"შვიდი ტყვია მაქვს სხეულში" - საფრანგეთისა და ბელგიის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართველი პარტიზანის საოცარი ნაამბობი (ექსკლუზივი)
20-03-2018
"შვიდი ტყვია მაქვს სხეულში" - საფრანგეთისა და ბელგიის წინააღმდეგობის მოძრაობის ქართველი პარტიზანის საოცარი ნაამბობი (ექსკლუზივი)
"19 წლის არტილერისტი სხვებთან ერთად მოტორიან ნავში ჩამსვეს. 10 სექტემბრის ღამეს ოპერაცია დაიწყო... ეს ოპერაცია ნოვოროსიისკის სადესანტო ოპერაციის სახელით შევიდა ისტორიაში"

ვანის რაიონის სოფელი ყუმური განთქმული იყო ხეხილისა და თხილის ბაღებით, ბაღჩეულით, სიმინდის ყანებით, ძლიერი სოფლის სხვა ათასი სიკეთით, მაგრამ გამოხდა ხანი, ახალგაზრდობა გაიკრიბა, სოფელიც მობერდა და გვერდზე გადაქანებული საბძელივით აჭრიალდა, აქ ახლა მოსახლეობის უმრავლესობა ხანში შესულია...

საფრანგეთისა და ბელგიის წინააღმდეგობის მოძრაობის წევრი, ქართველი პარტიზანი,­ ბენია­ გიორგაძე გასული საუკუნის დამდეგს
სწორედ აქ, ერთ დროს აყვავებულ სოფელში დაიბადა და მეუღლესთან, მარგალიტა გიორგაძესთან ერთად კვლავაც აქ ცხოვრობს. ბატონი ბენია ამბობს, რომ ომმა მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სწორედ იმ, ყუმურიდან ძალიან შორს გატარებულ წლებზე ვსაუბრობთ. ეს მისი პირველი ინტერვიუა. ექსკლუზიურიც და ცოტა სევდიანიც.

- ბატონო ბენია, როგორ გრძნობთ­
თავს?

- რა ვიცი, მაინცდამაინც კარგად ვერ ვარ. საუკუნეს 6 წელი მიკლია. 1923 წელს დავბადებულვარ. რეგისტრაცია მოგვიანებით გაუკეთებიათ, ამიტომ აღარავის ახსოვს, რომელ მაისს დავიბადე, მაგრამ შვილიშვილებმა გადაწყვიტეს, 9 მაისს აღნიშნონ ხოლმე ჩემი იუბილე.

- რამდენი წლის იყავით, როდესაც ომში გაგიწვიეს?

- 18 წლისა, ჩემამდე ჩემი ოთხი ძმა წაიყვანეს. არც ერთი არ დაბრუნებულა... შერმადინი დიდებულად ცეკვავდა. ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დასჭირვებია. არაფრით დათანხმებულა. ალბათ, ცეკვის გამო თქვა უარი და იმან შეიწირა. სხვები­ როგორ დაიღუპნენ, არ ვიცი...

- როგორი განწყობით წახვედით სამშობლოს დასაცავად, სიხარულით მიდიოდით თუ არ გინდოდათ წასვლა?

- აბა, რა გითხრათ, მთავრობას უარს ხომ ვერ ვეტყოდი. 1943 წელს შევუერთდი ფრონტს, უკრაინაში.

- ყველაზე მკაფიოდ, ალბათ, პირველი შთაბეჭდილება გახსოვთ.

- მახსოვს, აბა! ეს ოპერაცია ნოვოროსიისკის სადესანტო ოპერაციის სახელით შევიდა ისტორიაში. იქ ათასობით ქართველი დაიღუპა. 42-კაციან რაზმებად გაგვანაწილეს და მე, 19 წლის არტილერისტი, სხვებთან ერთად მოტორიან ნავში ჩამსვეს. 10 სექტემბრის ღამეს ოპერაცია დაიწყო. ჩვენები ზღვიდანაც და ციდანაც უტევდნენ გერმანელებს, მაგრამ პირველივე დარტყმა ჩვენთვის დანაკარგიანი აღმოჩნდა. ზოგი გარბოდა, ზოგი ჩაიძირა, ზოგიც თავისიანებმა მოკლეს.

ჩვენი ნავის კაპიტანს შეეშინდა შეტევაზე გადასვლა, ასმეთაურმა იარაღი შუბლზე მიადო და უბრძანა დამორჩილება. ჩვენც გაგვაფრთხილეს, რომ თუკი ვინმე გაქცევას მოინდომებდა, წაგვეტანებინა კისერში ხელი, გაგვექაჩა აქეთ ან ჩაგვეძირა. ჰოდა, აქეთ ესენი, გადარეულები, იქით შეიარაღებული გერმანელები - ყველგან სიკვდილია. რა მოხდა, არც ვიცი, მაგრამ რაღაც მომენტში დიდი ტალღები წამოვიდა, დაზანზარდა იქაურობა და წყალში გადავვარდი.

ამოვცურე, როგორც იქნა. ერთი სულელი რუსი მომდევს, კუდა პლივიოშო, მექაჩება. კვდება და დავალებას ასრულებს. ჰგონია, გავრბივარ. სად უნდა გაიქცე, გასაქცევი გზა არის თუ რა?! ვკარი ხელი და გავაგრძელე ცურვა. მივაღწიე როგორღაც ნაპირამდე. ამ ადგილზე სიმშვიდეა, არავინ ისვრის. მოშორებით კაცის სილუეტი დავლანდე, გამიხარდა - დრუგ, ვეძახი, ჩტო ნამ ძელატ-მეთქი, ის კიდევ არ ინძრევა. მივუახლოვდი და მკვდარია. სიბნელეს თვალი რომ შევაჩვიე, ვხედავ, იქაურობა მოფენილია მიცვალებულებით. ქალი, კაცი, სამხედრო, სამოქალაქო... მცივა, მეშინია. მოკლედ, მოვუსინჯე აბგები დახოცილებს და სუფთა და მშრალი თეთრეული შევაგროვე. მერე ზოგს შარვალი გავხადე, ზოგს ბათინკი... რა მექნა?! მშრალი ვარ, თუთუნიც მაქვს, ვეწევი და სანგარში მიცვალებულებით გარშემორტყმული ვზივარ. ველოდები რაღაცას, არ ვიცი, რას, ამ დროს პირველი ცოცხალი კაცი გამოჩნდა. წამიყვანა შტაბში... ასმეთაური ქართველი იყო, ზაქრო ერქვა. გაუხარდა ჩემი დანახვა, მომხედა, რაც შეეძლო.

- საფრანგეთში როგორ მოხვდით?
- 1943 წელსვე "მოვახერხე" ტყვედ ჩავარდნა "მალაია ზემლიაზე". შეტაკების შემდეგ დაჭრილებსა და მიცვალებულებთან ერთად ვიწექი. გერმანელები სანიტრების თანხლებით ჩხრეკდნენ მიდამოს და ვინც მსუბუქად იყო დაჭრილი, ტყვედ მიჰყავდათ, ვინც უფრო მძიმედ, იქვე კლავდნენ. მე ხელ-ფეხი მქონდა დახვრეტილი და წამიყვანეს. ცოტა ხანს პოლონეთში გამაჩერეს, ამასობაში მომიშუშდა იარები. შემდეგ საფრანგეთისკენ წამიყვანეს. პარიზამდე 40 კილომეტრი გვქონდა დარჩენილი, როდესაც მატარებელი დაბომბვაში მოხვდა. ტყვეების გარდა, იმ ეშელონით იარაღიც გადაჰქონდათ გერმანელებს, ამიტომ რუსებმა ტყვიაწამლიანად დაადუღეს ყველაფერი. იმ დაბომბვაში ჩვენი, ტყვეების გარდა, გერმანელებიც დაიღუპნენ და მშვიდობიანი მოქალაქეებიც.

დღე ვიმალებოდი, ღამე მივდიოდი. ერთ­კვირიანი წვალების შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქამდე ჩავაღწიე. პარიზში ფრანგმა ოჯახმა შემიფარა. მერე ბელგიაში გადასვლა მირჩიეს, რადგან იქაური წინააღმდეგობის მოძრაობა დამხმარე ძალას საჭიროებდა. ომის დამთავრებამდე მათ მხარდამხარ ვიბრძოდი, შვიდი ტყვია მაქვს სხეულში. სხვათა შორის, მრისხანე მტერი ვიყავი მე მაგათი!

- ომის შემდეგ ბევრი საბჭოთა მეომარი დარჩა ევროპაში, ზოგიც ამერიკაში წავიდა. თქვენ არ გიფიქრიათ ამაზე?

- წარმოიდგინეთ, მე გული მაქვს სიხარულით გადაქანებული, სახლში მივდივარ-მეთქი, ვემზადები, ამ დროს სამხედრო მანქანები ჩამოდგა - რუსულიც და ამერიკულიც. ჰოდა, ერთი ჩინიანი ამერიკელი დგას და გვეუბნება, აი, ბატონო, ვისაც ინგლისში ან ამერიკაში სურს გამგზავრება, მარჯვნივ გამობრძანდეს, ვისაც უკან, საბჭოთა კავშირში, მარცხნივო. ბევრი წავიდა მაშინ ამერიკაში. მე ისე მიხაროდა ჩემს ყუმურში დაბრუნება, სად წავიდოდი? ხანდახან კი მიფიქრია, აქანე რა მინდოდა-მეთქი. მოკლედ, სახლში წასვლის მსურველი 80 000 კაცი შეგვკრიბეს და რადგან გზები, ხიდები აფეთქებული იყო, არც ტრანსპორტი კმაროდა, ფეხით გამოვუყევით გზას. 3 თვე მოვდიოდით. დონბასამდე ასე მოგვიხაროდა, მაგრამ იქ გზა აღარ გაგვაგრძელებინეს და ზოგს დაბომბილ მაღაროებში, ზოგს კი მშენებლობებზე გვიკრეს თავი.

- ახალ პატიმრობაში მოხვედრილხართ.

- რას ამბობთ, იმას პატიმრობა­ სჯობდა! 6 თვე გავატარე მაღაროში. მერე, ბედად, თურმე ერთი გურული ქალი მუშაობდა მოსკოვში, ცეკაში, ჰოდა, მისი მონდომებით ყველა ქართველი ტყიბულის მაღაროსკენ გაგვამგზავრეს. 1947 წელს პირველად შევაღე სახლის კარი. მხოლოდ მამა დამხვდა. აღარც დედა მყავდა და აღარც ძმები.

- ჯილდოები თუ გაქვთ?

- რაღაცა მედლები და სიგელები მაქვს. ყველაზე მეტად კი ორი წლის წინ იმ ქალის ჩამოსვლა გამიხარდა, კოსტიუმი რომ ჩამომიტანა გერმანიიდან. ის ქალი ომის ვეტერანების მოსანახულებლად გერმანიის მთავრობამ გამოგზავნა. მითხრა, ჩვენო, ბოდიშს გიხდითო, ასეთ დღეში რომ ჩაგაგდეთო და კარგი კოსტიუმი და 300 ევრო გადმომცა. კარგი ქალი იყო, ჰოდა, კი წავიდა თავის გზაზე. მიეფარა თუ არა თვალს, ჩვენებმა 200 ევრო უკან გამომართვეს, მთლიანად შენ არ გეკუთვნისო, ასე ამიხსნეს… მთავრობის ხალხმა წაიღო ის 200 ევრო, ვინაც ჩემამდე მოიყვანა ის გერმანელი კარგი ქალი.

- თქვენ ის მითხარით, გერმანელ სტუმარს თქვენი სოფელი მოეწონა?

- სოფელი კარგია, რატომ არ მოეწონებოდა, მაგრამ წყალი და გაზი არ არის და მაგას ეგ ვერ შეამჩნევდა. გზა დააგეს, მაგრამ ბოლო კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი ისე დატოვეს, როგორც იყო, ოღროჩოღროდ. ზამთარია რთული, თორემ ზაფხულში ცოტ-ცოტას ყანასაც ვუვლი და თხილსაც ვბოჭავ, კარტოფილი, ხახვი მაქვს დათესილი, მწვანილს, ქათამს ჩემი ცოლი უვლის. ერთმანეთსაც ვუვლით, შვილიშვილებიც არ გვანატრებენ თავს...

ვერ გვასაქმებენო, ახალგაზრდები რომ გაიძახიან, ეგ მიკვირს ცოტა. სოფელში გლეხის დასაქმება მიწაზე შეიძლება და რომელ დასაქმებას გულისხმობენ, არ მესმის. ზარმაცობენ, ალბათ, ხომ ვარ მართალი?
მთავრობას გაზი, გზა, ელექტრობა და წყალი მოეთხოვება, გლეხს კიდევ შრომა, ჰოდა, სოფელიც აყვავდება. ეგაა ცხოვრება.

- ბატონო ბენია, რუსების მხარდამხარ იბრძოდით. არ ბრაზობთ, ახლა ასე რომ გვემტერებიან?

- რუსები კი, როცა მათთან ერთად ვიბრძოდი, ეტყობა, მაშინ ვარგოდნენ და ახლა აღარ ვარგიან. ან სტალინის ეშინოდათ და არც მაშინ ვარგოდნენ?

- რამეზე გწყდებათ გული? ან ხომ არ ფიქრობთ, რომ მეტად უნდა გაფასებდეთ სახელმწიფო?

- ჩემს შრომას ჩემი ოჯახი თუ დამიფასებს, თორემ სხვას რა უნდა მოვთხოვო, ან სახელმწიფოს რაში ადარდებს, სად ვიომე? რაც შეუძლიათ, კი აკეთებენ, 236 ლარს მიხდიან ყოველთვიურად. ეგაა დაფასება, ალბათ.

ბედნიერად ვიცხოვრე, კი ვწვალობდი ბევრს, მაგრამ არაფერზე მწყდება გული. ერთადერთი, რაც ევროპაში სინანულით დავტოვე, ჩემი მეგობარი იყო. ბრიუსელში დავმეგობრდით. საექიმოზე სწავლობდა - ოთარ წერეთელი. ომამდეც იქ ცხოვრობდა. მის შესახებ ომის დამთავრების შემდეგ აღარაფერი გამიგია. თანატოლები ვიყავით. ვინ იცის, ეგება ცოცხალია და იმასაც გაუხარდეს ჩემი ამბის გაგება?

დეა ცუცქირიძე
Gia
21 მარტი 2018 03:32
Didxans icocxle babu. Gmiri xar!!!
კახი
20 მარტი 2018 22:37
ამ ნაომარ 94 წლის კაცს გერმანელი ქალის მიერ ნაჩუქარ 200 ევროს რომ წაართმევს ადამიანი ის შეიძლება ადამიანათ იწოდებოდეს?
giorgi
20 მარტი 2018 19:06
ძალიან მაგარი ცხოვრებით დახუნძული უმაგრესი კაცური კაცი ბენია ბატონო თქვენისთანა ხალხი აკეთოლშობილებს ამ ცხოვრებას გაიხარეთ

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები