"ნუ ჩაწვებით მუქთა კუბოში!"
19-02-2018
"ნუ ჩაწვებით მუქთა კუბოში!"
გაშიფრული კორუფციული სქემები და სასწრაფო დახმარებასთან დაკავშირებული სკანდალი...

რამდენად ოპტიმალურია სასწრაფო დახმარების ბრიგადების გადანაწილება თბილისის კლინიკებში, მიჰყავთ თუ არა პაციენტები იქ, სადაც უნდა მიიყ­ვანონ? დაცულია თუ არა პაციენტის ჯანმრთელობა და აქვს თუ არა გარანტია, რომ ზუსტად იმ კლინიკაში მიიყვანენ, რომელსაც საჭირო პროფ­ილი აქვს? "კვირის პალიტრა" ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც აუდიტის სამსახურმა თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურის შესახებ სკანდალური დასკვნა გამოაქვეყნა.

ამონარიდი აუდიტის კრიტიკული დასკვნიდან (სტილი დაცულია):

"693 შემთხვევაში პაციენტები
კარდიოლოგიური დიაგნოზით (რომელთაც აღენიშნებოდათ ტკივილი გულის არეში, გადაყვანილი იყვნენ დაწესებულებებში, რომელთაც არ ჰქონდათ ნებართვა ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. აღნიშნული ბრძანების მიხედვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს ისეთ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს კარდიოლოგიურ სერვისს და
ფლობს სანებართვო დანართს ინტერვენციულ კარდიოლოგიაში. ინსულტის მართვისას ჰოსპიტალიზაცია უნდა განხორციელდეს დაწესებულებაში, რომელიც ფლობს სტაციონარული დაწესებულების ნებართვას და სანებართვო დანართებს საქმიანობებში: ნეიროქირურგია, რეანიმაცია, რადიოლოგია. ასევე, უნდა ახორციელებდეს ნევროლოგიას, გააჩნდეს კომპიუტერული ტომოგრაფი... გარკვეულ შემთხვევებში პაციენტის ჰოსპიტალიზაციისას უახლოესი მანძილის პრინციპის უგულებელყოფას აქვს ადგილი და მათი მიყვანა ისეთ დაწესებულებაში ხდება, სადაც არ არის პაციენტის მისაღები ხარისხით მკურნალობისათვის საჭირო პირობები..."

"სასწრაფო დახმარება რეკეტიორი ხდება.."


მარინა ბერაძე, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში:
- რამდენადაც ვიცი, აუდიტის სამსახურმა ძველი პერიოდის შესწავლა­ დაიწყო, რომელიც 2011-2015 წლებს მოიცავს. სხვათა შორის, ამ პერიოდში არაერთხელ მითქვამს, რომ სასწრაფო დახმარება ოფიციალური რეკეტიორი ხდება, რადგან გვქონდა აღმაშფოთებელი ინფორმაცია. კერძოდ, საავადმყოფოები არაოფიციალურად უხდიდნენ ფულს სასწრაფო დახმარების სამსახურს იმისთვის, რომ პაციენტები მხოლოდ მათთან მიეყვანათ. ცხადია, კლინიკებს საკუთარი ინტერესები აქვთ, იციან, რომ თითოეულ მოქალაქეს სახელმწიფო დაფინანსება 15 ათასი ლარი აქვს. ამ ფულის ათვისებას ცდილობენ, ამის გარდა, ერთმანეთთან კონკურენციის და პრესტიჟის საკითხიც აღელვებთ. მეტი პაციენტი მეტ ფულს და იმავდროულად, მეტ ავტორიტეტსაც ნიშნავს.

- "შავი სალაროების" არსებობაზე მიგვანიშნებთ?

- შეგვიძლია ასეც ვივარაუდოთ,­ რადგან­ ისინი ამ თანხას არაო­ფი­ცია­ლურად­ იხდიდნენ. ეს ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებულთათვის ცნობილი ამბავია. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, ამ კორუფციულმა სქემებმა დიდხანს არ იმუშავა. ჯერ ერთი, ინფორმაციამ გამოჟონა და ამის გამო ზოგიერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი რეალური­ გახდა, მეორეც, კლინიკებსა და სასწრაფო დახმარების სამსახურს შორის შეუთანხმებლობამაც იჩინა თავი. იყო შემთხვევები, როცა წინასწარ გადაიხადეს თანხა, თუმცა საბოლოოდ მათთან სასწრაფო დახმარებამ იმდენი პაციენტი არ მიიყვანა, რამდენსაც ელოდნენ. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, შესაძლოა, დღესაც მოქმედებს რომელიმე კლინიკასთან ფულის შეწერის ეს წესი და ამის შესახებ არ ვიცით. ამიტომ, როცა აუდიტის სამსახური გააკეთებს ასეთ მწვავე დასკვნას, რომელიც კორუფციულ გარიგებებზე მიგვანიშნებს, რომ თურმე პაციენტები იქ არ მოჰყავთ, სადაც საჭიროა, ამ ყველაფერს რეაგირება უნდა მოჰყვეს!

- თბილისში არის ერთადერთი კლინიკა, სადაც პაციენტს ინსულტის დაწყებიდან მაქსიმუმ სამი საათის განმავლობაში თუ მიიყვანენ, შესაძლებელია ვენაში სპეც­იალური ნივთიერების შეყვანით თრომბის დაშლა. როგორც ვიცი, ყოფილა შემთხვევები, რომ ამ კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანას ინსულტიანი პაციენტები არ გადაჰყავს.

- დიახ, არსებობს ასეთი შემთხვევებიც. როცა ასეთი საშუალება არსებობს და სასწრაფო დახმარებას ასეთ კლინიკაში ინსულტის ნიშნის მქონე პაციენტები არ მიჰყავს, ეს კითხვის ნიშნებს აჩენს.

- რა გამოსავალი არსებობს?

- დღეს თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჰოსპიტალიზაციის მენეჯერები რა წესითაც­ ხელმძღვანელობენ, ის ძალიან ზოგადია. მართალია, იქ წერია, რომ გათვალისწინებული უნდა იყოს პაციენტის სურვილი (კლინიკის არჩევანი), ტერიტორიული პრინციპი და კლინიკის სერვისები, მაგრამ რეალურად არც ერთი ამ კრიტერიუმის გათვალისწინება არ ხდება და ვერც ვერავის ვთხოვთ პასუხს. მაგალითად, დედაჩემი როდესაც ავად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოვიძახეთ, იმ კლინიკაში არ გადაგვიყვანეს, სადაც გვსურდა და ტერიტორიული პრინციპიც დაირღვა. უახლოეს კლინიკაში რომ გადავეყვანეთ, სათქმელად ის მაინც ექნებოდათ, ეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე გავაკეთეთო.

- თბილისის სასწრაფო დახმარების მუშაობაში სხვა ხარვეზებსაც თუ ხედავთ?

- მიუხედავად იმისა, რომ ამ სერვი­სის განვითარებისთვის სახელმწიფო დიდ თანხას ხარჯავს, მისი მუშაობა ხშირ შემთხვევაში მაინც უკმაყოფილებას იწვევს.
ძალიან გადატვირთულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები, გამოძახება ბევრია. სასწრაფო დახმარების სამსახურს შეთავსებული აქვს ოჯახის ექიმის ფუნქციაც. მას იძახებენ მაღალი ტემპერატურის ან წნევის აწევის დროსაც კი, რითაც ისეთი პაციენტის მდგომარეობა, რომლის სიცოცხლეც მართლაც საფრთხის ქვეშ არის, დიდი რისკის ქვეშ დგება. სასწრაფო დახმარების სამსახურს უნდა ჩამოვაშოროთ ოჯახის ექიმის ფუნქცია ისე, როგორც ეს ბევრ მოწინავე ქვეყანაშია.

არის შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებს. ასეთი შემთხვევები კარგად რომ შევისწავლოთ, აღმოჩნდება, რომ თითქმის ყველა გადაყვანილ პაციენტს უტარდება ოპერაცია.ხომ შეიძლება, ისეთი გამონაკლისიც არსებობდეს, როცა ოპერაცია საჭირო არ არის? თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთ გამონაკლისებს ვერ იპოვით.
მეტსაც გეტყვით, არის შემთხვევები, როცა პაციენტს ესა თუ ის სამედიცინო მანიპულაცია უნდა ჩაუტარდეს, რასაც სახელმწიფო არ აფინანსებს, ამიტომ მას უკეთებენ სულ სხვა ოპერაციას, რასაც სახელმწიფო დაფინანსება ეხება(?!). ეს, რა თქმა უნდა, პაციენტთან შეთანხმებით ხდება. პირველ რიგში, სამოქალაქო აზროვნებაც უნდა ამაღლდეს, უნდა გვესმოდეს, რომ რაც მუქთაა, ყველაფერი კარგი არ არის! მაგალითად, კუბოში არ უნდა ჩაწვე, მხოლოდ იმიტომ, რომ მუქთაა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები