ფსიქოლოგიის ოქროს წესი
ფსიქოლოგიის ოქროს წესი
"ხშირად პარტნიორის გარდაცვალება უფრო მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე ოჯახის სხვა წევრის. ტრავმა, მძიმეა, მაგრამ ამას ემატება გახანგრძლივებული გლოვაც, რომელსაც თავისი ფაზები აქვს, მაგრამ ხანდახან ეს პროცესი ჭიანურდება. შეიძლება დაეწყოს დეპრესია,­ აპათია, როდესაც სულერთი ხდება ყველაფერი, შვილების მომავალიც კი. ეს ძალიან მძიმე შემთხვევებია"

"10 წლის წინ ფსიქოლოგებს დახმარე­ბას ისე ხშირად არ სთხოვდნენ, როგორც დღეს", - ამბობს ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე. როგორ მუშაობენ საქართველოში ფსიქოლოგები? რა პრობლემების გამო მიმართავენ მათ? ამ და სხვა კითხვებზე
ქალბატონი ირინე გვესაუბრება.

- ყველაზე ხშირია პრობლემები პარ­ტნ­იორთან, შეყვარებული იქნება ეს, საყვარელი თუ მეუღლე... ამას მოსდევს პრობლემები შვილებთან, მშობლებთან... შემდეგ მოდის პრობლემები სამსახურში კოლეგებთან ან ხელმძღვანელობასთან ურთიერთობისას... ცალკე უნდა გამოვყოთ კლიენტები ფსიქიკური პრობლემებით, რომელთაც ფსიქიატრის დახმარება სჭირდებათ, მაგრამ მოდიან ჩვენთან, რადგან მათ ახლობლებს­ ურჩ­ევნიათ,"ფსიქოლოგმა" მოაგვაროს
პრობლემა, რათა საზოგადოების თვალში მათი მდგომარეობა ძალიან მძიმე არ გამოჩნდეს.

- პირველ კატეგორიაზე კიდევ რისი თქმა შეგიძლიათ?

- პარტნიორული ურთიერთობები ძალიან რთული და საინტერესოა. მაგალითად, ხშირად პარტნიორის გარდაცვალება უფრო მტკივნეულად აღიქმება, ვიდრე ოჯახის სხვა წევრის, რაც უნდა უცნაური იყოს, თუნდაც - შვილის, და ძნელად გამოდიან მდგომარეობიდან. ტრავმა მძიმეა, მაგრამ ამას ემატება გახანგრძლივებული გლოვაც, რომელსაც თავისი ფაზები აქვს, მაგრამ ხანდახან ეს პროცესი ჭიანურდება. შეიძლება დაეწყოს დეპრესია,­ აპათია, როდესაც სულერთი ხდება ყველაფერი, შვილების მომავალიც კი. ეს ძალიან მძიმე შემთხვევებია.
ფსიქოლოგთან ვიზიტი არ ნიშნავს, რომ მისგან წახვალთ ბედნიერი და არასდროს აღარაფერი შეგაწუხებთ. ჩვენი ფუნქციაა, ჩვენგან საკუთარი თავით კმაყოფილი წავიდნენ და თუ ამას ბედნიერების განცდაც ერთვის, ჩვენი საქმე გაკეთებულია.

სხვათა შორის, იშვიათია დედამთილთან დაკავშირებული პრობლემები, რაც წინა წლებში უფრო ხშირი იყო... ადამიანები ხვდებიან, რომ არის საკითხები, რომლებზეც არ შეიძლება მეგობართან, ახლობელთან ლაპარაკი, ამიტომ კარგია თუ უცხოს გადაუშლი გულს, მით უფრო, თუ ამ უცხოს პროფესიული რჩევის მოცემაც შეუძლია.

- დღეს მსმენელის პოვნა უფრო ჭირს, ვიდრე მოსაუბრის...

- ვინც მუშაობს, მთელი დღე დატვირთულია, ვინც არა - უმუშევრობის ფონზე იმდენი საფიქრალი აქვს, სხვისი მოსმენის სურვილი ძნელად უჩნდება. ერთმანეთს დიდ დროს ვეღარ ვუთმობთ, ფუფუნებად იქცა ეს ყველაფერი.

- არსებობს ოჯახში, სამსახურში თუ სხვაგან ურთიერთობის დაუწერელი კანონები...

- რაც უნდა გაბრაზებული იყოთ, ჩაისუნქეთ, ათამდე დაითვალეთ და მერე თქვით სათქმელი. ცხელ გულზე ადამიანები ისეთ რამეს ამბობენ და აკეთებენ, რასაც მერე მთელი ცხოვრება ნანობენ.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს პირადი სივრცე, პირადი დრო, სადაც სხვას არაფერი ესაქმება. ჩვენთან ხშირად სწორედ ისინი მოდიან, ვისაც ეს პირადი სივრცე აქვს დარღვეული. მათ ცხოვრებაში სხვა ადამიანები აფათურებენ ხელს... დისტანცირება უნდა ვისწავლოთ - ეს არის ფსიქოლოგიის ოქროს კანონი.

ფსიქოლოგიაში არის ძალიან კარგი მიმდინარეობა - გეშტალტთერაპია, რაც მთლიანობას ნიშნავს. მისი შემქმნელია ფრიც პერლზი. ის თავისი განსაკუთრებული ფიცით იწყებდა ყველა შეხვედრას. ამ ფიცს მეც ხშირად ვუმეორებ კლიენტებს: "მე - მე ვარ. შენ - შენ ხარ. მე ამქვეყნად იმისთვის არ მოვსულვარ, რომ შენი მოლოდინი გავამართლო. არც შენ მოსულხარ იმისათვის, რომ ჩემი მოლოდინი გაამართლო, რადგან მე - მე ვარ და შენ - შენ ხარ". ამ წესის დაცვის შემთხვევაში ბევრ უსიამოვნებას ავირიდებთ თავიდან.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ნებადართულს ხდის საქართველოში მარიხუანას წარმოებას ექსპორტზე გატანის მიზნით (ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებებისათვის)?
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები