"ჩემ მიერ ბრალდებულის შვილის ნათლიაც ვარ" - პროკურორი, რომელსაც 114 ნათლული ჰყავს
"ჩემ მიერ ბრალდებულის შვილის ნათლიაც ვარ" - პროკურორი, რომელსაც 114 ნათლული ჰყავს
"ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში­ დედა და ქალიშვილი დახოცეს. თავიდან ორიენტირი ძარცვაზე ავიღე, რადგან ოჯახში იმ დროს ფული უნდა ყოფილიყო. 37 დღე-ღამე არ მიძინია და გავედი კვალზე, რუსთავში ვიპოვე მკვლელი"

ეს ღვაწლმოსილი ქალბატონი ყოფილი პროკურორია. სანამ მის ნათლულთა­ არმიას მშვიდად ეძინა, ლენა კაპანაძე­ კრიმინალს ებრძოდა. ამა სტატიაში სულ სხვანაირ ნათლია-პროკურორს გაიცნობთ:

ლენა კაპანაძე: - მე ბედნიერი ქალი ვარ, 114 ნათლული მყავს - ჩემი კლასელები, ჯგუფელები, მეგობრები და კოლეგები, ასევე მათი შვილები,
დისშვილები და ძმისშვილები... ვცდილობ, ყველას ყურადღება მივაქციო. ზოგიერთთან თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს.

- ალბათ, ყველას სახელი არ გემახსოვრებათ...

- როგორ არა. პირველი ნათლული ლაშა იყო, სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა მოვნათლე. ყველაზე პატარა ხუთი წლისაა, ყველაზე დიდი 36-ის. ჩემს ნათლულებს შორის ბევრი პროკურორია. მალე 115-ე ნათლული
მეყოლება, ის ახლა სულ რამდენიმე თვისაა.

- თქვენთვის უცნობი ოჯახის შვილი თუ მოგინათლავთ?

- ძალიან მძიმე წლებში მომიწია პრო­კურორობამ. ერთხელ გაჭირვებული­ ბიჭი მოვიდა, ოპერაციის ფული არ ჰქონდა და დახმარება ითხოვა. ყველანაირად გვერდით დავუდექი... როცა წლები გავიდა, მოვიდა და მითხრა, ვიქორწინე და შვილი შემეძინა, უნდა მომინათლოო. ასე გავხდი მისი შვილის ნათლიაც. მწყინს, რომ რამდენიმე ნათლული დამეკარგა. ეს არ არის კარგი და მინდა, ყველა ირგვ­ლივ მყავდეს. მინდა, ერთად ვაკეთოთ სიკეთე და ვიცხოვროთ ქრისტიანულად. მე და ჩემმა ძმამ 1992 წელს ჩვენს სოფელში ეკლესია ავაშენეთ, ხაშურის რაიონში. დანაშაულთან მებრძოლი პირველ რიგში უნდა იყოს ღვთისმოშიში, მერე კი კანონის. რამდენიმე ბავშვი პატრიარქთან ერთად მოვნათლე. ერთ-ერთ ნათლისღებაზე ერთდროულად ხუთი ბავშვი მოვნათლე.

- ხშირად გსტუმრობენ ნათლულები?

- ძირითადად, ნათლისღებას. დაბადების დღეებზე, შობას და სხვა დღეებში ვხვდებით ან ტელეფონით ვკონტაქტობთ.

- თქვენ მიერ ბრალდებული ან მისი ოჯახის წევრი თუ მოგინათლავთ?

- ჩემ მიერ ბრალდებულის არა, მაგრამ მსჯავრდადებულის შვილის ნათლია კი ვარ. ვცდილობ ჩემი ნათლულები ერთმანეთს გავაცნო. როცა კასპის პროკურორი ვიყავი, მაშინ ბავშვთა სახლის ბავშვები მოვნათლე. ეს დიდი მადლია.

- ყველაზე რთული საქმე თქვენი პროკურორობის დროს...

- ხაშურის რაიონის ერთ-ერთ სოფელში­ დედა და ქალიშვილი დახოცეს. თავიდან ორიენტირი ძარცვაზე ავიღე, რადგან ოჯახში იმ დროს ფული უნდა ყოფილიყო. 37 დღე-ღამე არ მიძინია და გავედი კვალზე, რუსთავში ვიპოვე მკვლელი. კი დავაკავე, მაგრამ ნივთმტკიცებას ვერ ვიღებდი. მაშინ დახვრეტა ჯერ კიდევ არსებობდა და დამნაშავე ბრალს არ აღიარებდა. როცა ციხეში შევედით, ერთმა პატიმარმა იყვირა, დახვრეტა აღარ არსებობსო და ამის შემდეგ მოგვცა მკვლელმა აღიარებითი ჩვენება, მიგვითითა ადგილ­იც, სადაც ნაძარცვს მალავდა. ოქროული­ თივის ზვინში დაუმალავს, მაგრამ მისი კანონიერად გასამართლება ვერ მოვასწარით - ის კაცი გამთენიისას სოფელმა მომპარა­ და ლინჩის წესით გაასამართლა. ეს 1995 წელს მოხდა. ეს იყო უმძიმესი საქმე ჩემს კარიერაში.

- ძნელია იყო ქალი პროკურორი?

- კოლეგა მამაკაცებისგან განსხვავებით, გაცილებით ნაკლები საშიშროება­ არსებობდა, ქალის ფაქტორი მაინც მუშ­აობდა, დამნაშავეებთანაც კი ჰქონდა ამას მნიშვნელობა. მთავარია, დაზარალებულს აგრძნობინო, რომ თანაუგრძნობ, რომ უკანონობას ებრძვი. ეს არის ამოსავალი წერტილი. მახსოვს, ხაშურის პროკურორობის დროს, ქალი მოვიდა დაკაწრული, დასისხლიანებული, ჩიოდა, გამაუპატიურესო. დავიწყეთ გამოძიება. როცა საქმე სასამართლომდე მივიდა, აღმოჩნდა, რომ ბრალდებულს შეურიგდა. მსგავს შემთხვევებში ვინ რა უნდა გააკეთოს? კანონთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია დანაშაულის დასამარცხებლად. მთავარია, იცოდეს ხალხმა, რას, ვის და რატომ ებრძვი. ხალხისთვის მთავარია სწორი ინფორმაცია.

ამ ქალბატონის კარიერ­აში ათასობით გახსნილი საქმეა, პირად ცხოვრებაში კი ასზე მეტი ადამიანის მეორე დედაა. კიდევ არაერთის ნათლია გახდება.


თორნიკე ყაჯრიშვილი
მაია
15 მარტი 2018 11:01
აღვიდგინე ის გოგონა, რომელმაც ჩვენი კურსის გაცილების ზეიმი ითავა და წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა. იგივე სახე შერჩენია, ოღონდ, ცოტა შესუქებულა. სულ მესმოდა მისი სახელი კარგ კონტწქსტში. გაუმარჯოს! რამდენადაც ვიცი, მეუღლე გვარად წერეთელი ჰყავს. რატომ მის ოჯახზე არაფერს სწერთ?
თამუნა
13 მარტი 2018 17:38
გული გამითბო ამ სტატიამ, გაცნობის დღიდან გაფასებთ ქალბატონო ლელა და ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განწყობილი, ღმერთმა სიკეთე მოგცეთ
ქურდი
13 მარტი 2018 17:12
უკვე პროკურორებსაც დაუწყეს რეკლამირება! რა საჭიროა იყო ნათლია თუ ნათლულის სულიერ აღზრდაში არ მიიღებ მონაწილეობას! 114 ნათლულის სახელებიც არ ეცოდინება.ტყუის როგორც ყველა პროკურორი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები