ევროპული კინოს ქართველი ამომავალი ვარსკვლავი, ოჯახური კინოტრადიციით - კვირის პალიტრა

ევროპული კინოს ქართველი ამომავალი ვარსკვლავი, ოჯახური კინოტრადიციით

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ათ მსახიობთან ერთად ევროპელი ამომავალი ვარსკვლავის პრიზით დააჯილდოვეს.

ირაკლი კვირიკაძე - რეზო გიგინეიშვილის ფილმ "მძევლებში" გეგა კობახიძის როლის შემსრულებელი, European Film Promotion-მა რამდენიმე თვის წინ ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების სიაში შეიყვანა.

ჯილდო ასევე გადაეცათ: ეილი ჰარბოს ნორვეგიიდან, ალბა აუგუსტს შევდეთიდან, ფრანც როგორვსკის გერმანიიდან, რეკა ტენკის უნგრეთიდან, მატილდა დე ანჯელის იტალიიდან, მატეო სიმონს ბელგიიდან, იონას სმულდერსს ნიდერლანდიდან და ლუნა ვედლერს შვეიცარიიდან.

აღსანიშნავია, რომ European Film Promotion ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ქსელია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით ევროპული კინოს გაყიდვას და პოპულარიზაციას ეწევა. იგი 1997 წელს არაკომერციული ორგანიზაციის ათმა წევრმა დააარსა და დღეისათვის მოწინავე საერთაშორისო სარეკლამო საზოგადოებაა, რომელიც პორტუგალიიდან საქართველომდე 37 ქვეყანაში 38 ორგანიზაციითაა წარმოდგენილი.

ირაკლი კვირიკაძე 25 წლისაა, ის ცნობილი ქართველი მსახიობის ნინო ქორიძის შვილი და რეზო ჩხეიძის ფილმში "ღიმილის ბიჭები" თემურის როლის შემსრულებლის, არქიტექტორ კახა ქორიძის შვილიშვილია. დამთავრებული აქვს საქართველოს შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უკვე წარმატებულმა ახალგაზრდა ქართველმა მსახიობმა სამსახიობო კურსი გაიარა ისეთ ცნობილ სტუდიაში, როგორიცაა Stella Adler Studio. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ სტუდიის კურსდამთავრებულები არიან რობერტ დე ნირო, ბენისიო დელ ტორო და მარკ რუფალო.

იხილეთ ასევე: "ღიმილის ბიჭები" ბოლოს 2008 წელს შევიკრიბეთ"

მოამზადა ეკა გადახაბაძემ