"როგორც კი გევიცანი მაშინათვე ვიცოდი, რომ დავქორწინდებოდით" - ქედელი ცოლ-ქმარი 162 შთამომავლით
24-02-2018
"როგორც კი გევიცანი მაშინათვე ვიცოდი, რომ დავქორწინდებოდით" - ქედელი ცოლ-ქმარი 162 შთამომავლით
"ღმერთმა სასიმღერო მომცა და რაფერ არ ვიმღერო! მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოს ქვეყანაზე და იმფერს ვიმღერებ, ზეცაში გაფრინდეს! ჩემი მადლობაც ეგ იქნება წუთისოფლისთვის!"

ქედის ლამაზ სოფელ სიხალიძეებში, 77 წელია, ერთმანეთს მზე და მთვარესავით შებერებული ცოლ-ქმარი ცხოვრობს. 97-96 წლის ხასან და ზექიე თურმანიძეები რომ გავიცანი, ვკითხე, ვინ ხართ, რა ხალხი, რომ ამდენ ხანს ერთმანეთის გვერდით იცხოვრეთ და თანაც ქვეყანას 162 შთამომავალს უტოვებთ-მეთქი. ხასან ბაბუც ჯოხს დაეყრდნო და სერიოზულად მომიგო:

- აფერი განსაკუთრებული
ჩვენ არ ვართ, ბაბუა, ოღონდ, თუ ჩვენზე წერთ, ერთი რამე გახსოვდეთ: ქაღალდში კი მიწერია 97, მარა სინამდვილეში 99-ისა ვარ! კომუნისტურ პარტიაში რომ მიმიღენ, მაშინ მომაკლენ ორი წელიწადი - 1919-ში ვარ დაბადებული და 1921 დამიწერენ - ასეა საჭიროო!

- ალბათ, იმის სატრაბახოდ, რომ პარტიაში ახალგაზრდა გლეხობა­
შედიოდა. მოგწონდათ პარტიაში ყოფნა?

- მე ჩემი ოჯახი და ცოლი მომწონდა, ბაბუა, მარა სადაც საჭირო იყო, მეც იქ ვიყავი! ბოლშევიკობის შემოსვლისას, ასე, 8-9 წლის ვიყავი. მამაჩემმა მთელი ჩვენი ცხვარ-ძროხა კოლექტივს რომ მიუყვანა - ნებით თუ არ მივცემ, ძალით გარეკავენო, მეც ამ ცხვარ-ძროხას გავყევი უკან და კოლექტივის მთებში, ფერმაში ვმუშაობდი. ამ მთებში გევიცანი ჩემი ზექიე. რომ დავქორწინდებოდით, მაგი მაშინათვე ვიცოდი, როგორც კი გევიცანი.

- აჭარაში ჩვილობიდან დანიშვნის წესი არსებობდა - მშობლები­ წინასწარ შეიგულებდნენ კარგ ოჯახს და შვილს იმ ოჯახის პატარაზე დანიშნავდნენ.

- მასეც კი იყო, მარა, მე და ზექიემ თავად გავიცანით ერთმანეთი. ეგ ამბავი არავისთვის გვიკითხავს. კაი დიდი ქორწილი გვქონდა 1941 წლის მაისში. არც იმის მერე ვეკითხებოდით არავის ჩვენი ბედის ამბავს და კი დავზარდეთ 8 შვილი - 7 ქალი და ერთი ვაჟი.

- წარმომიდგენია, რა ლამაზი იქნებოდა თქვენთვის მაისის ეს დილა, მაგრამ მალე მეორე მსოფლიო ომი დაიწყო და ალბათ, ყველაფერი ჩაგიმწარათ.

- მარტო ომის დროს კი არა, კაი დიდხანს გაგვიმწარდა ცხოვრება. შვილების ტანსაცმელი გვიჭირდა, თორემ სასმელ-საჭმელს ჩვენი შრომა არ გამოგვილევდა. მარა ამიზა გვყავდა ცხვარი. გამთენიამდე ქსოვდა ზექიე შარვლებს და კაბებს. მერე გოგოებმაც ისწავლეს ქსოვა, შიშვლად არ დავრჩენილვართ არც ერთი. ისე, ნამეტანი ძნელი დასათვლელი კია, რამდენი კაბა-შარვალი მოქსოვილა ჩვენს ჭერზე.

- სხვა საქმეებიც არ გამოგელეოდათ 10-სულიან ოჯახში.

- მერე, შრომა გლახა რითია?! მაშინ რომ ისწავლენ შრომა ჩემმა შვილებმა, დღეს იმიტომ აქვთ სავსე ოჯახები. ასი კაცი რომ შეიყვანო უცბათ მათ სახლში, თვალს არ დახუჭავენ, საქორწილო სტოლს ისე გაშლიან! გლახა ამბავი ის იქნებოდა, ზარმაცი შვილები დამეზარდა, იმათ კიდევ - ზარმაცი შვილთაშვილი.

- მაინც ძნელია რვა შვილის გაზრდა, ბევრი საფიქრალი და დარდია...

- თუ ჩხუბზე მელაპარაკები, ბაბუა, ერთი დღე რომაა, მე და ზექიეს ისიც არ გვიჩხუბია, სულ შეთანხმებული ვიყავით.

- ეს როგორ შეძელით?

- გასწავლო, გინდა?! შენ რომ შინ მიდიხარ, მას რომ უხარია, მას რომ დარდი აქვს და შენ ჩამოართმევ, იმ ადამიანთან ვერ გაიყოფი!

- ეგ სიყვარულია.

- კი, ჩემო ბატონო, რაც გინდა, მაგი დაარქვი.

- ახლა როგორ ხართ ერთმანეთთან თქვენ და ზექიე, რაზე საუბრობთ ხოლმე?

- შვილებზე და შვილიშვილებზე. ამაზე უკეთესზე რაზე ვისაუბროთ! ჩვენ ვჯდანვართ და ისინი გვიტრიალებენ - რა გინდათ, რას ინატრებთო!…

- ბედნიერი ხალხი ხართ, ცა და ქვეყანა თქვენია. ისე, 162-ივე შთამომავალი რომ მოვიდეს სტუმრად, სახლში ვერ დაატევთ.

- რატომ ვერ დავატევთ, თუ გული გულობს? მაგრამ ყველას ერთად სტუმრობა მაინც არ გამოდის - ყველანი თავის საქმეზე არიან მიბმულები. მარა ცალ-ცალკე ხომ მოდიან! ჩემი გოგოები სულ დატვირთულები მესტუმრებიან ხოლმე. სანამ დედ-მამა ცოცხალი ჰყავს, კაცი ბედნიერია და ამ ბედნიერებას რაფერ მიიკლებენ?! მერე კიდე, ერთი კეკალი ძმა ჰყავთ, ჩემი იასონი და იმას რაფერ არ ნახავენ. შარშან ჩემმა იასონმა მთელი ჩვენი სახლობა, მთელი ჩვენი ნამრავლი მოიპატიჟა. იმფერი ლხინი გამართა, ცა და დედამიწა შემოგვნატროდა. მარტოღა ის ორი ტყუპი შვილთაშვილი გვაკლდა, რომლებიც მაგის მერე დეიბადნენ ბათუმში. მაგენი ექვსი თვის არიან.

- სასწაულ სიმღერებს დააგუგუნებდით. ქედაში ამბობენ, რომ თვენს ოჯახში ყველა მღერის, თქვენ კი მათ შორის საუკეთესო ხართ.

- ასე გითხრენ? კი, ბაბაია, ვმღერი. ღმერთმა სასიმღერო მომცა და რაფერ არ ვიმღერო! მშვიდობა და ჯანმრთელობა იყოს ქვეყანაზე და იმფერს ვიმღერებ, ზეცაში გაფრინდეს! ჩემი მადლობაც ეგ იქნება წუთისოფლისთვის!

ეთერ ერაძე
თინა ძიძიგური
25 თებერვალი 2018 20:10
უსაყვარლესი ხალხი, გულში ჩასაკრავი!
mixo
25 თებერვალი 2018 17:04
სიხარული და ბედნიერება ნუ მოგიშალოთ ღმერთმა! სამაგალითო ხალხი ხართ!ასე უნდა იცხოვროს ყველა ქართველმა!
rolandi
24 თებერვალი 2018 15:18
იხაროს შენმა ჯიშმა კიდევ მეტად გამრავლდეს ,სასიამოვნოდ მოსაუბრე მოხუცო.

რედაქტორის რჩევით