რენუარი - ფრანგების სიამაყე - კვირის პალიტრა

რენუარი - ფრანგების სიამაყე

"ნახატი სასიამოვნო, მხიარული და ლამაზი უნდა იყოს; დიახ, ლამაზი! ამქვეყნად ძალიან ბევრი უსიამოვნო რამ არის, კიდევ სხვა რომ მოვინდომოთ".

რენუარი

იმპრესიონისტული მიმდინარეობის თვალსაჩინო წარმომადგენელი პიერ ოგიუსტ რენუარი დაიბადა 1841 წელს საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში. მშობლებმა პატარა პიერი ფაიფურის ფაბრიკაში წაიყვანეს და მომხატველს მიაბარეს შეგირდად, სადაც იგი 4 წლის განმავლობაში სწავლობდა. ყმაწვილმა იქ თეფშების, ფინჯნებისა და ლამპების მოხატვა შეისწავლა. ამხანაგებმა მას განსაკუთრებული ნიჭის გამო "პატარა რუბენსი" შეარქვეს.

როდესაც საწარმო გაკოტრდა, რენუარი სხვადასხვა სამუშაოს ასრულებდა: ხატავდა ფარდებს, მარაოებს, მხატვრულად აფორმებდა კაფეებს. მოგვიანებით სწავლა დაიწყო შარლ გლეირის სტუდიაში, სადაც გაიცნო კლოდ მონე, სისლეი და ბაზილი, რომლებიც აკადემიურ მხატვრობას პროტესტს უცხადებდნენ. შარლ გლეირმა რენუარს სახელოსნოში სიარულის პირველივე კვირას უსაყვედურა, გასართობად ხატავთო. პიერმაც სავსებით გულწრფელად მიუგო, რომ არ ვერთობოდე, მერწმუნეთ, არც დავხატავდიო.

1869 წელს, სენის ნაპირას, "საჭყუმპალაოს" საზოგადოებრივ აბანოებში, წარმოიშვა ახალი მიმდინარეობა - იმპრესიონიზმი, რომლის წამყვანი ფიგურები იყვნენ კლოდ მონე, პოლ სეზანი, ედგარ დეგა, ედუარდ მანე, კამილ პისარო, რენუარი და ალფრედ სისლეი. მათ ბრძოლა გამოუცხადეს აკადემიურ ფერწერას და მიზნად დაისახეს გარე სამყაროს ცოცხლად, სპონტანურად ასახვა. ამის გამო სალონები მათ ნამუშევრებს არ იღებდნენ, მაგრამ მალე ყველაფერი შეიცვალა.

1874 წელს გაიხსნა გამოფენა, სადაც 30 მხატვარს შორის რენუარიც მონაწილეობდა. გამოფენილ ტილოებს შორის იყო მონეს "შთაბეჭდილება, ამომავალი მზე". რენუარს ამ დროს ძალიან უჭირდა, საღებავის ფულიც კი არ გააჩნდა, მის შემოსავალს ფერწერული ტილოების გაყიდვით აღებული მცირეოდენი თანხა შეადგენდა. მოგვიანებით რენუარმა აღიარა:

KvirisPalitra.Ge"ალბათ, ყველაფერს თავს დავანებებდი, ჩემს ძვირფას მეგობარ მონეს ზურგზე ხელის დარტყმით რომ არ გავემხნევებინე ხოლმე". ეს იყო აღიარება შემოქმედისა, რომელიც მთელი ცხოვრება გარშემორტყმული იყო მეგობრებით, ისინი ანუგეშებდნენ, როცა ეჭვით შეპყრობილი თავისი ტილოების განადგურებას აპირებდა, მაგრამ დეპრესიული ხასიათის მიუხედავად, მას ერთადერთი რამ უნდოდა - სიხარულით ეხატა ტილოები.

რენუარისთვის 1874-1884 წ.წ. ნამდვილი ოქროს ხანა იყო. ამ დროს დახატა "სამების მოედანი" და "დიდი ბულვარები" - ეს პეიზაჟები სავსეა ხატვის სიხარულით.  ბევრი ახალგაზრდა მეგობარი ჰყავდა, რომლებთან ერთადაც იგი მულენ დე გალეტში იქაურ მოდელებსა და  მონმარტრელ მუშა ქალებთან საცეკვაოდ მიდიოდა ხოლმე.  ეს მომენტი ნათლად არის ასახული მის სახელგანთქმულ ტილოზე "მეჯლისი მულენ დე ლა გალეტში".

რენუარს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ მადამ ანრიოსთან. ამ ურთიერთობამ დააკავშირა იგი თეატრალურ სამყაროსთან.  40 წლისამ კი გაიცნო ახალგაზრდა მკერავი ქალი ალინა შარიგო, რომელიც მისთვის პოზირებდა და მისი თვინიერი ხასიათით მოხიბლულს იგი აღარც მიუტოვებია.

გამწვავებულმა რევმატიზმმა შუახნის რენუარს ხელები წაართვა, იგი ფუნჯის ხელში დაჭერასაც კი ვეღარ ახერხებდა, მაგრამ მტკიცე ხასიათის მხატვარს ნებისყოფა ვერაფერმა გაუტეხა. დაუდგრომელი ბუნების წყალობითა და ახლობლების დახმარებით მოძრავ მოლბერტზე (ტილო ზევით-ქვევით მოძრაობდა) განაგრძობდა ხატვას.

ამავე პერიოდში დაიწყო რენუარმა ქანდაკებების კეთებაც და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, ამისათვის სხვისი ხელები გამოიყენა, -  ეს იყო ახალგაზრდა ესპანელი მოქანდაკე რიჩარდ გვინეო. რიჩარდი მონდომებული და მოხერხებული ასისტენტი აღმოჩნდა, - სამუშაოს დასაწყებად რენუარის ჩანახატებს იყენებდა, ხოლო შემდეგ ყოველ ნიუანსს მხატვარი კარნახობდა. ასე შეიქმნა ქანდაკებები, რომელთაც რენუარის ხელი არც კი შეხებია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი შემოქმედების შედევრებად ითვლება.

ერთ-ერთი თანამედროვე რენუარის შემოქმედებას ასე ახასიათებდა: "ქალების მხატვარი... თავის ნამუშევრებში მან გამოკვეთა ფრიად ორიგინალური ქალის ტიპი... ეს გახლავთ ახალგაზრდა პარიზელი ქალის სახე, დაწყებული ბურჟუით და დამთავრებული მუშა ქალით, მკერავისა და მოცეკვავის ჩათვლით - პატარა, მოხდენილი, კეკლუცი, ელეგანტური და გულუბრყვილო გამომეტყველების ქალი".

1919 წელს რენუარმა უკანასკნელად გაისეირნა ლუვრში, რომლის დირექტორმაც საგანგებოდ გახსნა მუზეუმი - რენუარი უკვე საფრანგეთის ეროვნული სიამაყე იყო. 2 დეკემბერს ფუნჯები მოითხოვა თაიგულის დასახატად და როცა დაასრულა, წაიჩურჩულა: "მგონი, რაღაც გამეგება ამ საქმეში". რამდენიმე საათში 78 წლის დიდი მხატვარი ფილტვების ანთებით გარდაიცვალა და მეუღლის გვერდით, ესუაში დაკრძალეს.

რენუარის შემოქმედება თავმოყრილია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმსა და კერძო კოლექციაში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი დაცულია საფრანგეთში, ორსეს მუზეუმში, სადაც იხილავთ ისეთ ცნობილ ტილოს, როგორიცაა "მეჯლისი მულენ დე ლა გალეტში". იქვეა მხატვრის რამდენიმე სკულპტურაც.