"ასეთ პირობებში ღორებსაც არ აცხოვრებენ" - კვირის პალიტრა

"ასეთ პირობებში ღორებსაც არ აცხოვრებენ"

"გია თორთლაძე დაგვპირდა, მოვალო, და დღემდე მოდის"

აგვისტოს ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ გადაწყვიტა, საქართველოს 4,55 მილიარდი დოლარით დახმარებოდა. იმის გასაკონტროლებლად, რამდენად სწორად დახარჯავდა საქართველოს მთავრობა თანხას, მონიტორინგის მიზნით 2008 წელს დაფუძნდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისგან შემდგარი კოალიცია, სახელწოდებით "გამჭვირვალე საერთაშორისო დახმარება საქართველოს". მისმა ერთ-ერთმა წევრმა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ", უკვე რიგით მეოთხე ანგარიში მიუძღვნა საერთაშორისო დახმარების   განკარგვის საკითხებს.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის საგანგაშო შედეგების გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, გადაგვემოწმებინა ანგარიშში მოცემული ფაქტები და გეზი გორში, მოსკოვის ქუჩაზე მდებარე პოლიკლინიკისკენ ავიღეთ. ანგარიშის თანახმად, ყველაზე მძიმე მდგომარეობა სწორედ ამ შენობაშია. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.

ამორტიზებულ, ძველისძველ შენობაში პირველ და მეორე სართულებზე განთავსებულია მოზრდილთა პოლიკლინიკა "პანაცეა" და ნარკოლოგიური კლინიკა. ხუთსართულიანი კორპუსის სხვა სართულებზე აგვისტოს ომის გამო დევნილები და უსახლკარო გორელები არიან შესახლებული. მათ შორის 65 დევნილი ოჯახია.

სადარბაზოსთან მიახლოებისთანავე გეცემათ საშინელი სუნი.

KvirisPalitra.Geსაკანალიზაციო სისტემა მწყობრიდან არის გამოსული, სარდაფი, ფაქტობრივად, საკანალიზაციო ჭად არის ქცეული. აქაურების თქმით, როდესაც ფეკალური მასა პირველი სართულის კიბემდე ადის, სპეციალური ბრიგადა მოდის და სარდაფს სიბინძურისგან ოდნავ ასუფთავებს. ასე გრძელდება ორი წლის განმავლობაში. მობინადრეებს უკვე სუნზე მეტად ბავშვების დაავადების საფრთხე აწუხებთ. პატარებს გამუდმებით უკან დასდევენ, რომ შემთხვევით სარდაფში არ მოხვდნენ და ფეკალურ ჭაობში არ დაიხრჩვნენ(!).

ყველა სართულზე მოშლილია როგორც წყალგაყვანილობის, ისე საკანალიზაციო სისტემები, ამიტომაც კედლები სველია და ყარს. დერეფნული ტიპის საცხოვრებლად გადაკეთებული შენობის თითოეულ სართულზე ტუალეტები დერეფნის ორივე ბოლოშია. წყალი მხოლოდ ერთ ტუალეტში მოდის. ამიტომაც მობინადრეები  წყალს დერეფნის ერთი ბოლოდან მეორეში ეზიდებიან გამუდმებით.

მათ, ვისი ბინებიც ტუალეტებს ესაზღვრება, ცხოვრება ჯოჯოხეთად აქვთ ქცეული. დაზიანებული მილებიდან გამოსული ბინძური წყალი ტუალეტებში კოჭებამდე გუბეებად დგას და საცხოვრებელი ოთახების კედლებში ჟონავს. ტუალეტები საცაა ჩამოინგრევა, ჭერიდან და კედლებიდან ნამსხვრევები ცვივა და წყალი ჟონავს, ამის გამო  იქ შესვლა არ შეიძლება. თუ შეხვალთ, დასაბან-გასარეცხი გამოხვალთ. თუ ვინმემ არ გითხრა, ვერც მიხვდები, რომ აქ ორი წლის წინ ჩატარდა რემონტი და კაფელ-მეტლახ, მილ-ონკანის გამოცვლაზე დიდი თანხა დაიხარჯა(!). საძირკველ და კედლებმომპალი სახლის იატაკი ფეხის ერთ დაბაკუნებაზეც კი ირხევა. ზოგიერთ ოთახში კედლები იმდენად დეფორმირებულია, რომ ორი წლის წინ ჩასმული ახალი კარ-ფანჯარა ვეღარ იხურება.

ყველა თავის ოთახში მთხოვს შესვლას და ყველგან ერთი და იგივე სურათი მხვდება, - დაობებული, ნესტიანი, დაბზარული კედლები, ჭერი და მძიმე სუნი.

ტურაშვილების ერთ ოთახში ორი მოხუცი, მათ შორის ერთი უსინათლო, ერთი შუახნის მამაკაცი და ერთიც მოზარდი ცხოვრობს.

ოჯახის დიასახლისი:

- ჩემი მეუღლე უსინათლოა, ორიოდე დღის წინ საჭმელი გავუმზადე, ჯამით დავუდგი და წყალზე გავედი, ოთახში შემობრუნებული კივილით მივვარდი ჯამს, ჭერიდან ნატეხი ჩამოვარდნილიყო და მოხუცმა კინაღამ საჭმელს მიატანა.

KvirisPalitra.Geასეთ პირობებში ღორებსაც არ აცხოვრებენ. ღამღამობით აუტანელია ტუალეტებიდან ჩვენს კედლებში გამოჟონილი სისველის სუნი. ჩემს ქმარს 24 საათი ამ უმძიმეს გარემოში უწევს ყოფნა, რადგან უსინათლოა და ბნელ დერეფნებში სიარული არ შეუძლია. თავადაც მოხუცს ტუალეტში ძლივს მიმყავს და ამხელა კიბეზე აბა, როგორ ჩავიყვან დაბლა. ვიხვეწებით, სადმე კოტეჯში შეგვასახლონ, მაგრამ არავის ესმის...

...მობინადრეები ამბობენ, რომ მშენებელ კომპანიას არ გადაუხდია სარემონტო სამუშაოებში დახარჯული ელექტროენერგიის საფასური და ამის გამო დერეფნებში, ტუალეტებსა და კიბეზე ელექტროენერგია გამორთულია. "გვეუბნებიან, თუ შუქი გინდათ,  გადაიხადეთ მშენებლების დავალიანებაო", - წყრომით ამბობენ დევნილები. ვცდილობ გავარკვიო, ვის გულისხმობენ ასეთ "დამრიგებელში", მაგრამ ამაოდ - ხალხი თავს იკავებს პასუხისგან. მხოლოდ ერთმა თქვა, ჩვენ შორის ბევრი გამცემია და ამიტომაც თამამად ლაპარაკის გვეშინიაო(?!).

საბედნიეროდ, მაინც გამოჩნდა ერთი გაბედული მობინადრე - 67 წლის გიორგი ტურაშვილი:

- როგორც კი დავგეგმავთ წერილის გაგზავნას, რომ ქვეყნის პირველ პირს ჩვენი გასაჭირის ამბავი მივაწვდინოთ და თბილისში წამოსვლას დავაპირებთ, მყისვე მოცვივდებიან "ნაციონალები" და პოლიცია. თითქოს სახელმწიფო დამნაშავეები ვიყოთ და გვემუქრებიან, აქედან ფეხს თუ გადგამთ, თქვენი სამარშრუტო ტაქსი თბილისამდე ვერ ჩავაო. ვიღაც გვყავს ჩამშვები, ალბათ, ხელისუფლების ხალხი ფულს უხდის.

უამრავი წერილი მივწერეთ მინისტრ სუბელიანს, პარლამენტს, პრეზიდენტს, დეპუტატებსაც ბევრჯერ მივმართეთ, მაგრამ არავინ გამოგვხმაურებია. ცხინვალში გატაცებული ოთხი მოზარდის გათავისუფლებაზე რომ ამბავი ატყდა, მაშინ გია თორთლაძე ჩამოვიდა გორში. ვთხოვეთ დახმარება, დაგვპირდა, მოვალო და დღემდე მოდის. 8 ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ყოველდღე უამრავი წამალი მჭირდება და მე კი ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ პენსია და დევნილობის დახმარება - 55 ლარი მაქვს. ავადმყოფ კაცს სამკურნალო ფული არა მაქვს და ადამიანურ პირობებშიც აღარ უნდა ვიცხოვრო? მართალია, სოფელში ვცხოვრობდით, მაგრამ კულტურა კი არ გვაკლია, არც თავმოყვარეობა დაგვიკარგავს.

KvirisPalitra.Geგიორგის ტურაშვილს ნერვიულობისგან პირი უშრება. წყალს აწვდიან. "ეს ონკანისაა?" - კითხულობს და დადებითი პასუხის მიღების შემდეგ უარს ამბობს დალევაზე.

ამ შენობაში ყველა სხვა უბედურებასთან ერთად სასმელი წყლის პრობლემაც არის. წყალი ერთ დიდი რეზერვუარში გროვდება და იქიდან ნაწილდება. დევნილებს თავიდანვე საეჭვოდ ეჩვენათ წყლის გემო და რეზერვუარში ჩაიხედეს. ამბობენ, უამრავი ნაგავი და საცვალიც კი ამოვიღეთო.

ელექტროენერგიის დავალიანების გამო პირველ სართულზე აბანოც დაიკეტა და ხალხი საგონებელშია ჩავარდნილი. დაუბანლობასაც როგორ გავუძლოთო, ჩივიან.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" კვლევის ანგარიშის თანახმად, ეს შენობა შპს "არქსტუდია პერისტალმა" გაარემონტა: "მთლიანობაში ერთი შენობის რემონტისათვის შპს "არქსტუდია პერისტალს" გადაერიცხა 354.962.47 ლარი.

თუმცა, გაურკვეველია, აღნიშნული თანხა რამდენად მიზნობრივად და ეფექტურად განიკარგა... სამუშაოების შესრულების “ხარისხი” ერთი შეხედვისთანავე ნათლად ჩანს", - ნათქვამია ანგარიშში, რის სისწორეშიც თავადაც დავრწმუნდი.

სამწუხაროდ, ეს შენობა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ანგარიშში ჩამოთვლილი უამრავი სავალალო ფაქტიდან, რომელთა მიჩქმალვასაც, სავარაუდოდ, ხელისუფლება ცდილობს.