ვინ არის ქართველი მსახიობი რომელმაც ჰოლივუდის ხეივანში ვარსკვლავის გახსნაზე უარი თქვა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი მსახიობი რომელმაც ჰოლივუდის ხეივანში ვარსკვლავის გახსნაზე უარი თქვა

ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის ქალაქ ლოს-ანჯელესში პირველად გათამაშდა ე.წ. ბედის ლატარია, რომელსაც "ჰოლივუდის ბილიკი" ჰქვია. ის ქართველმა მსახიობმა გიორგი დარჩიაშვილმა მოიგო და უკვე მოასწრო კიდეც მასზე უარის თქმა. მსახიობი 20 წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საკმაოდ რთული გზაც გაუვლია მარტოობასა და უცხოობაში. რა თქმა უნდა, დიდი ტკივილი ახლავს საკუთარი სამშობლოდან შორს ყოფნას და ამიტომაც, ცოტა სევდიანი გამოვიდა ჩვენი საუბარი. თვითონ საკუთარ ცხოვრებას კომედიას ადარებს, ოღონდ ისეთს, ცრემლები რომ წამოგივათ...

- ბატონო გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ უარი თქვით ამ ვარსკვლავზე, მაინც უნდა მოგილოცოთ, იღბლიანი ყოფილხართ...

- იღბლიანი ვარ, ერთი ჩემი ახლობელი "ყისმათას" მეძახდა ბავშვობაში. ყველაფერი შემთხვევით მოხდა - იმ დღეს თავისუფალი დღე მქონდა და ვარსკვლავების ხეივანში გასეირნება გადავწყვიტე. დავინახე, ბულვარზე ბევრი ხალხი იყო. ვიკითხე, რა ხდებოდა და მითხრეს, რომ 50 დოლარად შემეძლო ბილეთის ყიდვა. თავიდან ხუმრობად ჩავთვალე, თუმცა მაინც ვიყიდე ეს ბილეთი. თურმე 7 თვის განმავლობაში 8.000 ბილეთი გაყიდულა და პირველი გამარჯვებული მე აღმოვჩნდი. ლატარიის გამარჯვებულს ფესტივალის წინ "ვარსკვლავების ხეივანში" უხსნიან ვარსკვლავს. ჩემი გვარი ვარსკვლავზე ბოლომდე არ დაეტია და შეამოკლეს - Giorgi Darchi დააწერეს. უნდა ჩატარდეს დახურვის ცერემონიალი, სადაც უჩვენებენ გადაღებულ მასალას, თუ როგორ მოხდა გათამაშება და ა.შ. მაგრამ როგორც უკვე იცით, უარი ვთქვი. მის შენახვაში 3 წლის მანძილზე ყოველთვიურად, საკმაოდ სოლიდური თანხა - 2.000 დოლარი უნდა ვიხადო, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდხანს ვერ დავბრუნდები საქართველოში. რაში მჭირდება?! ჩემი ვარსკვლავი ჩემი სამშობლოა!

- ბატონო გიორგი, მომიყევით სტუდენტობაზე, თქვენ მიერ შესრულებულ როლებზე, ოჯახზე...

- მსახიობობა ჩემი ბავშვობის დროინდელი ოცნება იყო... დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ერთმა ამბავმა, რომელიც დღემდე არავისთვის მომიყოლია. 3-4 წლის ვიყავი, მშობლებმა სოფელში წამიყვანეს ნათესავის გასვენებაში და იქ ვუყურე, დასაფლავებისას როგორ გაუწყდათ თოკი და მიცვალებული როგორ გადმოვარდა. საშინელი სანახაობა იყო, ატყდა წივილ-კივილი. მე ამ ყველაფერს ავტობუსიდან ვადევნებდი თვალს და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ან მიწაში რატომ დებდნენ ადამიანს. დიდი სტრესი მივიღე. დედამ მითხრა, ასეა წესი, ღმერთმა წაიყვანაო...

განაგრძეთ კითხვა