"თენგო დახვეწილი ინტელიგენტი ვერ იქნება და ვერც წყევლა-კრულვას დაიწყებს, ამიტომაც იგინება" - კვირის პალიტრა

"თენგო დახვეწილი ინტელიგენტი ვერ იქნება და ვერც წყევლა-კრულვას დაიწყებს, ამიტომაც იგინება"

"ჩემი პერსონაჟი ხშირად იგინება, მაგრამ უხეშობა ამ პერსონაჟის შინაგანი თვისებაა"

"ჩემი ცოლის დაქალები" ქართულ ტელესივრცეს 2011 წლიდან შეემატა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, სერიალი მაყურებელს არ კარგავს და ახალი, საინტერესო სახეებით იზიდავს. მათ შორის, ერთ-ერთი თენგოა - პროვინციელი ბიჭი, რომელიც თვალსა და ხელს შუა გამდიდრდა და გავლენიან ბიზნესმენად იქცა. თენგოს როლის შემსრულებელი შოთიკო ნოზაძე ამბობს, რომ მაყურებელი თავის პერსონაჟთან აიგივებს, თუმცა რადიკალურად განსხვავდება თავისი გმირისაგან:

- სერიალში, რომელსაც ძალიან კარგი გუნდი ქმნის, კასტინგის მეშვეობით მოვხვდი. მერე სინჯზე დამიბარეს, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა ვთქვი "თენგოს სტილში" და ამ როლზე მაშინვე დამამტკიცეს. ჩემი პერსონაჟი მხოლოდ სამი სერიის განმავლობაში უნდა ყოფილიყო, მაგრამ კარგა ხნით შემოვრჩი "ჩემი ცოლის დაქალებს".

- როგორ შეიქმნა ეს როლი? იცნობდით ასეთ ადამიანს?

- ამ პერსონაჟის შესაქმნელად სერიოზული შრომა დამჭირდა. თენგო ხაშურელია და მეც იქაური ვარ. პატარა ვიყავი, როცა ჩემი ოჯახი საცხოვრებლად რუსთავში გადავიდა, მაგრამ ყოველ ზაფხულს ჩავდიოდი ხაშურში. ალბათ, როლის შესრულებაში ესეც დამეხმარა. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ თენგო სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო. ბევრი ადამიანია გაერთიანებული ამ ერთ პერსონაჟში: თვისებები, ლაპარაკის მანერა, სიარული, სიგარა - ყველაფერი სხვადასხვა ადამიანისგან მაქვს აღებული.

ჩემთან მოდიან, მესალმებიან, თენგოს მეძახიან და უკვირთ, რომ ქართლური კილოთი არ ვლაპარაკობ. ეს დღემდე მეხამუშება და სულ ვამბობ, რომ მე თენგო კი არა, სხვა ადამიანი ვარ.

- ალბათ ამ როლის გამო კურიოზულ სიტუაციაშიც ბევრჯერ ჩავარდნილხარ.

- როგორ არა. პირველად რომ ვახსენე თენგოს საყვარელი წიგნი - "დვესტი მილიარდეროვ ალიგარხოვ", ზოგმა ამ წიგნის არსებობა მართლა დაიჯერა და მეკითხებოდნენ, სად შეიძლება ვიყიდოთო. მეც ვუხსნიდი, რომ ასეთი წიგნი არ არსებობს, ზოგს ვეხუმრებოდი - ამა და ამ მაღაზიაში შეგიძლიათ შეიძინოთ-მეთქი. მანამდე კი იყო ხინკლის კუჭების ბიზნესი... მე და ბაქარმა ეს ბიზნესი რომ დავიწყეთ, ბევრს მართალი ეგონა. სერიოზულად მეკითხებოდნენ, მართლა უხდებათ გოჭებს ხინკლის კუჭებიო? ჩვენი პერსონაჟები კომიკურები არიან და მათზე ჩვენც ხშირად გვეცინება. გადაღებების დროსაც ისეთი ამბები ხდება, შეუძლებელია სიცილისგან თავი შეიკავო.

- თენგო მკაცრი ქმარია, როგორ ფიქრობთ, ქართველი კაცის ჩარჩოებში ჯდება?

- თუ ასეთი ადამიანები დიდი დოზით არსებობენ, მაშინ ჩვენი ქვეყანა ცუდ დღეში ყოფილა. არა მგონია, ეს პერსონაჟი ქართველი კაცის ჩარჩოში ჯდებოდეს.

- თქვენ როგორი ხართ ოჯახში?

- ჩემი მეუღლე სოფო აბუაშვილიც დამიდასტურებს, რომ ოჯახში დემოკრატი ვარ. 2 წელია, რაც დავქორწინდით, სამი წელი შეყვარებულები ვიყავით. ეს ნაბიჯი გააზრებულად გადავდგი და მიმაჩნია, რომ გამიმართლა: ჩემ გვერდით ის ადამიანია, რომელიც უნდა იყოს. გვყავს პატარა ნინე, რომელიც მარტში 7 თვის გახდება, ასე რომ, ჩემი ოჯახი თენგოს ოჯახისგან მკვეთრად განსხვავებულია.

- ზოგი მიიჩნევს, რომ ბილწსიტყვაობა სერი\ალის ნაკლია, შენი გმირიც იგინება.

- ეს ჩვენი რეალობაა. ჩემი პერსონაჟი ხშირად იგინება, მაგრამ უხეშობა ამ პერსონაჟის შინაგანი თვისებაა, თენგო დახვეწილი ინტელიგენტი ვერ იქნება და ვერც წყევლა-კრულვას დაიწყებს, ამიტომაც იგინება. ვფიქრობ, რომ ამ თვისების გარეშე ის ნამდვილი თენგო ვერ იქნებოდა. თუმცა, ბოლო ხანებში აშკარად მოუკლო გინებას. მიხარია, რომ თანდათან ტრანსფორმაცია განიცადა, გაიზარდა და შეიცვალა.

- ბოლო სერიებში აღარ გამოჩენილხართ. თუ იცით, როგორ წარიმართება მოვლენები თქვენი გმირის ირგვლივ?

- არ ვიცი, ხვალ ან ზეგ რა იქნება. ისიც არავინ იცის, სერიალი რამდენ ხანს გაგრძელდება. ყველაფერი სცენარისტზეა დამოკიდებული. ქეთი დევდარიანი უნიჭიერესი ადამიანია და მისი დამსახურებაა, რომ "ჩემი ცოლის დაქალებმა" ამდენ წელს გაუძლო. ამ სერიალზე პროფესიონალთა ჯგუფი მუშაობს, თემებიც ყოველთვის აქტუალური და რეალობასთან მისადაგებულია. გარდა ამისა, თითქმის ყველა სეზონზე ახალი პერსონაჟები ჩნდება და ამით სერიალი თითქოს ახალ სიცოცხლეს იძენს. გადაღებებზეც ისეთი კომფორტული და მეგობრული გარემოა, რომ არა მგონია, რომელიმე მსახიობს თამაში გაუჭირდეს. მიხარია, რომ მეც ამ გუნდის წევრი ვარ, ყველაზე მეტად კი ის სიყვარული მახარებს, რომელსაც ჩემი მაყურებლისაგან ვიღებ.

ხათუნა ჩიგოგიძე