"უი, ტაქსის ვაჩერებდი... უკაცრავად..." "ტაქსი ვარ!" - ტაქსის "კაბიანი მძღოლი" და ჩვენი დროის "აბეზარა" - კვირის პალიტრა

"უი, ტაქსის ვაჩერებდი... უკაცრავად..." "ტაქსი ვარ!" - ტაქსის "კაბიანი მძღოლი" და ჩვენი დროის "აბეზარა"

"ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, C ჰეპატიტის პროგრამაში. სამუშაო საათების შემდეგ დავადებ ტრაფარეტს ჩემს მანქანას და დავდივარ"

თუ თბილისის ქუჩებში საღამოს 6-დან 9 საათამდე ტაქსით სიარული გიწევთ, შეიძლება 21-ე საუკუნის "აბეზარას" გადააწყდეთ. 26 წლის მერიკო კობერიძე პროფესიით ფსიქოლოგი და ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერია, მაგრამ სამსახურის შემდეგ ტაქსის მძღოლობასაც ახერხებს. როგორ გადაწყვიტა თავისი მანქანა შემოსავლის წყაროდ ექცია და რას ფიქრობენ მგზავრები "აბეზარას" დანახვისას, ამას თვითონ გიამბობთ:

- 15 წლის ვიყავი... ერთ დღეს სკოლიდან დაბრუნებულმა დედას გამოვუცხადე, სვანეთში მივდივარ, იქ უნდა ვიცხოვრო-მეთქი. დედა სვანია და სახლიც გვაქვს სვანეთში... დედა და ბებო რიგრიგობით ჩამოდიოდნენ...

ცხრა თვე სვანეთის სკოლაში ვისწავლე. პოპულარული გოგო ვიყავი,"იოჟიკა" ვარცხნილობით. მოკლედ, ლენტეხის პირველი სკოლა დავამთავრე. მეორე დამოუკიდებელი ნაბიჯი იყო ჩაბარება გრანტის მოსაპოვებლად, რომ პოლონეთში წავსულიყავი სასწავლებლად. არავინ იცოდა, სანამ არ გავიგე, რომ გავიმარჯვე და მივემგზავრებოდი. ესეც შოკი იყო ჩემი ოჯახისთვის.

პოლონეთიდან ჩამოსვლის შემდეგ დავიწყე "კარიტასში", მცირე საოჯახო ბავშვთა სახლში მუშაობა. აქ იყვნენ ბავშვები, რომლებიც ობლები არ იყვნენ, მაგრამ "კარიტასში" მძიმე ოჯახური და სოციალური პირობების გამო ცხოვრობდნენ. 10 ბავშვი მებარა. ემოციურად ძალიან რთულია ამ ბავშვებთან მუშაობა, რადგან ისინი, როგორც შვილები, ისე გიყვარდება. ვზრუნავდი მათ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, ემოციურ მდგომარეობაზე, სახლშიც მომყვებოდა მათზე დარდი და მივხვდი, ამას დიდხანს ვერ გავუძლებდი, ამიტომ ერთი წლის შემდეგ წამოვედი. როგორი ინტეგრირებულიც უნდა იყვნენ ისინი სოციუმთან, მაინც პარალელურ სამყაროში რჩებიან, რადგან ჰყავთ დედა, ზოგჯერ მამაც, მაგრამ არა აქვთ ურთიერთობა, ელოდებიან მშობლების გამოჩენას, ისინი კი არ ჩანან.

პოლონეთში დავრწმუნდი - პატიოსანი გზით მოპოვებული ფული ძალიან კარგია! მივხვდი იმასაც, რომ საქართველოს სწორედ ეს აკლია. მართვის მოწმობა არ მქონდა, ისე ვიყიდე მანქანა. მერე მოწმობა ავიღე და დავფიქრდი, თავისუფალი დრო როგორ გამომეყენებინა. ელიავას ბაზრობაზე ვიყიდე ტაქსის ტრაფარეტი და დედაჩემს გავუარე სამსახურში... თავიდან ეგონა, ვხუმრობდი, მაგრამ სახლში რომ მივიყვანე, რამდენიმე საათში კი მივაკითხე და გამომუშავებული თანხა ვაჩვენე, გადაირია.

ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობ, C ჰეპატიტის პროგრამაში. სამუშაო საათების შემდეგ, დავადებ ტრაფარეტს ჩემს მანქანას და დავდივარ.

მგზავრებსაც უკვირთ, თუმცა მათი ემოცია ძალიან სახალისოა. "უი, ტაქსის ვაჩერებდი... უკაცრავად..." "ტაქსი ვარ!" - ვეძახი და მერე ვიწყებთ საუბარს...

მგზავრებში მიმართლებს, სოციალურ ქსელშიც ვაგრძელებ მათთან მეგობრობას და "აბეზარას" სიმღერებს მიგზავნიან.

ვცდილობ, კლასიკურად ჩავიცვა. კაბები ისედაც მიყვარდა, ახლა ძალიან მინდა, სტერეოტიპი დაინგრეს და ყველამ ნახოს, რომ კაბიანი ტაქსის მძღოლებიც არსებობენ.

ნინო წიფურია