"გენოციდის ბრალდებით" დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა - რას წერს ოსური მედია? - კვირის პალიტრა

"გენოციდის ბრალდებით" დაკავებული საქართველოს მოქალაქე ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა - რას წერს ოსური მედია?

ცხინვალის საავადმყოფოში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "სპუტნიკ ოსეტია" ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო უშიშროების პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, ტატუნაშვილი "ოსების მიმართ ჩადენილი გენოციდის ბრალდებით" ახალგორში დააკავეს და დაკითხვაზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში გადაიყვანეს.

"საკუთარ ბრალეულობაში დარწმუნების შემდეგ, ეჭვმიტანილმა უარი თქვა კითხვებზე გაეცა პასუხები ადვოკატისა და თარჯიმნის გარეშე, თუმცა არც მათი თანდასწრებით უთანამშრომლია გამოძიებასთან. ამის შემდეგ გადაწყდა მისი მოთავსება დროებითი დაკავების იზოლატორში, თუმცა გადაყვანისას მან ერთ-ერთი გამცილებლის იარაღის დაუფლება სცადა. აღნიშნული მცდელობა გამცილებლებმა ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებით აღკვეთეს. ტატუნაშვილმა წონასწორობა დაკარგა და კიბის საფეხურებზე დაეცა, რის შედეგადაც მიიღო ტრავმები და გადაიყვანეს საავადმყოფოში", - განაცხადეს დეფაქტო უშიშროების სამსახურში.

მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოში ეჭვმიტანილს აღმოუჩინეს აუცილებელი სამედიცინო დახმარება, თუმცა გარკვეული დროის შედეგ ის გარდაიცვალა.

"სიკვდილის მიზეზს ექიმები გარდაცვლილის გაკვეთის შემდეგ დაადგენენ, - იუწყება სააგენტო "სპუტნიკ ოსეტია".

"ინტერპრესნიუსი"