"მზის დაბრუნება" ფშავში - კვირის პალიტრა

"მზის დაბრუნება" ფშავში

"შუაფხოში მზე თებერვლის დასაწყისში ბრუნდება, კაწალხევში კი ყველაზე გვიან"

გაგიგიათ მზის დაკარგვა? არადა, მზე მართლა იკარგება და მერე ისევ უკან ბრუნდება!…სადმე პოლარეთში კი არა, აგერ უკანა ფშავში, სადაც ცაზე თვეობით არ გამოჩნდება ხოლმე და როდის-როდის ბრუნდება უკან.

ნოემბრის ბოლოდან გაზაფხულამდე, მზეს მთების მწვერვალები აეფარებიან და ხეობის ცისკენ არ აჭაჭანებენ. ათადან-ბაბადან ასეთ დროს ცას აჰყურებენ ჯოხდაბჯენილი ფშაველი მოხუცები, არადა, მშვენივრად იციან, რომ ცაზე მზის ბურთი გაზაფხულამდე ვეღარ შემოგორდება. სამაგიეროდ, როცა შემოგორდება, იცოცხლე, მოხუცებსაც დაათბობს და ბუნებასაც.

ამ პროცესს ფშავში "მზის დაბრუნება" ჰქვია, რაც, ფაქტობრივად, სიცოცხლის დაბრუნებასაც ნიშნავს, ირგვლივ ყველაფერი ხარობს. ამ სიხარულს მუქოელი შოთა წითელაურიც ხშირად შესწრებია. ბატონი შოთა უკანა ფშავის 12 სოფლის რწმუნებულია და იმ სოფლებშიც ხშირად ყოფილა, სადაც მზე იკარგება.…

- ბატონო შოთა, ბევრმა არ იცის, რომ თურმე უკანა ფშავის სოფლების ცაზე მზე დაახლოებით 3 თვე არ ჩანს. რა ხდება ამ დროს, სულ ღრუბლიანი დღეებია?

- ღრუბლიანი რატომ? მზე მთების უკანა მხრიდან მაინც ამოანათებს ხოლმე. ეგ არის, ზოგიერთი სოფლის ცაზე (მაგალითად, შუაფხო, თხილიანი, კაწალხევი), რომლებიც ვიწრო ხეობაშია, Mმზე რომ ხეობას მოადგება, წინ მთების მწვერვალები აეფარება და ისიც მათ სიმაღლეს ვეღარ სძალავს, ვეღარ გადმოდის სოფლებში.…

- ალბათ, ზამთრის მზე სუსტია და იმიტომ.

- შეიძლება ასეც იყოს, ეგ კი ცხადია, რომ მზე ჩვენამდე ვეღარ მოდის. ასე ყოფილა უხსოვარი დროიდან და ასე იქნება მომავალშიც. ამ დროს შეიძლება ცა სულაც არ იყოს ღრუბლიანი და ფირუზივითაც გადაიწმინდოს, მაგრამ რადგანაც იქ მზე არ არის, მაინც თითქოს ცივად იმზირება.

- ვინ იცის, აქაურებს ამ დროს მზე როგორ ენატრებათ.

- განა მზის სხივის გარეშე ან ადამიანი რა ვართ, ან დედამიწა რაა?!

თავად მუქოელი ვარ, მაგრამ როცა იმ სოფლებში ავდივარ, ხშირად მეც ცას ავცქერი მზის მოლოდინში - გულს და სხეულს აკლია მისი სითბო. ამ სოფლებში თოვლიც ნელი-ნელ დნება. სამაგიეროდ, როცა მზე ბრუნდება, ირგვლიც ისეთი სილამაზეა, თვალი უკეთესს ვერაფერს ნახავს. ამ დროს, სანამ სხეული გათბებოდეს, გული თბება.…ეგ ისეთი სილამაზეა, ფშაველი კი ვარ, სიტყვა არ მიჭირს, მაგრამ მაგ სურათის შესაფერისს მაინც ვერაფერს ვიტყვი.…

- მზე ამ სოფლებში ერთდროულად მობრუნდება ხოლმე?

- შუაფხოში მზე თებერვლის დასაწყისში ბრუნდება, კაწალხევში კი ყველაზე გვიან. სტუმრის კაფიაც კი შემოინახეს კაწალხეველებმა ამაზე: "თუ ეს არის კაწალხევი, დავწვი ამის ადგილობა, არ იციან მზის ამოსვლა და არც კიდევ სადილობა".

- ეგ რატომ, კაწალხეველები მზის ამოუსვლელობით სარგებლობდნენ და სტუმარს საჭმელს შუადღემდე არ აჭმევდნენ, ჯერ არ გათენებულაო?

- ფშავში სტუმრის შიმშილი ვინ თქვა, მაგრამ არც უკაფიობა იქნებოდა. ჰოდა, სტუმარმაც ეგ დაწერა, რა ენაღვლებოდა! მთავარი ის არის, რომ Gმზე განა სამუდამოდ გვტოვებს, კვლავ გვიბრუნდება!

ღმერთმა არ მოუშალოს მზე და სინათლის ცქერა ფშავს. როგორიც ვართ, ის ვართ, მზე თუ ცოტა ხანს გვტოვებს, სამაგიეროდ, გულები გვაქვს თბილი.

ეთერ ერაძე