კინოარქივის მცველი - კვირის პალიტრა

კინოარქივის მცველი

ომარ ბრეგვაძე: "ვცდილობ ისტორიას შემოვუნახო ყველა ფოტო, ნივთი, ფირი"

ყველა ფილმის შექმნას თავისი ისტორია აქვს. მასთან დაკავშირებულ თითოეულ ფოტოს, ნივთს თუ ექსპონატს საინტერესო ამბის მოყოლა შეუძლია. არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც პირადად მონაწილეობდნენ ამა თუ იმ შედევრის შექმნაში. ჩემი რესპონდენტი, ომარ ბრეგვაძე, სანამ კინოსტუდიის თანამშრომელი გახდებოდა, მანამდე მისი მშობლებიც იქ მუშაობდნენ, სწორედ ამიტომ ხუმრობს, 1941 წელს დავიბადე, მაგრამ 1940 წლიდან კინოსტუდიაში ვმუშაობ, რადგან დედაჩემმა ორსულობა ამ კედლებში გაატარაო. ეს კედლები დღესაც ყველაზე ახლობელია მისთვის. კინოარქივს ძველ კინოსტუდიაში მოუყარა თავი და მის მცველია. "კვირის პალიტრასაც" სწორედ ამ ჯადოსნურ სამყაროში უმასპინძლა:

- ადრე ამ დაწესებულებას კინოსტუდია "ქართული ფილმი" კი არა, "ქართული კინოს წარმოება" ერქვა. უამრავი ფილმია აქ გადაღებული. ამ სამყაროში მოსვლის დღიდან ბევრი საინტერესო და პატივცემული პიროვნება გავიცანი. ნატო ვაჩნაძემ თავზე ხელი გადამისვა, ისე გამიხარდა, პირის დაბანა აღარ მინდოდა.

უამრავ ფილმზე მიმუშავია, მეტწილად სპეცეფექტების ოპერატორად. ბევრ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ - ოთარ ლითანიშვილთან, ოთარ შამათავასთან, ნიკოლოზ სანიშვილთან, თემურ ბაბლუანთან, ელდარ და გიორგი შენგელაიებთან, მერაბ კოკოჩაშვილთან, ზაზა ურუშაძესთან...

- სპეცეფექტებით ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ალბათ, "შერეკილებია". როგორც ვიცი, წვლილი თქვენც მიგიძღვით.

- თუ გახსოვთ, ექიმი,"აბი გლუკოზას და ბროწეულის ოყნას რომ უწერს ყველას, რომ გამოვარდება მატარებლის ხმაზე და ჭოგრიტში იხედება, თან ამბობს: "ეს რა, ელიტოპოლია?" ეგ სცენა მუშთაედში გადავიღეთ, იქ კუკუშკა დადიოდა. კამერას წინ შავი ფონი დავუყენეთ, რომელიც შუაში მრგვლად იყო ამოჭრილი და მივიღეთ ეფექტი, თითქოს ჭოგრიტიდან ასე მოჩანს. გნებავთ, ის სცენა ავიღოთ: "ეჰ, თამუნია, თამუნია", რომ ამბობს ვასილ ჩხაიძის პერსონაჟი, ქრისტეფორე, და დაჰყურებს, მდინარეზე ქალის შლაპა როგორ მოცურავს. წყალზე რომ ეტივტივა, შლაპას შიგნით ბუშტი ჩავუდეთ... ვარდებს რომ ისვრიან ცათმფრენიდან საფლავის ქვაზე ქრისტეფორე და ერთაოზი, ეს სცენა კასპის რაიონში, ქვემო ჭალაში გადავიღეთ. თაიგულში ლურსმნები ჩავამაგრეთ, რათა დამძიმებულიყო და ზემოდან რომ დავუშვებდით, პირდაპირ საფლავის ქვაზე დაცემულიყო... ის მომენტი გახსოვთ? კიბემიდგმული ცათმფრენი რომ ელოდება მარგალიტას, რომელიც ქმარს ემშვიდობება და უბარებს, - ბაღდადში მივდივარ, ვაშლს გავყიდი,"ინდისხურმას ვიყიდი, აბა, შენ იცი, ამ ოჯახში ქალიც შენა ხარ და კაციცო, - მუხრანში გადავიღეთ. ამწეზე გვქონდა ცათმფრენი ჩამოკიდებული.

- ცათმფრენი როგორ აიწყო?

- ცათმფრენი უხტის ქარხანაში შეუკვეთა ელდარ შენგელაიამ. ძალიან მსუბუქი მასალისგან დამზადდა. საოცარი კადრია, ყანჩელის მელოდიის ფონზე რომ მოფრინავს ურემი.

იმ მომენტში, როდესაც ერთაოზი მამის ვალებს ისტუმრებს და ცათმფრენიდან ისვრის დოლს, ნაბადს, ტიკს, ის ფრაზა გახსოვთ, "დამისხი ერთი რამფერია იქოური ღვინო"," ამ კადრების გადასაღებად, ცხრასართულიანი შენობის სახურავიდან ყრიდნენ ნივთებს, ჩვენ კი ქვემოთ ვიდექით და წამში სამოცდაათ კადრს ვიღებდით სპეციალური აპარატით (ჩვეულებრივ, წამში 25 კადრს იღებენ), რომ ვარდნა შენელებულად გამოჩენილიყო და ის ეფექტი მიგვეღო, რაც ფილმშია.

რამდენ ფილმზე მიმუშავია, რამდენი რამ მაქვს გასახსენებელი. განსაკუთრებით მიყვარს კახი კავსაძე, მიყვარდა გივი ბერიკაშვილი, მამუკა კიკალეიშვილი... "დონ კიხოტის" გადაღებისას ახალციხეში ჩავედი და საოცრად გამხდარი კახი დამხვდა. ის და მამუკა შუადღისას მინდორში, თაკარა მზეზე იდგნენ და ელოდებოდნენ გადაღების დაწყებას. გაბრაზებულმა რომ შემომხედა, ვიფიქრე, რა დავუშავე-მეთქი. რამდენიმე წუთში ჩაჩქანი მოიხადა, წყლის წვეთები დაასხა და წყალმა შიშხინი დაიწყო. "როგორ ვიქნები, ეს რომ თავზე მეხურება?! მშია!" - ყვიროდა, მაგრამ არ აჭმევდნენ.

დღეს კინოარქივის მცველი ვარ, ვცდილობ ისტორიას შემოვუნახო ყველა ფოტო, ნივთი, ფირი... მეუღლე გარდამეცვალა... სულ მსაყვედურობდა, მთელ დროს კინოსტუდიაში ატარებო, ახლაც რა მინდა აქ, 4 შვილიშვილი მყავს, წადი, მოეფერე, გაიხარე, მაგრამ რა ვქნა, სხვაგვარად არ შემიძლია. ეტყობა, აქ უნდა დავამთავრო ჩემი როგორც შემოქმედებითი, ისე ფიზიკური ცხოვრება.

ეკა სალაღაია