სასაფლაოზე მობინადრე ინვალიდს დენის მრიცხველი დაუმონტაჟეს(?!) - კვირის პალიტრა

სასაფლაოზე მობინადრე ინვალიდს დენის მრიცხველი დაუმონტაჟეს(?!)

გსმენიათ ოდესმე საფლავის ქვაზე ადამიანის დასახლება? ახლახან სენაკიდან "ლეიბორისტული პარტიის" სენაკის ორგანიზაციის წევრი ინგა ქარდავა გვეწვია და გვითხრა, ისეთი რამ უნდა გიამბოთ, რომლის გადმოსაცემად და მით უმეტეს, შესაფასებლად, სიტყვების მოძებნაც კი ძნელია, მაგრამ მაინც შევეცდებიო.

- ბორის გეგენავა სოფელ გეჯეთის მკვიდრი, ერთი გაუბედურებული კაცია, რომელმაც ადამიანებთან ცხოვრებას ბებიისა და ბაბუის საფლავის ქვაზე დასახლება ამჯობინა. ინვალიდმა კაცმა რის ვაი-ვაგლახითა და კეთილ ადამიანთა დახმარებით პატარა ფიცრული ზედ საფლავზე დააშენა, აბა, მიწა არ ჰქონდა და რა ექნა?   ბორის გეგენავას ცოცხლების უფრო ეშინია, ვიდრე მიცვალებულების, რადგან მათ მისთვის  მეტი ტკივილი მოაქვთ, მკვდარი კი უვნებელია!  ამ კაცის გაჭირვებამ შემზარა. ახლახან მოვინახულე, პური და სიგარეტი მივაწოდე. შეშინებული თავიდან მიშორებდა, ჩემგან რა გინდათ, არაფრის თქმას არ ვაპირებო.

ადრე ერთ-ერთ ჟურნალისტთან ადგილობრივ  ხელისუფლებაზე აუგი დასცდენია, რის გამოც გამგებელს მისთვის პოლიცია მიუქსევია. სასაფლაოდანაც დაუპირეს გაგდება. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა რამდენჯერმე შეუთვალეს, სად გაგონილა, ცოცხალი და მკვდარი ერთად ბინადრობდნენ, სასაფლაო დატოვეო!.. იცით, კურიოზი რა  არის? გავოგნდი, იმ პატარა ფიცრულში ელექტროენერგიის მრიცხველი რომ დავინახე. აქედან რომ ვერ გამაგდეს, ინკასატორები მომიგზავნეს და ეს მრიცხველი დამიმონტაჟესო, მითხრა 68 წლის ინვალიდმა.

სახტად დავრჩი. ზოგიერთი საფლავი რომ განათებულია, ნეტავ ფულს მათ ჭირისუფლებს ახდევინებენ? ეს კაცი შემწეობას არ იღებს, არც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფად ითვლება. მოგეხსენებათ, სასაფლაოზე ცოცხალი ადამიანი რეგისტრირებული ვერ იქნება და ამიტომ არ შეიყვანეს ბორის გეგენავა დასახმარებელთა სიაში(!), მაგრამ არარეგისტრირებულ ცოცხალ კაცს მრიცხველი კი დაუმონტაჟეს სასაფლაოზე. რა ჰქვია ამას - უკანონობა, უსამართლობა, ადამიანის მიწასთან გასწორება, სისასტიკე თუ სხვა, უფრო საშინელი რამ?

KvirisPalitra.Geარაერთხელ მივმართე ადგილობრივ ხელისუფლებას, გეჯეთის რწმუნებულს და ბორის გეგენავასთვის მიწისა და დახმარების გაცემა მოვითხოვე. გავიგე, რომ 68 წლის ინვალიდს მიწა გამოუყვეს და ახლა მის საკუთრებაში გაფორმებას ელოდება. მხოლოდ ერთი კითხვა მაქვს და ცინიზმად ნურავინ ჩამითვლის, ნუთუ არ შეიძლებოდა ამ  სამადლო საქმის გაკეთება ადგილობრივ არჩევნებამდე? როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიცვალებულებისგან ბლომად ხმა მიიღო და სასაფლაოზე დაბინავებული მოკვდავიც ამიტომ გაახსენდა...

