის ნამუშევარი - არც იქით, არც აქეთ.

კუკური ცხაკაიამაც ვერ აიღო თავის თავზე ასეთი ნახატის დახატვა. ამის შემდეგ კინოსტუდიის დეკორაციების საამქროში მიადგნენ მხატვარ ვოლკოვიჩს. ის თბილისელი გახლდათ, მაღალი, ახოვანი მამაკაცი. ელდარ შენგელაიამ მას საპასუხისმგებლო დავალება ასე აუხსნა: "მიშკა ნა სევერე" - კანფეტი რომ არის, ხომ იცი? წარმოიდგინე, მის შეფუთვაზე რომ ნახატია, იმაზე უფრო უაზრობა უნდა დახატოო. ვოლკოვიჩი დაფიქრდა და უპასუხა: ისეთი იდიოტობა დამიკვეთე, ბოთლი არყის გარეშე ეს საქმე არ გამოვაო. შენგელაიამაც იკისრა... ვოლკოვიჩმა "გრენლანდია" მართლაც დახატა. ჭეიშვილს რომ უნახავს, უთქვამს, - აი, ზუსტად ასეთი წარმომედგინაო.

ახლა "გრენლანდია" ხელოვნების მუზეუმშია დაცული. რეზო ჭეიშვილს ბევრი აბსურდული მომენტი ჰქონდა სცენარში ამ ნახატით ასახული. ასე რომ, "გრენლანდია" მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სცენარის განვითარებაში. არც შარჟი უნდა ყოფილიყო, არც ხელოვნება. უნდა შექმნილიყო რაღაც გაუგებარი, შუალედური, რომელიც არც არაფერს წარმოადგენდა და არც გასატანად და გადასაგდებად გემეტებოდა. ვოლკოვიჩმა ზუსტად გაიგო დავალება და ზუსტადაც შეასრულა.

ეკა სალაღაია

შეავსეთ ტესტი და გაიხსენეთ საკულტო ფილმი კიდევ ერთხელ