ჩუტყვავილა 56-ე ბაღის კიდევ ორ აღსაზრდელს დაუდგინდა? - რას ამბობენ პედაგოგები? - კვირის პალიტრა

ჩუტყვავილა 56-ე ბაღის კიდევ ორ აღსაზრდელს დაუდგინდა? - რას ამბობენ პედაგოგები?

თბილისის 56-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი 6 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ჩუტყვავილათი გარდაიცვალა, ბაღში 1-ელი თებერვლის შემდეგ არ ყოფილა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" 56-ე ბაღის თანამშრომლებმა განუცხადეს.

პედაგოგების ცნობით, ოჯახმა ბაღს აცნობა, რომ გოგონას რკინა დეფიციტური პრობლემა ჰქონდა, რაზეც მკურნალობდნენ და ბაღში სიარულს დროებით შეწყვეტდნენ. მათივე ცნობით, შემდეგ გაიგეს, რომ აღსაზრდელს სავარაუდოდ, ჩუტყვავილა დაემართა და გაუმწვავდა.

ბაღის თანამშრომლების ინფორმაციით, ჩუტყვავილას ინფექცია, ბაღის კიდევ 2 აღსაზრდელს დაუფიქსირდა, რომლებიც მკურნალობის შესაბამის კურსს გადიან.

56-ე საბავშვო ბაღი დღეს არ მუშაობს, შენობაში მხოლოდ პედაგოგები იმყოფებიან.

"ბავშვს 1-ელი თებერვლიდან ჩვენთან არ უვლია. სულ სხვა პრობლემა ჰქონდა და შემდეგ სავარაუდოდ, ჩუტყვავილაც დაუფიქსირდა. ბაღში კიდევ 2 კლასში დაფიქსირდა ჩუტყვავილა. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით ჩვენ ვანიავებთ მთლიანად შენობას და ხვალიდან მივიღებთ აღსაზრდელებს ჩვეულ რეჟიმში", - განაცხადეს ბაღის თანამშრომლებმა.

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა.

მინისტრმა მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.

"პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა. რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მისივე თქმით, ჩუტყვავილას აქვს თავისი მერყეობა წლების განმავლობაში, თუმცა რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს მნიშვნელოვნად მომატებულია, ასე ნამდვილად არაა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით