აბა, არ უნდა იცოდე, სად მიძვრები?
05-03-2018
აბა, არ უნდა იცოდე, სად მიძვრები?
"დიდგაბარიტიანი ავტომანქანის უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტი არ იყო შეთანხმებული მერიასთან, შესაბამისად, ამიტომაც მიიღო მძღოლმა ასეთი შედეგი"

1 მარტს ბარათაშვილის ხიდის ქვეშ დიდგაბარიტიანი ავტომანქანა გაიჭედა - დაზიანდა ხიდიც, რომლის რეაბილიტაცია არც ისე დიდი ხნის წინ დასრულდა.

მოგვიანებით გაირკვა, რომ მძღოლი 250 ლარით დააჯარიმეს, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სწორედ ბარათაშვილის ხიდის ქვეშ სატვირთო ავტომობილმა გასვლა ვერ მოახერხა.

კონკრეტულად, ვინ არეგულირებს დედაქალაქის ქუჩებში დიდგაბარიტიანი ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილებას, ამის გასარკვევად თბილისის ტრანსპორტის
საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს, მამუკა მუმლაძეს დავუკავშირდით:

- დიდგაბარიტიანი ტვირთის გადატანა ქალაქში შესაბამისი პროცედურების გავლას მოითხოვს, კერძოდ, ფიზიკურმა პირმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურს, სადაც მას შეურჩევენ მარშრუტს იმისთვის, რომ ტვირთი უსაფრთხოდ, უვნებლად გადაიტანოს და არ მოხვდეს ხიდის ქვეშ. ამისთვის არსებობს შემოვლითი გზები, რისთვისაც
ასევე საჭიროა საპატრულო პოლიციის ნებართვაც.
ეს კონკრეტული ფაქტი არ იყო შეთანხმებული მერიასთან, შესაბამისად, არც მარშრუტი იყო განსაზღვრული და ამიტომაც მიიღო მძღოლმა ასეთი შედეგი.

ფოტოზეც კარგად ჩანს, რომ ტვირთის სიმაღლე ნახევარი მეტრით აღემატება ხიდს. შესაბამისად, დამნაშავეა თვითონ შემსრულებელი, რომელმაც წესები დაარღვია.

ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა ერთი თვის წინ გმირთა მოედანზე არსებულ ესტაკადაზეც. სწორედ ამიტომ ჩვენი ინიციატივაა, ჯარიმა გაიზარდოს 500 ლარამდე, რადგან დღეს ქალაქში დიდგაბარიტიანი ავტომანქანის გადაადგილებაზე ჯარიმა მხოლოდ 20 ლარით განისაზღვრება.
ბუნებრივია, ქალაქის შემოსასვლელებში დამონტაჟებულია გამაფრთხილებელი ნიშნები, რომ იკრძალება სატვირთო ავტომანქანების გადაადგილება, თუმცა წესების დარღვევის ფაქტები მაინც ფიქსირდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით