"საქმე არც ისე ცუდად გაქვთ, როგორც კონგოელებსა და ირანელებს" - კვირის პალიტრა

"საქმე არც ისე ცუდად გაქვთ, როგორც კონგოელებსა და ირანელებს"

"თუ ჟურნალისტის შრომას რეაგირება არ მოსდევს, ეს დემოკრატიას ვნებს"

ფაბიან კუნი ევროპული გაზეთის - Tribune de Geneve-ის თანამშრომელია. ორიოდე კვირაა საქართველოში ოფიციალური მივლინებით არის და ქართულ ენას სწავლობს. აკვირდება საქართველოს მოქალაქეების ცხოვრებას, გარემოს და, რაღა თქმა უნდა, ქართულ მედიას. ამბობს, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლების ხარისხი დაბალია, მაგრამ ღიმილით გვაიმედებს, ისე ცუდადაც არა გაქვთ საქმე, როგორც ირანში, კონგოში ან სხვა ავტორიტარულ და დიქტატორულ ქვეყნებშიო.

ფაბიან კუნი: - ჩვენთან გაზეთები და ტელევიზია ყოველთვის მხარს უჭერენ ერთმანეთს, რაც აქ არ არის. შვეიცარიაში სამი ცნობილი ტელეარხია, მათ მართვაში სახელმწიფოსაც აქვს წილი, მაგრამ სიტყვის თავისუფლება დაცულია და ტელევიზიების სარედაქციო კოლეგია დამოუკიდებლად მუშაობს.

- რას ნიშნავს სიტყვის თავისუფლება შვეიცარიაში?

- ცენზურის უქონლობას. არ არსებობს არც გარე ან თვითცენზურა. ჩემი სტატია უცვლელად იბეჭდება და თუ რედაქტორს რაიმეს შეცვლა მოუნდება, ერთად ვმსჯელობთ ცვლილებებზე. ასე იმიტომ ხდება, რომ ჩემი რედაქტორი თავისუფალია ზეწოლისგან და შესაბამისად, ცენზურისგან.

მედიასაშუალებებს ვერავინ ვერაფერს უბრძანებს. ერთ ფაქტს მოგიყვანთ. ლიბიაში შვეიცარიის ორი მოქალაქე დააკავეს. რაღა თქმა უნდა, მათ გათავისუფლებაში სახელმწიფო ჩაერია. ამ დროს ჟენევის პოლიციამ დააკავა მუამარ კადაფის ვაჟი, რის საფუძველზეც ლიბიაში ერთ-ერთი დაკავებული შვეიცარიელი გაათავისუფლეს. ჩვენმა გაზეთმა დაბეჭდა უმცროსი კადაფის დაკავების ამსახველი ფოტო და სტატია, რამაც აღაშფოთა ლიბიელები და მეორე შვეიცარიელი კვლავ ციხეში დატოვეს.

ლიბიამ ბოდიშის მოხდა მოითხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მოქალაქეს არ გავათავისუფლებთო. საქმე სასამართლომდე მივიდა და სტატიის გამოქვეყნება ლიბიის ინტერესების შეურაცხყოფად ჩაითვალა. გაზეთმა საქმე წააგო, მაგრამ ბოდიში მაინც არ მოიხადა და ამის გამო ვერავინ დაუპირისპირდა.

- თუ ჟურნალისტი დაწერს შვეიცარიელი თანამდებობის პირის შესახებ, რომელიც არაკანონიერად იქცევა, შეიძLლება ჟურნალისტზე მან რაიმე სახით ზემოქმედება მოახდინოს?

- თუ ჩინოსანი არის ცნობილი პირი, რომელსაც შენ არჩევნების დროს ხმა მიეცი, ვალდებული ხარ მისი არასწორი ქმედება ამხილო. მიკვირს, ასეთ რამეს რომ მეკითხებით. თუ საქართველოში ასეთი ჩინოსნები არიან და მათ შესახებ წერთ, რა გავლენას ახდენს მათზე თქვენი სტატიები, ბოდიშს იხდიან, გადადგებიან თანამდებობიდან თუ რით გამოისყიდიან დანაშაულს? შვეიცარიაში ასეთ ფაქტს უთუოდ მოჰყვება დამნაშავის ახსნა-განმარტება და შესაძლოა, თანამდებობიდანაც გადადგეს. თუ თქვენს შრომას რეაგირება არ მოსდევს, ეს წყლის ნაყვაა და დემოკრატიას ვნებს.

- საქართველოში მედიის, სიტყვის თავისუფლების შესახებ რა იცით?

- როგორც ვიცი, მთავრობა მკაცრად აკონტროლებს ქართულ მედიას. ევროპაში მუშაობენ სპეციალური ორგანიზაციები, რომლებიც სიტყვის თავისუფლების ხარისხს ამოწმებენ. ისიც გამიგია, რომ საქართველოში ამ მხრივ ნელ-ნელა უმჯობესდება მდგომარეობა.

საქართველოში ძალიან ისტერიულია სიუჟეტები. ამდენი შეშფოთებული სახის დანახვა და ისტერიული ლაპარაკის მოსმენა ძალიან დამღლელია.

- საქართველოში რომ მუშაობდეთ, რაზე დაწერდით?

- ძალიან მაინტერესებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილების პრობლემები. სიამოვნებით წავიდოდი მათ მოსასმენად. ჩემს გაზეთს საერთაშორისო განყოფილება აქვს და კარგ რეპორტაჟს გავაკეთებდი. სანამ 2008 წლის ომი არ მოხდა საქართველოში, შვეიცარიაში თითქმის არაფერი იცოდნენ საქართველოზე. ეს ჩვენი ბრალია, ჟურნალისტების.

სიამოვნებით დავწერდი სათამაშო აპარატების, სლოტკლუბების შესახებ. ამდენი კლუბი არსად მინახავს. ასე მგონია, ხალხს ბოლო იმედად ამ კლუბებში ფულის მოგებაღა აქვს. ეს ძალიან ცუდია. შვეიცარიაშიც არის ასეთი კლუბები, მაგრამ მათ მთავრობა აკონტროლებს. თუ ვინმე დადგენილ ზღვარს გადასცდება, კაზინო მის ფოტოს პოლიციას უგზავნის, ის კი გააფრთხილებს მოთამაშეს, გეყოფა გართობაო.

თუ ასეთი ავადმყოფია და თამაშის გარეშე ვერ ძლებს, საფრანგეთში მიდის, მაგრამ საფრანგეთსა და შვეიცარიას შორის შეთანხმება დაიდო და ამ ადამიანებზე ინფორმაციას ცვლიან, ეს კი ორივე ქვეყანაში მათ გაკონტროლებას აიოლებს.

სიამოვნებით დავწერდი ქართული მთების შესახებაც. მიყვარს მთებში ხეტიალი. ვისაუბრებდი მთის ხალხთან. შვეიცარიელებს ძალიან დააინტერესებდათ ასეთი სტატია, რადგან საქართველოც შვეიცარიასავით მთიანია. რომ გაიგებენ, 5000 კილომეტრის იქით კიდევ არის მთიანი ქვეყანა საზამთრო, სათხილამურო კურორტებითო, ყველა იკითხავს, ნეტავ იქ რა ხდებაო?