"დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით" - კვირის პალიტრა

"დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით"

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ღია წერილით მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და კულტურის მინისტრს. როგორც ჩანადირი აღნიშნავს, მარნეულში, შულავერთან ახლოს მდებარე იმირის გადაჭრილი გორა განადგურების პირასაა.

"ღია წერილი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს!

საქართველოს კულტურის მინისტრს მიხეილ გიორგაძეს!

ბატონო გიორგი, ბატონო მიხეილ,

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა და ეს უძველესი წიპწების აღმოჩენით დასტურდება, რომელთა ასაკი დაახლოებით 8 ათასი წელია (მე-6-5 ათასწლეული).

ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველო ღვინის მწარმოებელი ქვეყანაა.

ჩვენ ვამაყობთ, რომ ბორდოს ღვინის მუზეუმში საქართველომ უმთავრესი ადგილი დაიკავა.

მარნეულში, შულავერთან ახლოს მდებარე იმირის გადაჭრილი გორა ღვინის აკვანია. სწორედ აქ აღმოჩნდა უძველესი წიპწები.

დახედეთ ფოტოებს და დარწმუნდებით, რომ ამ მსოფლიო მნიშვნელობის სიძველეს უპასუხისმგებლოდ ვექცევით.

იქ არათუ მეღვინეობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურაა, ძეგლი ნადგურდება.

ღია ცის ქვეშ არის, არ არის გადახურული. მხოლოდ ჭილოფი ახურავს, რომელიც შეღავათი სულაც არ არის.

მსოფლიო მეღვინეობის ცენტრი მიგდებულია. მისასვლელი გზაც კი არ ვარგა.

მარნეულის გამგეობამ იყოჩაღა და მდინარეს გვერდები რომ არ ჩამოერეცხა, ქვის კედელი ამოუშენა.

ეს საკმარისი არ არის.

მოგმართავთ თხოვნით, რომ მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლი განადგურებას გადაარჩინოთ და ადგილზე შექმნათ ტურისტული და სამეცნიერო-საკვლევი ინფრასტრუქტურა, რათა არქეოლოგიური სამუშაოები გაგრძელდეს.

პატივისცემით გოგა ჩანადირი", - წერს გოგა ჩანადირი. (წყარო)