... ამ შემაძრწუნებელი ამბის მოსმენის შემდეგ "კვირის პალიტრა" სოფელ გეჯეთის რწმუნებულს, გარსევან ჩემიას დაუკავშირდა.

- ერთი თვეა, რაც ეს კაცი დავაკმაყოფილეთ (გეგენავა ისევ საფლავის ქვაზე ცხოვრობს და მიწის ნაკვეთის გადაფორმების მოლოდინშია). ადრე მიწა არ უნდოდა. თავის დროზე სახლიც ჰქონდა და ყველაფერი, მაგრამ სასაფლაოზე ცხოვრება არჩია.

- რამდენადაც ვიცი, გეგენავას სახელზე რეგისტრირებული არ არის უძრავი ქონება, რადგან მან თავისი საცხოვრებელი გაყიდა.

- კი, გაყიდა, მერე ჩვენ ერთ სახლში შევასახლეთ, რომელიც სირისტის გამო დაიწუნა.

- სასაფლაო მშრალი ადგილია და იქ სირისტი არ არის?

- ავადმყოფია ეგ კაცი... არ არის ჯანსაღი ფსიქიკის. ახლა უკვე თავად გამოთქვა სურვილი, კარგი, თუ მომცემთ მიწას, აქედან გადავსახლდებიო და დავაკმაყოფილეთ.

- იქნებ დააზუსტოთ, ამის სურვილი მას შემდეგ გამოთქვა, რაც მისი არსებობით ჟურნალისტი დაინტერესდა?

- არა, ერთი თვეა, რაც სასაფლაოდან გასახლება მოითხოვა.

- ინვალიდს სასაფლაოზე რომ მრიცხველი აქვს დამონტაჟებული, ეს თქვენ ნორმალურ მოვლენად მიგაჩნიათ?

-  ჩვენ კომუნალური მრიცხველები გვაქვს  და საერთო დავალიანების თანხა მთელ  სოფელზე ნაწილდება. იცის სოფელმა, რომ ბორის გეგენავა ელექტროენერგიას ხარჯავს, ჰოდა... სოფელი დამატებითი გადასახადის გადახდას ვერ შეეგუა...

- გინდათ თქვათ, რომ სოფელმა მოითხოვა, გეგენავას მრიცხველი დაუყენეთო? რამდენადაც ვიცი, მას სოფლის დახმარებით უდგას სული.

- თვითონ... ვინც გვყავს, ინკასატორისმაგვარი, იმან მოსთხოვა გეგენავას მრიცხველის დადგმა.

- მეც ამას გეკითხებით, სასაფლაოზე დაურეგისტრირებლად მცხოვრებ კაცს რა უფლებით მოსთხოვა ინკასატორმა მრიცხველის დადგმა?

- ხომ ხარჯავდა ელექტროენერგიას? "ენერგოპროჯორჯია"  უფასოდ არავის აძლევს დენს და აბა, როგორ ვქნათ?

- საფლავებზე განათება ხომ  არის, იმის ფულს ვინ იხდის?

- არც ერთი განათება არ მუშაობს, მწყობრიდანაა გამოსული ყველა.

- როცა მუშაობდა, მაშინ ფულს მიცვალებულები იხდიდნენ?

- ეს იყო კომუნისტების დროს ან შემდეგ... ყოველ შემთხვევაში, ჩემი რწმუნებულობის დროს აღარ მუშაობდა განათება... თქვენ რა გაინტერესებთ, ვერ გავიგე?!.. (სოფლის რწმუნებულს ნერვებმა უმტყუნა. - ავტ.)

P.S. თუ მიხეილ სააკაშვილს დავუჯერებთ, ახლა საქართველო განათებული და გაბრწყინებულია, სიბნელე და სიცივე უკან მოვიტოვეთ.   სოფელ გეჯეთის რწმუნებულმა  კი სულ გადაასხა წყალი ახალი ხელისუფლების "მიღწევებს". მან ისეთი "მარგალიტებიც" გადმოაფრქვია, მოგვერიდა და აღარ დავბეჭდეთ.