სოსოს შვილობილი მურა დათვები - კვირის პალიტრა

სოსოს შვილობილი მურა დათვები

თბილისის ახლოს მიწის ნაკვეთი ვიყიდე და დათვებს ვოლიერი მოვუწყვე. მერე გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით და ჩემი ხარჯებით დავაფუძნე დათვების თავშესაფარი. ბრაკონიერები დათვებს ხოცავენ და ბელები გასართობად მიჰყავთ სახლებში, რესტორნებში, ავტოგასამართ სადგურებზე... 2010 წლიდან დღემდე გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უკანონოდ დატყვევებულ დათვებს მაბარებს

ფოლა, ბალუ, მიშკა, ლელა, მიხო, თინა და ბუბუ მურა დათვები არიან. როცა დაუცველ გარემოში უპატრონოდ ცხოვრობდნენ, აგრესიულობით გამოირჩეოდნენ, თავშესაფარში მოხვედრის შემდეგ კი გახალისდნენ. ისინი თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, პატარა თავშესაფარში ბინადრობენ. წესით, მათზე გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს, მაგრამ 2010 წლიდან დღემდე ბიუჯეტში გადაშენების პირას მყოფი, წითელ ნუსხაში შეტანილი მურა დათვებისთვის საჭირო თანხა ვერა და ვერ გამოიძებნა. წლებია დათვებს 32 წლის პროფესიით მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის შესყიდვების მენეჯერი სოსო ჯიქურიშვილი პატრონობს:

- 2010 წელს რამდენიმე კვირის ორი ბელი მომიყვანეს, იმდენად პატარები იყვნენ, რომ საწოვარათი ვაჭმევდი. დახმარებისთვის თბილისის ზოოპარკს მივმართე, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ ჩაიბარეს, გადამამისამართეს გარემოს დაცვის სამინისტროში, რადგან მურა დათვი გადაშენების პირასაა, წითელი ნუსხით არის დაცული და მათ კომპეტენციაში შედის მოვლა-პატრონობა. სამწუხაროდ, ვერც გარემოს დაცვის სამინისტრომ მოუძებნა ბელებს ადგილი. რას ვიზამდი, ხუთი თვე შვილებივით ვზრდიდი საწოვარათი, მერე დამოუკიდებლად ჭამა დაიწყეს და დადგა ვოლიერის საჭიროება. ისევ ზოოპარკსა და გარემოს დაცვის სამინისტროს მივადექი, მაგრამ ამაოდ. ამის შემდეგ თბილისის ახლოს მიწის ნაკვეთი ვიყიდე და იქ მოვუწყვე ვოლიერი. მერე გარემოს დაცვის სამინისტროს ნებართვით და ჩემი ხარჯებით დავაფუძნე დათვების თავშესაფარი.

საქართველოში ძალიან ბევრი ბრაკონიერია, ხოცავენ დათვებს და მათი ბელები გასართობად მიჰყავთ სახლებში, რესტორნებში, ავტოგასამართ სადგურებზე... 2010 წლიდან დღემდე გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მაბარებს უკანონოდ დატყვევებულ დათვებს.

- თბილისში ცხოვრობ და მუშაობ, როგორ ახერხებ ჩასვლას თავშესაფარში?

- კვირაში რამდენჯერმე მიწევს ასვლა, რომ მოვამარაგო საკვებით. მანამდე მომვლელი უვლის. გახსენებაც არ მინდა, რა პირობებში ჰყავდათ - მშივრები, შეშინებულები. მინდა ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილს გადავუხადო მადლობა, რომ ამ ზაფხულს თავშესაფარში დათვებს ვოლიერი საკუთარი ხარჯით გაუფართოვა.

- წესით, მათზე სწორედ გარემოს დაცვის სამინისტრო უნდა ზრუნავდეს.

- როდესაც ფინანსური დახმარება ვითხოვე, მითხრეს, ამ ეტაპზე პრიორიტეტული ყვავილებიაო.

- რამდენი დათვი გყავთ?

- 1-დან 12 წლამდე რვა დათვი. სამწუხაროდ, ორი მომიკვდა, ორივე გარემოს დაცვის სამინისტრომ ჩამაბარა, წლების განმავლობაში მძიმე პირობებში გამოკეტილები იყვნენ და ვერ გადავარჩინე. მიუხედავად იმისა, რომ დათვების თავშესაფრის მიზანი მათი გამრავლება და ბელების ბუნებაში გაშვებაა, ამას ვერ ვახერხებთ. ამიტომ გამრავლებისგან თავს ვიკავებთ, რადგან საქართველოში არ არსებობს სარეაბილიტაციო ცენტრი, სპეციალური ვოლიერი, სადაც ბელები გაივლიან ადაპტაციას და ბუნებას დაუბრუნდებიან. სხვანაირად დათვი ტყეში დაიღუპება.

რამდენიმე წელია ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე ამაოდ ცდილობს, გარემოს დაცვის სამინისტროს ფინანსური მონაწილეობით ზოოპარკის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო ვოლიერის მოწყობას. ერთი წელი მაიმედებდა გარემოს დაცვის სამინისტრო, რომ= მიწის ნაკვეთს გადმომცემდა ვოლიერის მოსაწყობად, მაგრამ ისევ მოტყუებული დავრჩი.

- დათვები როგორ იქცევიან?

- თავშესაფარში მოყვანის დღიდანვე ძალიან თვინიერები ხდებიან, ჩვენც ყურადღებასა და სიყვარულს არ ვაკლებთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშიში ცხოველია, არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე მათგანი თავს დაგვსხმოდა. პირიქით, ცნობისმოყვარეები არიან, როგორც კი დამთვალიერებელი მოვა, თამაშის ხასიათზე დგებიან. დათვი ძალიან ჭკვიანი ცხოველია, იცის სიყვარულისა და მადლიერების გამოხატვა.

"კვირის პალიტრამ" გარემოს დაცვის სამინისტროს ჯერ კიდევ 2 კვირის წინ მიმართა, თუმცა, კითხვებზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია... სოსო ჯიქურიშვილი ისევ კეთილი ადამიანების შემოწირულობის მოლოდინშია. მხოლოდ ერთი კაცისა და კეთილი ხალხის იმედად დარჩენილი მურა დათვები მალე შესაძლოა გადაშენდნენ და წითელი ნუსხიდან წითელ წიგნში გადაინაცვლონ.

თორნიკე ყაჯრიშვილი