"არ მჯეროდა გადარჩენის, უბრალოდ მინდოდა, უმტკივნეულოდ მოვმკვდარიყავი" - ავიაკატასტროფებს გადარჩენილთა დაუჯერებელი ისტორიები - კვირის პალიტრა

"არ მჯეროდა გადარჩენის, უბრალოდ მინდოდა, უმტკივნეულოდ მოვმკვდარიყავი" - ავიაკატასტროფებს გადარჩენილთა დაუჯერებელი ისტორიები

ერთადერთი გადარჩენილი ავიაკატასტროფაში - მსოფლიო ავიაციამ არაერთი მსგავსი შემთხვევა იცის. ასეთი 73 კაცის სია არსებობს, რომელიც მოიცავს 1936-2017 წლამდე პერიოდს. ჩვენ რამდენიმე შემთხვევის შესახებ მოგითხრობთ:

სესილია სიჩანი

1989 წლის 16 აგვისტოს დეტროიტის აეროპორტიდან აფრინდა ავიაკომპანია Northwest Airline-ს რეისი McDonnell Douglas DC-9-82. ბორტზე მყოფ 154 მგზავრს შორის იყვნენ 4 წლის გოგონა სესილია სიჩანი, მისი მშობლები და 6 წლის ძმა.

ლაინერი აფრენისას ჯერ მარცხნივ გადაქანდა, ფრთით განათების ანძას შეეჯახა, ფრთის ნაწილი მოწყდა და აალდა. შემდეგ მარჯვნივ გადაიხარა და მეორე ფრთამ ავტოგაქირავების კანტორის სახურავი გაანგრია. თვითმფრინავი გზატკეცილს დაენარცხა, ნაწილებად დაიმსხვრა და ცეცხლი წაეკიდა. ნამსხვრევები და დაღუპულთა ცხედრები 800 მეტრის რადიუსში იყო მოფენილი.

მეხანძრე ჯონ ტედმა სუსტი ხავილი გაიგონა და ნამსხვრევებს შორის პატარა ხელი შენიშნა. 4 წლის სესილია ერთადერთი აღმოჩნდა, ვინც კატასტროფას გადაურჩა. მას ჰქონდა დამსხვრეული თავის ქალა, ფეხისა და ლავიწის ძვლები, აღენიშნებოდა მესამე ხარისხის დამწვრობა. გოგონამ კანის გადანერგვის 4 ოპერაცია გადაიტანა...

სესილია დეიდამ და ბიძამ გაზარდეს. როდესაც წამოიზარდა, მაჯაზე ტატუირება გაიკეთა თვითმფრინავის გამოსახულებით, რომელიც ერთდროულად მის ყველაზე ტრაგიკულ და ყველაზე იღბლიან დღეს აგონებს. აღარ ეშინია ფრენის, რადგან მიაჩნია, რომ ის, რაც ერთხელ შეემთხვა, მეორედ აღარ განმეორდება.

ლარისა სავიცკაია

1981 წლის 24 აგვისტოს 20 წლის სტუდენტი ლარისა სავიცკაია საქორწინო მოგზაურობიდან ბრუნდებოდა მეუღლე ვლადიმირთან ერთად. თვითმფრინავი AH-24, რეისი ამურის კომსომოლსკი-ბლაგოვეშჩენსკი, ქალაქ ზავიტინსკის თავზე, 5200 მეტრის სიმაღლეზე, ბომბდამშენ Ty-16-ს შეეჯახა. ორივე თვითმფრინავის ეკიპაჟი დაიღუპა... AH-24-მა ვარდნა დაიწყო. ლარისა, რომელსაც თვითმფრინავის კუდში სავარძელზე ეძინა, ძლიერმა დარტყმამ გააღვიძა... სალონს ცეცხლი ეკიდა. ლარისა სავარძლიდან წამოხტა და მოახერხა გასასვლელში გავარდნა, თუმცა, როგორც შემდეგ იგონებდა, გაახსენდა იტალიური ფილმი "სასწაულები კიდევ ხდება", რომელშიც მთავარი პერსონაჟი ქალი ანალოგიურ სიტუაციაში სავარძელს ჩაჭიდებული გადარჩა და ლარისა ისევ უკან დაბრუნდა... შემდეგ ჰყვებოდა, რომ "არ მჯეროდა გადარჩენის, უბრალოდ მინდოდა, უმტკივნეულოდ მოვმკვდარიყავიო".

თვითმფრინავის კორპუსის ნაწილი ტყეში, ტირიფების კორომში ჩავარდა, რამაც შეჯახების ძალა შეასუსტა. სპეციალისტებმა გამოთვალეს - 3 მ სიგანისა და 4 მ სიგრძის ნამსხვრევზე მყოფი ლარისა 5200 მ სიმაღლიდან 8 წუთის განმავლობაში ვარდებოდა. ნამსხვრევის მიწასთან შეჯახებისას მან რამდენიმე საათით გონება დაკარგა, თუმცა გამოფხიზლების შემდეგ მოახერხა გადაადგილება. ტყეში გვამებსა და ნამსხვრევებს შორის ლარისამ 2 დღე-ღამე გაატარა და დროებითი თავშესაფარიც მოიწყო. მაშველები გაოგნებული იყვნენ, როგორ მოახერხა ქალმა გადარჩენა. ლარისა სავიცკაია ერთადერთი გადარჩენილი იყო 38 კაცს შორის. იმდენად დარწმუნებული იყვნენ, რომ ამ საზარელ ავიაკატასტროფას ვერავინ გადაურჩებოდა, რომ საფლავი ლარისასთვისაც მომზადებული ჰქონდათ. ქალს დაუდგინდა ტვინის შერყევა, ხერხემლის ტრავმები, ნეკნებისა და ხელის მოტეხილობა, დაკარგა თითქმის ყველა კბილი.

აღსანიშნავია, რომ ლარისა სავიცკაია გინესის რეკორდების წიგნში ორჯერ მოხვდა - როგორც ყველაზე დიდი სიმაღლიდან ვარდნის შემდეგ გადარჩენილი და ადამიანი, რომელმაც ავიაკატასტროფაში ფიზიკური ზიანის სანაცვლოდ ყველაზე მცირე კომპენსაცია მიიღო - საბჭოთა მთავრობამ მისთვის 75 მანეთი გაიღო.

ვესნა ვულოვიჩი

1972 წლის 26 იანვარს იუგოსლავიის სამგზავრო თვითმფრინავი Douglas DC-9, რომელიც ასრულებდა რეისს კოპენჰაგენი ზაგრები 10 160 მ სიმაღლეზე ჰაერში აფეთქდა. ტრაგედიის მიზეზი ბორტზე აფეთქებული ბომბი გახდა, რომელიც ხორვატმა ტერორისტებმა აიტანეს. შუა სექციაში იმყოფებოდა 22 წლის სტიუარდესა ვესნა ვულოვიჩი, რომელიც, წესით, არ უნდა ყოფილიყო ამ რეისზე - მეგობარსა და სეხნიას, ვესნა ნიკოლიჩს ცვლიდა. თვითმფრინავის ნამსხვრევები დათოვლილ ხეებს დაეცა, რამაც შეასუსტა დარტყმის ძალა. უგონო მდგომარეობაში ის გლეხმა იპოვა, რომელიც ომის წლებში გერმანელთა საველე ჰოსპიტალში მუშაობდა და პირველი დახმარებაც აღმოუჩინა. საავადმყოფოში ვესნა 27 დღე კომაში იყო. 1985 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა ნომინაციით: "ყველაზე მაღალი ნახტომი პარაშუტის გარეშე". სერტიფიკატი ვესნას მისმა კერპმა, ლეგენდარულმა პოლ მაკარტნიმ გადასცა.

ერიკა დელგადო

1995 წლის 11 იანვარს თვითმფრინავი McDonnell Douglas DC-9-14 ასრულებდა რეისს ბოგოტა-კარტახენა. ბორტზე 47 მგზავრი და ეკიპაჟის 5 წევრი იმყოფებოდა.

დაშვებისას სიმაღლის მზომის მწყობრიდან გამოსვლის გამო თვითმფრინავი მოწყვეტით ჩავარდა ჭაობიან ადგილას. 9 წლის ერიკა დელგადო თვითმფრინავიდან იმ დროს გადმოვარდა, როცა ლაინერმა ნაწილებად დაშლა დაიწყო. როგორც გოგონა იხსენებდა, ის დედამისმა გადმოაგდო. ერიკა წყალმცენარეების გროვაში ჩავარდა, რამაც დარტყმა შეასუსტა, თუმცა თავის დაღწევას ვერ ახერხებდა. კატასტროფის ადგილზე მაროდიორობა დაიწყო: ვიღაცამ მას ოქროს სამკაული ჩამოჰგლიჯა. გოგონას უშველა ფერმერმა - ბავშვის ყვირილი გაიგონა და ჭაობიდან ამოიყვანა. ერიკას მხოლოდ ხელი ჰქონდა მოტეხილი.

ჯულიანა დოლერ კეპკე

1971 წლის 24 დეკემბერს პერუს ავიაკომპანია LANSA-ს თვითმფრინავი Lockheed L-188 Electra საავდრო უბანში მოხვდა, დაეცა მეხი და უძლიერესი ტურბულენტობის ქვეშ მოექცა. 3200 მ სიმაღლეზე ხომალდმა ჰაერში დაშლა დაიწყო და ლიმადან 500 კმ-ის დაშორებით ტროპიკულ ტყეში ჩავარდა. 17 წლის მოსწავლე ჯულიანა კეპკე ქამრით სავარძელზე იყო მიკრული თვითმფრინავის იმ ნაწილში, რომელიც მოსტყდა ძირითად კორპუსს. გოგონა საშინელ ავდარში ვარდებოდა, თვითმფრინავის ნამსხვრევი კი ისე ბრუნავდა, როგორც ვერტმფრენის ხრახნი. ამ ბრუნვამ და ხეების ხშირმა კენწეროებმა შეარბილა დარტყმა. ჯულიანამ მოიტეხა ლავიწი, დაიზიანა ხელი და მარჯვენა თვალი, მთელი სხეული კი დაკაწრული ჰქონდა. ამის მიუხედავად, ტყეში გზის გაგნება მოახერხა. გოგონას მამა ბიოლოგი იყო და შვილს ტყეში გადარჩენის წესებს ასწავლიდა. ჯულიანამ საკვებიც მოიპოვა, შემდეგ ღელეც ნახა და დინებას დაღმა გაჰყვა... 9 დღე იარა, სანამ მეთევზეებამდე არ მიაღწია. ჯულიანა კეპკეს ამბავზე დაყრდნობით რამდენიმე მხატვრული ფილმიც გადაიღეს. მათ შორის "სასწაულები კიდევ ხდება" - სწორედ ის, რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ ლარისა სავიცკაია გადაარჩინა.

ბახია ბაკარი

2009 წლის 30 ივნისს იემენის ავიაკომპანიის თვითმფრინავი მიფრინავდა რეისით პარიზი-კომორის კუნძულები. 153 მგზავრს შორის იყო 13 წლის ბახია ბაკარი. თვითმფრინავი ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა. გოგონას არ ახსოვს, რა მოხდა, რადგან ეძინა. ბახიას აზრით, ის ილუმინატორიდან გამოიტყორცნა. გოგონამ მიიღო მრავლობითი დაჟეჟილობა და ლავიწის მოტეხილობა, მაგრამ მთავარი იყო, მაშველების მოსვლამდე წყალში გაეძლო. თვითმფრინავის ჩაუძირავ ნამსხვრევზე 14 საათი გაატარა. გოგონა მეთევზეებმა იპოვეს... შემდეგ სპეციალური თვითმფრინავით პარიზში ჩაიყვანეს, სადაც ჰოსპიტალში პრეზიდენტმა სარკოზიმ მოინახულა. ბახია ბაკარმა დაწერა ავტობიოგრაფიული წიგნი ("გადარჩენილი"), რომელშიც მისი თავგადასავალია აღწერილი.

იხილეთ ასევე: "თვითმფრინავი ორად გაიპო და... " - ავიაკატასტროფისას 3000-მეტრის სიმაღლიდან ვარდნისას გადარჩენილი გოგონას ამბავი

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა რამაზ გურგენიძემ