"მხატვრობა ჩემი მდგომარეობაა" - კვირის პალიტრა

"მხატვრობა ჩემი მდგომარეობაა"

ირაკლი მექვაბიშვილი: "ტრადიციული ფერწერა ღრმადაა ჩემში ფესვგადგმული, მაგრამ ძველს გაახლება სჭირდება"

ვინც კარგად იცნობს, ასე ახასიათებს: ფაქიზი სულის ადამიანი, უპრეტენზიო, კეთილგანწყობილი, ის კი, ვინც მის შემოქმედებზე საუბრობს, თვლის, რომ ამ ფერმწერისა და გრაფიკოსის ნამუშევრები აუცილებლად უნდა ნახო, რადგან მისი ფერთა გამა და ტილოებიდან დაღვრილი ემოცია საოცარ იმპულსებს გმატებს. მისი კომპოზიციები თუ პორტრეტი, ზეთში თუ აკრილში სხვადასხვა კოლექციონერის კოლექციებში ინახება. ცხოვრების დიდი ნაწილი რომში გაატარა. ეს ის ქალაქია, სადაც 18 წლის წინ სასწავლებლად ჩავიდა, ახლა კი მისი სახლია.

მხატვარ ირაკლი მექვაბიშვილის ამბავი შორიდან მაცქერალისთვის ახდენილ ოცნებას ჰგავს. აბა, წარმოიდგინეთ, თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი, რომელიც იტალიურმა მხატვრობამ, ენის ჟღერადობამ მოხიბლა და ოცნების გააზრებაც ვერ მოასწრო, რომ იტალიაში წასვლის შესაძლებლობა მიეცა.

- მოულოდნელად გაჩნდა შანსი, რომ იტალიური ენა ამ ქვეყნის დედაქალაქში შემესწავლა. აღარ მიფიქრია, სამხატვრო აკადემიის კარი გამოვიხურე და წავედი. რომმა ყველაფერი დამავიწყა, თან ვგეგმავდი, რომ სწავლას აქვე გავაგრძელებდი.

- იტალიაში ერთხელ ჩასვლას ყველა მხატვარი ლამობს.

- რა თქმა უნდა! არქიტექტურა, ჰავა, ლაღი ადამიანები... აკადემიის შენობა, სადაც ენის შესწავლა დავიწყე, ქალაქის ცენტრში, პიაცა დელ პოპოლოსთან იდგა. გათენება მიხაროდა. სახლიდან გამოვდიოდი, მუზეუმის მსგავს მოედანს ვკვეთდი აკადემიაში მისასვლელად, სადაც საოცრად კეთილხმოვან სიტყვებს ვსწავლობდი. შემდეგ დაცალკევებული სიტყვები გაერთიანდნენ და ამ ენაზე ფიქრიც ვისწავლე. ჩაბნელებული თბილისიდან აქ გამოღვიძება მიყუჩებდა მეგობრების, ოჯახის მონატრებას.

- მხატვრობას პროფესიად არ თვლით, ამბობთ, რომ სხვა საქმიანობით ცხოვრობთ.

- მიუხედავად იმისა, რომ რომის სამხატვრო აკადემია დავასრულე, მხატვრობას პროფესიად ვერ ვთვლი. მხატვრობა ჩემი მდგომარეობაა. არ მახსოვს, როდის ავიღე ფუნჯი პირველად ხელში და რაღაც დავჯღაბნე - სწავლა და შრომა დამჭირდა ნიჭის გადმოსაცემად, რომელიც მამაჩემისგან, მხატვარ იურა მექვაბიშვილისგან გადმომეცა... მაგრამ ეს წვრილმანებია. როდესაც მეკითხებიან, "თქვენ მხატვარი ხართ?" ვეუბნები, დიახ, რადგან ეს ჩემი მდგომარეობაა, მაგრამ მერე ვიწყებ ახსნას, რომ ვატიკანში გიდად ვმუშაობ. რომის აკადემიაში სრულიად ახალ ტექნიკას დავეუფლე. შემდეგ, ამ სპეციალობით ვერ შევძელი მუშაობის გაგრძელება, რადგან ეს დიდი პრობლემა იყო ემიგრანტისთვის.

- როგორ შეგიშალათ ხელი ემიგრანტის სტატუსმა?

- სამუშაო ვიზა არ მქონდა და რაკი ვატიკანში სამუშაო კონტრაქტი დამიდეს, სტუდენტის ვიზა სამუშაო ვიზაზე გადავიტანე და მუშაობა დავიწყე. ახლა მაქვს შესაძლებლობა, სხვა სამსახური ვიშოვო, მაგრამ ვერ ველევი ვატიკანს.

- ძალიან იოლად დავხატეთ თქვენი ემიგრანტული ცხოვრება. რეალურად როგორია ემიგრანტის ბედი?

- გააჩნია, ვინ არის და რა მიზნით ჩავიდა უცხო ქვეყანაში. მე ბედნიერი და ლამაზი სტუდენტური ცხოვრება მქონდა, რის შემდეგაც ცოტა პრობლემური აღმოჩნდა თავის დამკვიდრება. ამას წლები და ბევრი ენერგია დასჭირდა.

- ვიცი, რომ იმ მწერლებს ჰგავხართ, რომლებიც წერენ და შემდეგ უჯრაში კეტავენ ნაწერებს.

- დრო არ მყოფნის, ამის გამომზეურებაზე რომ ვიფიქრო. ხატვის დროც ნაკლებად მაქვს, არადა, მუზის "წესი" ასეთია - თუ არ მიჰყევი მის ნებას, უკვალოდ ქრება, უბრალოდ, გავიწყდება, რა ჩანაფიქრი გქონდა.

- თქვენს ნახატებს შევამჩნიე, რომ ეს ძველი, ტრადიციული და თანამედროვე, ზეთში შესრულებული ფერწერის ნარევია.

- ტრადიციული ფერწერა ღრმადაა ჩემში ფესვგადგმული, მაგრამ ძველს გაახლება სჭირდება. გამოსახულება, რომელსაც ვხატავ, ფრაგმენტული ფერწერაა, კოლაჟის ტექნიკა, რომელიც მეხმარება შევარბილო ტრადიციული მეთოდები. ეს თეატრალიზებული სურათებია და შეიძლება მნახველმა როგორც ფილმის შეჩერებული კადრი, ისე აღიქვას.

- როგორ გპოულობენ თქვენი ნახატებით კოლექციის შევსების მსურველები?

- თავისით. უფრო ხშირად შეკვეთებზე ვმუშაობ. დიდი ტილოები უნდათ, ინტერიერისთვის, მოზაიკასავით აწყობილი.

- ყველაზე საინტერესო რომელ კოლექციონერთან აღმოჩნდა ურთიერთობა?

- ქეთევან ბატონიშვილთან, რომლის საკუთრებაც ახლა ჩემი რამდენიმე პორტრეტია და ჩვენი თანამშრომლობა ერთჯერადი არ აღმოჩნდა. სხვებიც ასე იქცევიან, ვინც ერთხელ იყიდის ჩემს ტილოს, აუცილებლად ბრუნდება.

- საქართველოში არასდროს მიგიღიათ მონაწილეობა გამოფენებში?

- თბილისში მხოლოდ ახლობლების ნახვას ვახერხებ. სამსახური თავისუფლებას არ მაძლევს. ისე არ გაიგოთ, რომ საქართველოდან შემოთავაზებაზე უარს ვიტყვი, მაგრამ ჯერჯერობით საქართველოში ყველა საკუთარი პრობლემების მოგვარებით არის დაკავებული, ამიტომაც არავინ დაეძებს მათთვის უცხო მხატვარს, მიუხედავად იმისა, რომ მამას გამო არც ისე უცნობი ვარ ჩვენი წრისთვის.

- ამჟამად სტოკჰოლმში ხართ.

- აქ დიდ პროექტზე ვმუშაობ. ის ნახატები, რასაც აქ ვქმნი, სტოკჰოლმში დარჩება და ერთ-ერთ დიდ გალერეაში გამოიფინება. ესეც უზარმაზარი ტილოებია. აქ მუშაობის შესაძლებლობა ჩემმა ახლობელმა ოჯახმა მომცა. ჩემს მასპინძელს ურჩევნია ისე მომიწყოს შემოქმედებითი მივლინებები, რომ თავისი ღვაწლი არ აღნიშნოს, ამიტომ არ გიმხელთ მის ვინაობას, არადა, ძალიან მეხმარება, ყველა საზრუნავისგან თავისუფალი ვარ, მაქვს დიდი სივრცე სახატავად და დიდი მხარდაჭერა.

დეა ცუცქირიძე