"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა" - ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს - კვირის პალიტრა

"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა" - ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს

ერთ დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე წავაწყდი ქართულ-ამერიკულ ოჯახს, რომლებიც საკუთარ გემზე ცხოვრობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობას აპირებენ. მათი ცხოვრება სათავგადასავლო ფილმს მოგაგონებთ, რომელიც love story-ით იწყება. ირმა სვანაძე მეუღლესთან, რალფ ბურლესონთან, ქალიშვილ ანაბელთან და ორ ძაღლთან ერთად ახალი ვოიაჟებისთვის ემზადება.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ირმა სვანაძემ ჟურნალ "გზას" მისცა:

"მომავალი მეუღლე კაფეში გავიცანი... ორი თვის მერე დამირეკა და მკითხა: ხვალ თუ გცალია, ნიუ-იორკში წავიდეთო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს აეროპორტიდან დამირეკა და მთხოვა, იქ შევხვედროდი. მომხიბლა არაორდინარული პაემანის იდეამ და დავთანხმდი. ნიუ-იორკში, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ლიმუზინი დაგვხვდა. მე კიდევ იმდენად მინდოდა ამ ქალაქში ფეხით სიარული, მეტროთი მგზავრობა და ხალხთან კომუნიკაცია, რომ მანქანაში არ ჩავჯექი და მთელი დღე მეტროთი და ავტობუსებით ვატარე, რასაც დღემდე მწარედ იხსენებს..."

"გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა, რათა მეტად შეეგრძნო ქართველობა. ჰოდა, 2011 წელს ქუთაისში, ჩემი მშობლების პატარა ბინაში ჩავედით საცხოვრებლად და ამავდროულად, ბიზნესსაქმიანობა გადავწყვიტეთ. დავაარსეთ საფინანსო ორგანიზაცია და გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც დღემდე ატარებს უფასო სემინარებს და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას ეხმარება გზის გაკვალვაში. ჩემი და რალფის დიდი სიამაყეა GC პარკი ქუთაისში, რომელიც პატარა, მაგრამ ნათელი და მწვანე წერტილია ავტოსადგომებითა და ბეტონით გადატვირთული ქალაქის ცენტრალურ უბანში..."

"მოგზაურობა ორივეს გვიყვარს. რაც მთავარია, არასოდეს ველოდებით, თუ როდის გვექნება საკმარისი თანხა სამოგზაუროდ. ანაბელი 3 წლის იყო, როდესაც მანქანით ევროპის მოვლა გადავწყვიტეთ. ძველი მანქანა ვიყიდეთ გერმანიაში და ორი თვე უმეტესად, ავტომობილში ვიცხოვრეთ... გემზე საცხოვრებლად ოქტომბრის ბოლოს გადმოვედით. ჯერ კიდევ ვეჩვევით ცხოვრების ახალ სტილს. მე და ანაბელი ახალბედები ვართ, თუმცა უკვე დავიწყეთ ცურვის სწავლა, გემის მართვისა და ნავიგაციის გაკვეთილებზე სიარული.

გემზე ელექტროენერგია მზის პანელების საშუალებით გვაქვს. წყლის გადამყვან მოწყობილობა იანვარში დავამონტაჟეთ იმისათვის, რომ ოკეანის წყლისგან სასმელი წყლის მიღება შევძლოთ და გრძელ გზაზე მოგზაურობისას უწყლოდ არ დავრჩეთ..."

"რეალურად, გემი დიდ თავისუფლებას გვაძლევს. ამავდროულად, შორდები იმ ყოველდღიურ ნეგატივს, რაც დღეს მთელ მსოფლიოშია და უახლოვდები ბუნებას, აკვირდები ოკეანის ბინადრებს, ფრინველებს, ვარსკვლავებს... ნაკლები დრო გვრჩება ეკრანისთვის, ახალი ამბებისთვის. უფრო ხშირად ვკითხულობთ წიგნებს და ვურთიერთობთ ადამიანებთან. მეტი მეგობარი გავიჩინეთ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში..."

ამ სტატიას  ვრცლად, ჟურნალ "გზის" 22 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

იხილეთ ასევე: "სოფია-ჯორჯია" კარიბის ზღვიდან - გემის კაპიტნის ასისტენტი ქართველი გოგონას ზღაპრული ცხოვრება