"არ ვიცი, საქართველოს ასე ძალიან რატომ გადაეკიდნენ " - რას ჰყვება გერმანიიდან ახლახან გამოშვებული ოჯახი? - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, საქართველოს ასე ძალიან რატომ გადაეკიდნენ " - რას ჰყვება გერმანიიდან ახლახან გამოშვებული ოჯახი?

"თავად გვიყიდეს ბილეთი, თანხაც მოგვცეს 1350 ევრო მთელ ოჯახს, თუ 16-ში გერმანიას არ დავტოვებდით, 20 თებერვალს გამოგვადეპორტებდნენ"

20 თებერვალს გერმანიიდან საქართველოს 65 მოქალაქე გამოაძევეს. გერმანიაში საქართველოს საკონსულოს განცხადებით, ქვეყანა დაატოვებინეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის პირობები ჰქონდათ დარღვეული.

ამ ამბავიდან რამდენიმე დღეში, ცნობილი გახდა, რომ გერმანია არალეგალ ქართველებს სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში 3000 ევრომდე ფულად მხარდაჭერას სთავაზობს.

აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში, მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ასევე პირებს, რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა, გარდა ამისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსური დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და ოფიციალური უწყების წარმომადგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

kvirispalitra.ge ესაუბრა ქართველ ოჯახს, რომელთაც გერმანიის სახელმწიფომ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი და გარკვეული ოდენობის თანხა მისცა, ისინი რამდენიმე დღის წინ დაბრუნდნენ გერმანიიდან.

"გერმანიაში 3 წლის წინ წავედით, თავშესაფარი მოვითხოვეთ და მოგვცეს ქალაქიდან მოშორებით, ერთ-ერთ სოფელში. რადგანაც ვიზა არ გვქონდა, მუშაობის უფლებაც არ გვქონდა, მაგრამ ლტოლვილის სტატუსი მოგვანიჭეს და ყოველთვიურ დახმარებას ვიღებდით. ჩემი შვილი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ ამ ქვეყნის მოქალაქე არ არის.

ხშირად მოგვდიოდა გამაფრთხილებელი წერილი, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოში დეპორტი გველოდა, მაგრამ ვასაჩივრებდით და 3 წელი ასე ვიყავით იქ. 2 თვის წინ გავიგე, რომ ისევ ორსულად ვიყავი, მაგრამ 8 თებერვალს მოგვივიდა წერილი, რომ სასწრაფოდ დაგვეტოვებინა გერმანია 16 თებერვალს, წინააღმდეგ შემთხვევაში დეპორტაცია გვემუქრებოდა და განაჩენი არანაირ გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.

ექიმთანაც მივედი, რადგან დაეწერა ცნობა, რომ ჩემთვის ფრენა საშიში იყო და ასე მაინც დაგვეხსნა თავი ამ სიტუაციიდან, მაგრამ ექიმმა მითხრა, რომ ფრენა საშიში არ იყო და ცნობაც არ მომცა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი პირველი შვილი გერმანიაში დაიბადა, მაინც გამოგვიშვეს.

თავად გვიყიდეს ბილეთი, თანხაც მოგვცეს 1350 ევრო მთელ ოჯახს, თუ 16-ში გერმანიას არ დავტოვებდით, 20 თებერვალს გამოგვადეპორტებდნენ. სხვა გზა არ გვქონდა, საკუთარი ნებით წავედით აეროპორტში, ძალით არავის წავუყვანივართ და გამოვფრინდით საქართველოში.

წლების წინ, თავშესაფრის მოთხოვნა ადვილი იყო, ახლა საქართველოს თითქმის არც ერთ მოქალაქეს არ აძლევენ, მაგრამ სირიელებსს, ავღანელებს განცხადებას უკმაყოფილებენ. სირიელები უარესებს სჩადიან, არ ვიცი, საქართველოს რატომ გადაეკიდნენ ასე ძალიან".

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)