როგორ ახდა პატარა ბიჭის ოცნება - კვირის პალიტრა

როგორ ახდა პატარა ბიჭის ოცნება

10 წლის დათო ნოზაძის ამბავი, რომელიც ხაშურიდან თბილისში ზოოპარკის სანახავად გამოიპარა, მთელ საქართველოს მოედო. ბავშვი მატარებელმა თბილისში საღამოს ჩამოიყვანა. ღამით უკვე გვარიანად შეფიქრიანებული გამვლელებს გამოელაპარაკა, მათ კი პატრულს დაურეკეს.

პატრული დაუყოვნებლივ მივიდა და ბიჭს დაწვრილებით გამოჰკითხა, ვინ იყო და საიდან ჩამოვიდა. მან კი უპასუხა, ხაშურში ვცხოვრობ, ზოოპარკი არასდროს მინახავს, არავინ წამომიყვანა, მე კი ისე მინდოდა ზოოპარკის ნახვა, მატარებელში ჩავჯექი და თბილისში გამოვიპარეო.დედაქალაქში ჩამოსულს, რასაკვირველია, გზა აერია და ზოოპარკის ნაცვლად დავით აღმაშენებლის გამზირისკენ აიღო გეზი.

ამბის გასარკვევად მისულ პატრულის თანამშრომლებს ძალიან უნდოდათ, ბიჭი გაეხარებინათ, ზოოპარკი ეჩვენებინათ და ისე დაებრუნებინათ ხაშურში, მაგრამ უკვე გვიან იყო, ამიტომ ხაშურიდან დათოს მამა გამოიძახეს და ბიჭი შინ წაიყვანეს, თუმცა, მისი ოცნება არ დავიწყებიათ. სახეგაბადრული დათო ზოოპარკს იმ საპატრულო ეკიპაჟთან ერთად ეწვია, რომელმაც წინადღეს მამასთან ერთად ხაშურში გაისტუმრა.

ასე ახდა ბიჭის ოცნება, თუმცა 10 წლის ბავშვის შინიდან გაპარვა ყოველთვის კარგად არ მთავრდება, შინიდან გამოპარული ბიჭი შეიძლება რამე ცუდსაც გადაჰყროდა. საბედნიეროდ, დათოს გაუმართლა. ჩვენ დათოს დედას, მაია შავიძეს გავესუბრეთ.

- გაბედული შვილი გყოლიათ, ოცნების ასახდენად ძალიან შორს გაბედა წასვლა...

- და ძალიანაც მანერვიულა.

- სხვა დროსაც მოქცეულა ასე?

- არა, ამხელა გზაზე არასდროს გაპარულა.

- ბიჭმა თქვა, რომ ზოოპარკი არასოდეს უნახავს და თბილისშიც მხოლოდ ამისთვის ჩამოვიდა...

- დათოს და მის დას მარტო ვზრდი. რაც შემიძლია, არ ვაკლებ. ხაშურში რამდენჯერმე ჩამოიყვანა ცირკმა ცხოველები და მაშინვე წავიყვანე მათ სანახავად.

- მამამაც ვერ მოახერხა ბავშვის ზოოპარკში წაყვანა?

- სამწუხაროდ, დათოს მამასთან არ მაქვს ისეთი ურთიერთობა, რომ ამაზე ვილაპარაკოთ. ის არ მუშაობს, თუმცა, სახლ-კარი აქვს და არც ძალიან უჭირს.

- თქვენ გიჭირთ?

- არ მილხინს, მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. მინდა, ჩემი შვილი მალე გაიზარდოს, თავის საქციელზე დაფიქრდეს, რომ ასე აღარ მოიქცეს. თუმცა, ასეა თუ ისე, მადლობა ყველას, ვინც ჩემი შვილისთვის დრო გამონახა და გაახარა.

ეთერ ერაძე