საწამლავით შენელებული პროდუქტები
საწამლავით შენელებული პროდუქტები
"ბაზარზე მხოლოდ ადგილობრივი წარმოების სანელებლები არ იყიდება, ბევრი ნედლი სახით საზღვარგარეთიდანაც შემოდის, მერე აქ ფქვავენ, აფასოებენ და ასე შემდეგ... საკვირველია, მაგრამ იმპორტირებულ სანელებლებს საბაჟოზე არ ამოწმებენ. უნდა აიკრძალოს უეტიკეტო ან შეუფუთავი სანელებლების გაყიდვა. შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები, შემადგენლობა, ვადა..."

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქტის წარმოებისა და რეალიზაციის კიდევ ერთი ფაქტი - ნავთლუღის ტერიტორიაზე არსებული ერთ-ერთი­ საწარმოდან ამოღებულ სანელებლებში ლაბორატორიულმა კვლევამ ტყვიისა და
საღებავ "სუდან 1"-ის შემცველობა დაადგინა. ეს ნივთიერებები ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანოდ და სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებლად არის მიჩნეული. ასევე დადგინდა, რომ სუნელების დასამზადებლად თივასაც იყენებდნენ. აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაკავებულია ერთი პირი. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 3-დან 5 წლამდე პატიმრობას
ითვალისწინებს.

სად უნდა ვიყიდოთ ან როგორ უნდა შევარჩიოთ საღი საკვები პროდუქტი? - გვესაუბრება სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი ვახტანგ­ კობალაძე:

- სანელებლებში ტყვიის გადაჭარბებული რაოდენობის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ეს პრობლემა­ სხვა პროდუქციასაც შეეხება.
სურსათის ეროვნული სააგენტოდან გამოვითხოვეთ ტყვიისშემცველობიანი პროდუქტების გამოვლენის ფაქტებზე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ 2013-2017 წლებში 64 ასეთი შემთხვევა დაფიქსირებულა - უმრავლესობა ადგილობრივი წარმოების საქონლის ხორცში. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შემთხვევების უმრავლესობაში დაბინძურების წყაროების აღმოჩენა ვერ მო­ხერხდა - ვერ ვიგებთ, რისგან ბინძურდება ტყვიით პროდუქტი. ბაზარზე მხოლოდ ადგილობრივი წარ­­მოების სანელებლები არ იყიდება, ბევრი ნედლი სახით საზღვარგარეთიდანაც­ შემოდის. მერე აქ ფქვავენ, აფასოებენ... საკვირველია, მაგრამ იმპორტირებულ სანელებლებს საბაჟოზე არ ამოწმებენ.

- არც ხორცს ამოწმებენ საზღვარზე?

- ცხოველური წარმოშობის პროდუქტზე საბაჟოზე გამკაცრებულია მოთხოვ­ნები. რაც შეეხება მცენარეულ პროდუქტს და მათ შორის სანელებლებს, მათი შემოწმება წელს უნდა დაწყებულიყო. გენმოდიფიცირებულობის გარდა, ყველა დანარჩენ საფრთხეზე მცენარეულ პროდუქტს არ ამოწმებდნენ. გასულ წელს, სანელებლების სკანდალის შემდეგ, შეიმუშავეს ნორმატიული აქტები, დადეს ხელშეკრულება ლაბორატორიასთან და შემოდგომიდან დაიწყეს სანელებლების შემოწმება... უნდა აიკრძალოს უეტიკეტო ან შეუფუთავი სანელებლების გაყიდვა. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას მხოლოდ მაშინ, როცა მომხმარებლის თვალწინ დაფქვავენ სანელებელს. შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის შესახებ ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები, შემადგენლობა, ვადა...
მომხმარებელს ვურჩევ, ნუ იყიდის დაუფასოებელ და უეტიკეტო სანელებელს. ასე რისკი ბევრად მცირდება.

- ცოტა ადრე ქართულ ბაზარზე უხარისხო ყველის გამოც იყო სკანდალი.

- დიახ, ერთ-ერთმა კვლევითმა ორგანიზაციამ შეამოწმა იმერული ყველის ნიმ­უშები და აღმოჩნდა, რომ თითქმის ყველა ან დაბინძურებული იყო, ან მცენარეული ცხიმით დამზადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს პროდუქტი ყველად არ შეიძლება ჩაითვალოს. ძალიან ბევრი პროდუქტი, რომელიც სარეალიზაციოდ არის გამოტანილი, ყველს ჰგავს, სინამდვილეში კი არ არის ყველი.
თუკი გასაყიდად გამოტანილი პროდუქტი არ არის ეტიკეტირებული და არ აწერია, რომ მართლაც ყველია, დიდია ალბათობა, რომ სხვა პროდუქტს ყიდულობთ.

- თუკი ბაზარში გლეხისგან ვყიდულობთ პროდუქტს, როგორ დავიზღვიოთ თავი?

- ბაზარში ნებისმიერი გამყიდველი ვალდებულია თან ჰქონდეს საბუთი იმ პროდუქტის შესახებ, რომელსაც ყიდის.
საბუთში უნდა ეწეროს, რომ პროდუქტი მართლაც ყველია და არა მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტი, ყველს რომ ჰგავს.
მცენარეული ცხიმით დამზადებული პროდუქტის გამყიდველი კანონს არ არღვევს, თუ დოკუმენტში უწერია, რომ ყიდის სხვა დასახელების პროდუქტს და არა ყველს.

- დღეს ყველის ფასი ბევრად გაზრდი­ლია­ და გაცილებით აღემატება ხორცპროდ­უქტისას. ფასში ამხელა სხვაობა ბევრ კით­ხვას აჩენს. დაინტერესდა ვინმე ხორცპ­რ­ოდუქტების შემადგენლობით? რატომ არის ხშ­ირად 1 კგ ძეხვი ან სოსისი იმავე წონის დაუმუშავებელ ხორცზე ბევრად იაფი?

- ძეხვში რაც დევს, ეტიკეტზე აწერია, რომლის კითხვაც მომხმარებელს არ უყვარს, არადა, თუ წაიკითხავს, ბევრ საინტერესო რაღაცას გაიგებს და შეიძლება სულ აღარ მოუნდეს ყიდვა.

- მსმენია, რომ მწარ­მოებლები არ არღვევენ კანონს, თუ პროდუქტში ხორცის შემადგენლობა 3%-ია. ეს სიმართლეა?

- არ არის დადგენილი, რა შემადგენლობის პროდუქტს შეიძლება ერქვას სოსისი ან ძეხვი. თავისუფლად შეიძლება­ 3% ხორცს შეიცავდეს, ან არც მაგდენს - ანუ ნებისმიერი შემადგენლობის პროდუქტს შეგვიძლია დავარქვათ სოსისი თუ ძეხვი. ასე იყო რძის პროდუქტებზეც, სანამ რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი არ მიიღეს. მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა ვალდებულება, რომ ესა თუ ის დასახელების პროდუქტი რძისგან იყოს წარმოებული, თორემ მანამდე მცენარეულ ცხიმს მშვენივრად იყენებდნენ წარმოებაში და შედეგად სპრედს ერქვა კარაქი, არაჟნისმაგვარს - არაჟანი და ასე შემდეგ.

- რა არის საჭირო იმისთვის, რომ ბაზარზე უმსგავსობები აილაგმოს?

- სურსათის უვნებლობის სფეროში მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის რეფორმები უნდა დაჩქარდეს. მომხმარებელიც უნდა გააქტიურდეს და სახელმწიფოს მოსთხოვოს რეფორმების დაჩქარება. მანამდე კი ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად ივაჭროთ საეჭვო ადგილებში, სადაც თვალსაჩინოა, რომ ჰიგიენური ნორმები დაუცველია.
როდესაც დარღვევას შეამჩნევთ,­ სურსათის ეროვნულ სააგენტოს მიმ­ართეთ, ისინი ოპერატიულად რეაგირებენ. საჭიროა აქტიურობა, თორემ სახელმწიფო და ბიზნესი დიდად არ გაირჯებიან მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის.

ქართული სანელებლების ამერიკული სკანდალი


2017 წელს, ზაფხულში, ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ტყვიის საგანგაშო დოზა აღმოჩნდა საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან აშშ-ში გაგზავნილ სუნელებში.
"ჩვენ ვაგრძელებთ ნიუ-იორკში ტყვიით მოწამვლის შემთხვევების იდენტიფიცირებას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ნაყიდი, ან საქართველოდან გამოგზავნილი სუნელების მოხმარებასთან. რეკომენდაციას ვაძლევთ ადამიანებს, რომ სუნელები შეიძინონ ნიუ-იორკის ადგილობრივ მაღაზიებში. ჩვენი კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნაყიდ, ან საქართველოდან გამოგზავნილ სუნელებში უფრო მეტად არის ტყვიის მაღალი შემცველობა, ვიდრე აშშ-ის მაღაზიებში ნაყიდ სუნელებში"- განაცხადეს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტში.
მოგვიანებით საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა­ განაცხადა: "სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ ქართული სუნელების საიმედოობასთან დაკავშირებული საკითხი ბოლომდე შესწავლილია სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ქართულ პროდუქციაში მძიმე მეტალების რაოდენობა არის დასაშვებ ნორმებში. შესაბამისად, ქართული პროდუქტი საიმედო და სანდოა".

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები