"ქვეყნის 25% წაგვართვეს, ოთხოზორია თვალწინ მოგვიკლეს, ტატუნაშვილს რა უქნეს... და პუტინს თურმე არაფერი წაურთმევია..." - კვირის პალიტრა

"ქვეყნის 25% წაგვართვეს, ოთხოზორია თვალწინ მოგვიკლეს, ტატუნაშვილს რა უქნეს... და პუტინს თურმე არაფერი წაურთმევია..."

"აქაურ მთავრობას კითხეთ რატომ ლაპარაკობენ ქეთა თოფურია და სხვები ეგრე, აქაც ხომ გვყვანან კულტურის მუშაკები, ვითომ მუშაკები..."

"რუსეთმა რა და როგორ წაგვართვა, ეს ჯერაც ვერ გაურკვევიათ..."

ჩვენში საკმაოდ ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა ინფორმაციას, რომ მოსკოვში კონცერტის გამართვას გეგმავს ნანი ბრეგვაძე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ოკუპაციის კიდევ ერთი მსხვერპლი, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემაზე ოკუპაციური რეჟიმი დღემდე უარს ამბობს. კიდევ უფრო რეზონანსული გამოდგა ქეთა თოფურიას მოწოდება რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ და ამას მოყოლილი პუტინისადმი მიძღვნილი დითირამბები.

კოლეგას არ ჩამორჩა კიდევ ერთი მომღერალი დათო ხუჯაძე, რომლის აზრითაც თურმე პუტინს იმას ვთხოვთ რაც მას არ წაურთმევიაო... ამ ყველაფერმა ხალხის განსაკუთრებული გაღიზიანება გამოიწვია...

საყოველთაოდ ცნობილია, რომ 2008 წლის შემდეგ რუსეთში გამოსვლაზე პრინციპულად უარს ამბობს ბუბა კიკაბიძე:

- რუსეთში 2008 წლის შემდეგ არ ვყოფილვარ! ომის დაწყებამდე ცოტა ადრე სიტუაცია დაიძაბა და იქედან მოყოლებული რუსეთთან კავშირი გავწყვიტე. ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ახლაც მიწვევენ, მუდმივად მირეკავენ და მეძახიან, მაგრამ არ მივდივარ!

- თუმცა ბევრი არ მოქცეულა თქვენსავით...

- სხვაზე ლაპარაკი არ მინდა, რა ვუთხრა, არ წახვიდეთ და მოსკოვში არ იმღეროთ-მეთქი?! ყველას თავის თავმოყვარეობა უნდა ჰქონდეს... და ქვეყნის სიყვარული და ვისაც როგორ უნდა ისე მოიქცეს!

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსკოვში კონცერტს მართავს ქართული ესტრადის ვარსკვლავი ნანი ბრეგვაძე...

- მე ნანიზე და სხვებზე არასოდეს არაფერს ვიტყვი, არ ვარ ჭორიკანა კაცი! ნანი არის ჩემი და, ძალიან მიყვარს!

- როგორც დას, რას ურჩევდით?

- ასეთი რამეების რჩევა არ შეიძლება გენაცვალე! ეს ყველაფერი შიგნით გულში უნდა გქონდეს! მე ხომ ვერ ვეტყვი არ წახვიდე ან წადი-მეთქი?!..

ვხედავთ რაც ხდება ტატუნაშვილთან დაკავშირებით, ახალი ამბავი ხომ არ არის რუსეთი რომ ოკუპანტია?! რაღად უნდა ამას კითხვა! ნორმალური ადამიანი ყველა ამის წინააღმდეგ იქნება და მეც ერთ-ერთი ვარ!

- ქეთა თოფურია ამბობს სააკაშვილმა დაუშავა საქართველოს, თორემ პუტინმა რა დაუშავაო...

- ქეთა თოფურია იქ მღერის და ეტყობა იქედან გამომდინარე ამბობს... აქაურ მთავრობას კითხეთ რატომ ლაპარაკობენ ქეთა თოფურია და სხვები ეგრე, აქაც ხომ გვყვანან კულტურის მუშაკები, ვითომ მუშაკები...

- დათო ხუჯაძის აზრით კი, თურმე პუტინს იმას ვთხოვთ, რაც მას არ წაურთმევია...

- კაი, კაცო, ერთი! რუსეთმა რა და როგორ წაგვართვა, ეს ჯერ ვერ გაურკვევიათ და მე რა უნდა ვუთხრა... ქვეყნის 25% წაგვართვეს, ოთხოზორია თვალწინ მოგვიკლეს, ტატუნაშვილს რა უქნეს, კიდე კაცმა არ იცის... იმიტომაც არ გადმოგვცემენ ამდენ ხანს ცხედარს, რომ გაქრეს წამების კვალი... და თურმე პუტინს არაფერი წაურთმევია...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო