უნდა აიკრძალოს თუ არა სკოლაში მობილური ტელეფონი?! - კვირის პალიტრა

უნდა აიკრძალოს თუ არა სკოლაში მობილური ტელეფონი?!

საფრანგეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომავალი სასწავლო წლიდან საფრანგეთის სკოლებში მობილურით სარგებლობა აიკრძალება. ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში პოლიტიკის ისტორიკოსმა, პედაგოგმა და ლექტორმა გრიგოლ გეგელიამ გაავრცელა. უნდა ავკრძალოთ თუ არა მობილური ტელეფონები ქართულ სკოლებშიც? ამ კითხვაზე ერთი პასუხი არ არსებობს. მასზე მსჯელობისას ყველა მხარეს თავისი არგუმენტი აქვს.

გრიგოლ გეგელია: - საფრანგეთის სკოლებში მობილურით სარგებლობის აკრძალვის ერთ-ერთი არგუმენტი ის იყო, რომ დასვენების დროს ბავშვები აღარ ეთამაშებიან ერთმანეთს, აღარ განიცდიან სოციალიზაციას. ხშირად ადამიანები ერთსა და იმავე სივრცეში არიან, თუმცა ერთმანეთთან კომუნიკაცია მობილურით, ინტერნეტის საშუალებით აქვთ. ქართულ სინამდვილეშიც სასკოლო პროცესის მსვლელობისას მობილურების გამოყენების განსაზღვრული ფორმით აკრძალვა სწორი იქნება. ზოგის აზრით, საჭიროა მობილური ტელეფონის შენარჩუნება სკოლებში იმ მიზნით, რომ გაკვეთილების მომზადებისას რაღაც მასალები მონახონ ბავშვებმა. ამაში არის სიმართლის მარცვალი, მაგრამ, ვფიქრობ, ბევრად დიდია მიდრეკილება ტელეფონის არასწორად გამოყენებისკენ, ვიდრე პირიქით. ბავშვი მობილურს იყენებს იმისთვის, რომ გაკვეთილის დროს გაერთოს. ჩემი აზრით, მობილური ტელეფონი ბულინგსაც უწყობს ხელს. ისეთი ბანალური მიზეზიც კი, როგორიცაა, მაგალითად, ტელეფონის მოდელი, შეიძლება აბუჩად აგდების, უთანასწორობის განცდის საბაბი გახდეს.

გიორგი გახელაძე, განათლების ექსპერტი: - ზოგიერთი კვლევით დადასტურებულია, რომ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტსივრცეში მოზარდების მიერ გატარებული ჭარბი დრო ცუდად აისახება მათ ფსიქიკურ მდგომარეობასა და სოციალიზაციაზე. მეორე მხრივ, სკოლა, მასწავლებლები მას საგანმანათლებლო დანიშნულებით იყენებენ. არსებობს საგანმანათლებლო რესურსები აპლიკაციის სახით, რომელიც შესაძლოა ინსტალირებულ იქნეს ტელეფონში სასწავლო მიზნებისთვის. 21-ე საუკუნეში უფრო და უფრო მეტ აღიარებას პოვებს მოსწავლეთა შორის ციფრული წიგნიერების განვითარება.

ჩვენი სკოლების სამასწავლებლო კორპუსი ნაკლებად არის მზად იმისათვის, რომ სწავლის ასეთი ტექნიკა გამოიყენოს. კომპიუტერულ და ციფრულ ტექნიკასთან მწყრალად მყოფ ქართულ სამასწავლებლოში მობილური ტელეფონი აშკარად ხელის შემშლელია და მოსწავლეს არა აქვს არც მოტივაცია და არც მაგალითი იმისა, რომ სოციალურ ქსელებში საჭორაოდ კი არა, სასწავლო დანიშნულებით გამოიყენოს ეს ნივთი.

ხშირად მობილურის აკრძალვის მოწინააღმდეგენი ასეთ არგუმენტსაც იშველიებენ - წიგნები მძიმეა და ბევრი ამჯობინებს, იმ გვერდის ფოტო გამოიყენოს და წაიღოს სკოლაში, რომელიც ჩასაბარებელი აქვს მოსწავლესო. ეს თანამედროვე ტექნიკის პრიმიტიული გამოყენებაა. სინამდვილეში უფრო ეფექტიანად შეიძლება ელექტრონული ინფორმაციის გამოყენება, რაც თანამედროვე მოსწავლეებისთვის სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს გახდის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამისათვის შესაფერისი სამასწავლებლო კორპუსი უნდა გვყავდეს. აკრძალვები საქმეს არ შველის. მომხრე ვარ, რომ ქართულ სინამდვილეში კი არ აიკრძალოს, არამედ მეტი ისეთი მასწავლებელი გვყავდეს, რომლებიც ამას შეხედავენ როგორც სასარგებლო რესურსს და ეცოდინებათ მისი გამოყენება.

პ. ს. თავის დროზე, ხმოვანი კინო რომ შემოდიოდა, ჩარლი ჩაპლინი ეჭვით უყურებდა, თუმცა მოგვიანებით ჩაპლინმა ხმოვან კინოშიც დაიმკვიდრა ადგილი. იმედია, ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში სწორედ ასეთ ასახვას პოვებს მობილურები, პლანშეტები და თანამედროვე ტექნოლოგიები - ციფრული სახელმძღვანელოები.

"მობილურების გამოყენება მხოლოდ შესვენებაზეა ნებადართული"

კარინა ბერძენიშვილი, 81-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი: - წლებია, ჩვენს სკოლაში გაკვეთილზე მობილურის გამოყენება აკრძალულია. მშობლებიც და მოსწავლეებიც დაეთანხმნენ ამ შიდაგანაწესს. თუ გაკვეთილზე ბავშვი გამოიყენებს მობილურს, მასწავლებელს უფლება აქვს, ჩამოართვას და ჩააბაროს მანდატურს. შემდეგ გამოვიძახებთ მშობელს, იწერება აქტი, მშობელს გადავცემთ მობილურ ტელეფონს და ვაფრთხილებთ. არ იქნება სწორი გადაწყვეტილება, რომ მოსწავლემ საერთოდ არ ატაროს მობილური ტელეფონი სკოლაში, იმიტომ, რომ მშობელს ყოველთვის აქვს უფლება დაუკავშირდეს შვილს. ის უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ბავშვი უსაფრთხოდაა. მობილურების გამოყენება მხოლოდ შესვენებაზეა ნებადართული.

ეკა სალაღაია