ბიჭები ომში არიან!..
26-02-2018
ბიჭები ომში არიან!..
"ყველანი სტუდენტები იყვნენ, ისე დაასრულეს სიცოცხლე, ექიმები ვერც გახდნენ, არადა, როგორ უნდოდათ.…თუმცა ვინც გადარჩა, ჩემთვის ისიც გმირია, გმირი, რომელიც არავის სჭირდება"

აფხაზეთის ომი 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი ზურაბ ლეშკაშელი და მისი მეგობრები ამ ომის გმირები არიან. ვისაც სიკვდილთან ღიმილით შეხვედრა არ შეუძლია, ალბათ, ომშიც ვერ წავა. თუმცა, უკან რჩება დედების, დების, შეყვარებულების და იქნებ მამების ჩუმი ცრემლებიც. ამიტომ ბიჭები გაიპარნენ.

ზურაბ ლეშკაშელი: - ეს გმირების
ომი იყო, მაგრამ საზოგადოებას დღემდე­ ამ ომის ერთეული ნაძირალები ახსოვს და მივიწყებული რჩება გმირობები. ამით ხომ აფხაზეთის ხსოვნაც იფერფლება? ზოგს ჰგონია, რომ ჩემმა თაობამ ამ ომს მეგობ­რე­ბი შესწირა და ამით დაამთავრა­ ყველა­ფერი. არაფერიც არ დაგვიმთავრებია­ - აფხაზეთის დაკარგვას ვერასოდეს შევეგუებით.
როგორ მივდიოდით ომში? გულის ამოძახილით!
სხვა ხმა ადამიანს არც სჭირდება, რომ სამშობლო დაიცვას. ჩემი მეგობრების უმეტესობა სეფსისის ცენტრში­ ვმუშაობდით. ჯერ კიდევ სტუდენტები ვიყავით, ბატონი ვახტანგ ბოჭორიშვილი იყო ჩვენი ხელმძღვანელი და იმან ცენტრს დაავალა, სამუშაოზე უარი არავის უთხრათ, რადგან ექიმმა ავადმყოფის მოვლა თუ არ იცის, კარგი ექიმი ვერ გახდებაო. იმ ზაფხულს რამდენიმე დღით ჩემს სახლში წავედით, ლეჩხუმში. იქ ბაბუაჩემის საფლავს მოვუარეთ, შევღებეთ, მერე ჩამოვსხედით და ლეჩხუმის მთებს გავხედეთ. უეცრად ჩემს მეგობარს სახე შეეცვალა და ჩუმად თქვა, ამ სამშობლოს და ამ მთებს გვეცილებიან, და ომში არ უნდა წავიდეთო?! ეს იყო პირველი ბიძგი. მMეორე და გადამწყვეტი კი ის დღე იყო, სეფსისის ცენტრში, საორდინატოროში რომ ვისხედით და ტელევიზორს ვუყურებდით, სადაც დაღუპულების სახელებს აცხადებდნენ.

ამ დროს გამოაცხადეს, მფრინავი გიორგი კვესაძე დაიღუპაო და ხელ-ფეხი წამერთვა, გიორგი ჩემი მეგობარი იყო, რუსეთში დაამთავრა საავიაციო სკოლა. მისი დაღუპვის გამოცხადების მერე კადრი შეიცვალა, რუსთაველის პროსპექტზე მოსეირნე ქალები გამოჩნდნენ. ვიღაცამ თქვა, კი მაგრამ, კაცები რატომ არ ჩანან, სად არიანო და ამ დროს ჩვენი ექიმი ნინო შემოვიდა, ეკრანი შეათვალიერა და თქვა, ბიჭები ომში არიანო! ამის თქმა იყო და, მეორე დღეს უკვე თვითმფრინავში ვიყავი. ზღვას რომ გადავუფრინე, გიორგი გამახსენდა, ბოღმამ დამახრჩო და თვითმფრინავის მეორე სალონში გავედი მოსაწევად. ამ დროს ისეთი შეძახილები შემომესმა, გაოცებულმა მივიხედ-მოვიხედე და რას ვხედავ, მთელი ჩემი სამეგობრო იქ იყო.

ამ ომში თითქმის ყველა ჯარისკაცი გმირი­ იყო, მათ შორის, ექიმებიც. ეს ბევრჯერ მინახავს - ამ ომს ნამდვილი გმირები ჰყავდა. მათ შესახებ ჩვენთან არავინ არაფერი იცის, სხვაგან კი, ალბათ, ძეგლს დაუდგამდნენ. დღესაც მახსოვს, რა გააკეთა გუმისთასთან პაატა ყუფარაძემ…ტყვიების წვიმაში. ორი დაჭრილი ისეთ ადგილზე იწვა, აუცილებლად საკაცეებით უნდა მიხოხებულიყავი, ისე ვერ გამოიყვანდი. 5-6 მეტრზე რომ მივუახლოვდი, ტყვიების ისეთი წვიმა წამოვიდა, ქვებს დაადუღებდა. როგორც იქნა, ორივე გამოვიყვანეთ და უცებ ვიღაცის ყვირილი მომესმა, გორაზე კიდევ ერთი დაჭრილიაო. მივიხედე და ის დაჭრილი ისეთ მოშიშვლებულ და თანაც ისეთ სამიზნე ადგილზე იწვა, იქ მისვლა სიკვდილი იყო. ამასო­ბაში სანგარში ერთი ბიჭი ჩამოგვიხტა, რა ხდებაო. დაჭრილი ვაჩვენეთ. წამით ჩაფიქრდა, მერე საიდანღაც დაჭმუჭნილი თეთრი ხალათი ამოიღო, გადაიცვა და გორისკენ გაიქცა. ომში თეთრ ხალათს ცოტა ესვრის, ეს ომი კი წესების გარეშე ომი იყო, მაგრამ, როგორც ჩანს, აფხაზებიც იმდენად გააოგნა სამიზნეზე გასულმა თეთრხალათიანმა, სროლა შეწყვიტეს.

ამასობაში იმ ბიჭმა გორას მიაღწია, დაჭრილს ხელ-ფეხი შემოხვია და გორიდან მასთან ერთად გორგალივით დაგორდა. ამ დროს მეორე მხრიდან წამით შეჩერებული სროლა ისევ ატყდა, მაგრამ ამ "გორგალს" ვერც ერთი ტყვია ვერ მოხვდა. მაშინ გავიგე პირველად პაატას სახელი. ექიმი კი არა, ჯადოქარი ყოფილა-მეთქი! ასეთი "ჯადოქრობები" მხოლოდ ომს გამოაქვს სამზეოზე. Mმადლობა ღმერთს, იქ ასეთი ბევრი ვნახე.

ერთხელ სამედიცინო შტაბში ავტომატის ჯერი შემოგვესმა და გარეთ გამოვცვივდით. ვხედავთ, ბიჭი დგას და ცაში ისვრის, მის ფეხებთან კი ორი ბიჭი ცურავს სისხლში. ჩანთაზე ჯვარი დავანახე, ნუ გეშინია, ექიმები ვართ-მეთქი, მან კი ჩვენს დანახვაზე ავტომატი მოატრიალა და აყვირდა, ყველას დაგხოცავთო. ტანში გამცრა, სიკვდილს ყოველდღე ვხედავდი, მაგრამ ავტომატის ლულა მობჯენილი არასოდეს მქონია. ამ დროს ჩემი მეგობარი, ზაზა არუთინოვი, ბიჭთან მივიდა და ძალიან წყნარად უთხრა: მეც ექიმი ვარ, დაწყნარდი, არ ისროლო, დასახმარებლად მოვედიო და ბიჭი ზაზას მონუსხულივით მიაშტერდა, ამასობაში კი განაიარაღეს. მე ზაზას მივვარდი და ჩავეხუტე, რა გააკეთე, ბიჭო, დამაწყდა ნერვები-მეთქი.
ექიმი ირაკლი წურწუმია კი ამ ომის ლეგენდად იქცა. ზაზა ბენდელიანის გმირობის ამბავი, მადლობა ღმერთს, ბევრმა იცის; ის დანაღმულ მინდორზე დაიღუპა.

ნაღმი წარმოუდგენელი ჯოჯოხეთია, შეიძლება ტყვიას არ შეეპუო, მაგრამ თუ მინდორი დანაღმულია, მაშინ განძრევას ყველაზე მამაცებიც ერიდებიან, სად ამოატრიალებს კაცს, არავინ იცის. ირაკლიმ კი ზაზა რომ წაქცეული დაინახა, გიჟივით გავარდა მისკენ, მაგრამ ვერ მიუსწრო, სხეული სამ ნაწილად ჰქონდა უკვე გადაგლეჯილი. თბილისში მშობლებმა ზაზა რომ იგლოვეს, ირაკლის დამსახურებაა - მან გამოიტანა მისი ცხედარი. რაც დრო გადის, ისინი სულ უფრო ხშირად მახსენდებიან. იმდენი ვიწრიალე, სამედიცინო ინსტიტუტში ხსოვნის საღამო გავმართე - გიორგი მიროტაძის, ვასილ კილაძის, ნიკოლოზ ღიბრაძის, ილია მელაძის. წიგნიც დავწერე "აფხაზეთი, გმირები დაკარგული თაობიდან".

ყველანი სტუდენტები იყვნენ, ისე დაასრულეს სიცოცხლე, ექიმები ვერც გახდნენ, არადა, როგორ უნდოდათ.…თუმცა ვინც გადარჩა, ჩემთვის ისიც გმირია; გმირი, რომელიც არავის სჭირდება.

- ამ სახელების ჩამოთვლაზე "ღიმილის ბიჭები" გამახსენდა. თქვენი "ღიმილის ბიჭები" როგორ დაიღუპნენ?

- გიორგი მიროტაძის აფხაზი ბაბუა, სოკრატე არშბა, დიდი ექიმი იყო, უროლოგიის ფუძემდებელი აფხაზეთში, და გიორგიც აფხაზეთში იყო გაზრდილი. ვერ წარმოედგინა, თუ ქართველები და აფხაზები გაიყოფოდნენ, სულ იმას გაიძახოდა, ჩვენ შევრიგდებითო! წინა დღეებში შტაბის კარი წიხლით შემოაღო და თან ხელებში დახვავებული სამედიცინო ლიტერატურა შემოიტანა - ეს თბილისში ხუთმაგი ეღირება, აქ იაფად წავაწყდიო და საწოლზე დაყარა გახარებულმა. ბიჭებმა ჰკითხეს, სად აპირებ მაგის წაკითხვას, სნაიპერის სამიზნის ქვეშ თუ დანაღმულ მინდორზეო? გიორგიმ, ჩვენ და აფხაზები რომ შევრიგდებით, სადაც მინდა, იქ წავიკითხავო! დაჭრილს პატრონობდა, როცა მისგან 15-ოდე მეტრში ვიღაც დაიჭრა; დასახმარებლად მივარდა.
ბიჭებმა ერთი დაძახება კი მოა­სწრეს, დაწექიო, მაგრამ... აფეთქებამ ჰაერში ააგდო და მერე მოწყვეტით დასცა. ბიჭები რომ მისცვივდნენ, თვალი გაახილა და გაიღიმა.
ჭრილობებიდან სისხლი ისე მოსდიოდა, საფენების გამოცვლას ვერ ასწრებდნენ. ბიჭებმა საკაცით არბენინეს ტყე-ტყე და რომელიღაც შემხვედრმა მანქანამ გადაიყვანა საავადმყოფოში, მაგრამ უკვე გვიან იყო...

იმ პერიოდში ისეთი ყინვა დაიჭირა, 15 წუთში კიდურებს ვეღარ გრძნობდი, გიორგისაც ცალ ღაწვზე ერთადერთი ცრემლი ჰქონდა შეყინული. აი, ასე წავიდა.
ვასიკო კილაძე ლაბრაში დაიღუპა. საქართველოს ხელისუფლებამ ვითომ სამშვიდობო ხელშეკრულება დადო, ჩვენი ჯარი კი ისე გამოიყვანა მწყობრიდან, რომ ფაქტობრივად, გასაწირად გაიმეტა.
ერთ საღამოს ვასიკომ მითხრა, ამ გაურკვევლობამ ლამის გამაგიჟოს, ცოტაც ვუყურებ და ინსტიტუტში დავბრუნდები, შენ როდისღა მიდიხარო? ვუთხარი, იარაღს ჩავაბარებ და ხვალვე გავფრინდები-მეთქი. ვასიკომ, ხვალ ლაბრაში ჩავალ, დუშეთის ბატალიონში მეგობარს ვნახავ და მორჩა, მეც მივდივარ თბილისშიო. მეორე დღეს დესანტი გადმოსხეს და თითქმის მთელი დუშეთის ბატალიონი დაიღუპა. დანარჩენებიც ზუსტად ასე წავიდნენ უჩუმრად, უხმაუროდ.

- თქვენ სად დაგჭრეს?

- ტამიშთან. რატომღაც მეთაურმა ღია ქუჩაზე ჯარის გადაადგილების ბრძანება გასცა, გაიშალეთ და ქუჩის ორივე მხარეზე იარეთ, მტერს ტყვია-წამალი აღარ ექნებაო, მათ კი უბრალოდ დერეფანში გაგვატარეს და მაღლობებიდან ისეთი სროლა აგვიტეხეს, რომ გზიდან თუ არ გადავუხვევდით, ისე ჩაგვხოცავდნენ, დაჭრილებისა და მიცვალებულების გადამყვანი აღარ დარჩებოდა. ამასობაში ტრასის აქეთ-იქით დაჭრილების დასახმარებლად რამდენჯერმე გადავირბინე. ამ სირბილში უცებ რაღაცამ მაღლა ამაგდო და მერე ძირს დამცა. გონს რომ მოვედი, საფენებს მიცვლიდნენ. Mმერე დახოცილებთან ერთად ჩამსვეს თვითმფრინავში და გამომიშვეს.

იქ ყველანი ვდუმდით, მაგრამ არა ფიზიკური ტკივილის გამო - ჩვენ სამშობლო დავკარგეთ და ეს ტკივილი ბევრად ძლიერი იყო. ისეთივეა დღესაც, ვინც ამ ომს გადავურჩით, არც ერთს არ გაგვნელებია. თუმცა უიმედოდ მაინც არ მინდა დავამთავრო - იქ დაღუპული ბიჭების სახელით მეც სულ იმის მოლოდინში ვარ, რომ აფხაზეთი ოდესმე დაგვიბრუნდება.

ეთერ ერაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით