"კამპანიას გაუმარჯოს", ანუ ვინ ახმოვანებს წუნას და... წრუწუნას ყველასთვის საყვარელ მულტფილმებში? - კვირის პალიტრა

"კამპანიას გაუმარჯოს", ანუ ვინ ახმოვანებს წუნას და... წრუწუნას ყველასთვის საყვარელ მულტფილმებში?

"მიხეილ ჭიაურელის რეკომენდაციით მომისმინეს და ის წრუწუნა გამახმოვანებინეს "ჩხიკვთა ქორწილში", ღვინოს რომ თხილი ურჩევნია. მოგვიანებით, წუნაც გავახმოვანე "წუნა და წრუწუნაში"

მისი ხმით საუბრობს არაერთი ანიმაციური ფილმის გმირი, რომელთა გახსენება ღიმილს გვგვრის და როგორც შორეულ ბავშვობაში, კვლავ უდარდელ განწყობაზე გვაყენებს, მაგალითად, წრუწუნა "ჩხიკვთა ქორწილიდან", წუნა - "წუნა და წრუწუნადან", ყურშა და სხვა. თუ როგორ გამოჩნდა ექიმ გივი წიქარიძის ცხოვრებაში ანიმაციური ხელოვნება, რას საქმიანობს ამჟამად და რაზე ოცნებობს დღეს უკვე ოკუპირებული მშობლიური სოფლის გახსენებისას, ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

- სამაჩაბლოში, სოფელ ბელოთში დავიბადე. ტყეში ჩაფლული ულამაზესი სოფელია, იქვე ლიახვია დაგუბებული და წყალი ისეა შეჭრილი ტყეში, ისეთი ხეობა იქმნება, რიწას ტოლს არ უდებს სილამაზით. დაბლა წყაროა, ცივი და ანკარა... სულ ვამბობდი, ჩემი ნება რომ იყოს, ამ ადგილებს ტურისტულ ზონად ვაქცევდი-მეთქი. დღეს ჩემი სოფელი ოკუპირებულია. სიზმარში სულ იმ სახლსა და ეზოში დავაბიჯებ.

მამა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მყავდა, პოლონეთში იბრძოდა. დედაჩემი იქ გაიცნო, ექიმი გახლდათ, შაბილევსკაიას ქალი. ომის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდნენ და აქ იქორწინეს. წლისთავზე დავიბადეთ მე და ჩემი ტყუპისცალი და. დედაჩემმა ვერ გაუძლო უშუქობას, პროვინციულ ყოფას, პირობებს და დაახლოებით 1 წლის შემდეგ ვარშავაში დაბრუნდა. მამამ არ დაანება ჩვენი თავი. ამ ამბის შემდეგ მამაჩემი მეორედ დაქორწინდა. დედინაცვალმა გამზარდა, არაჩვეულებრივმა ქალმა. სკოლა რომ დავამთავრე, სამედიცინო ინსტიტუტში ჩავაბარე, ტოქსიკოლოგი ვარ. ჩემი გადაწყვეტილება მეტწილად ჩემს დედინაცვალზე იყო დამოკიდებული. სულ მეუბნებოდა, მე რომ რამე მომივიდეს, შენ უნდა მიმკურნალოო.

- კინოს სამყაროში როგორ შეაბიჯეთ?

- თბილისში რომ ჩამოვედი, ბებიასთან ვცხოვრობდი, კამოს ქუჩაზე. მეზობლად კინოსტუდიის ოპერატორი ცხოვრობდა. მე ხუმრობა, იმიტირება მიყვარს და გამომდის კიდეც. ერთხელ ბავშვის ხმით რომ დაველაპარაკე, შემომთავაზა, არ გინდა კინოსტუდია დაგათვალიერებინოო. მივედით კინოსტუდიაში. ჩემი მასპინძელი სამუშაო ოთახში განმარტოვდა, მე კი ტერიტორიაზე დავბორიალებდი. მომწყურდა. ვიღაც კაცი დავინახე, ვკითხე, სად დავლევ-მეთქი? წამოდი, აგერ, თეატრის უკან არის შადრევანიო. მივედით და წყალს რომ დავეწაფე, ეს კაცი მეუბნება: დალიე, შვილო, ვინც ეგ წყალი დალია, აქედან აღარ წასულაო. მე ბავშვის ხმით ვუპასუხე, რას მელაპარაკებით-მეთქი. გაიმეორეო, გადაირია კაცი. ისევ ბავშვის ხმით დაველაპარაკე. აბა, წამომყევიო. თურმე მულტფილმების წარმოებაში მივყავარ. ოთახში რომ შემიყვანა, იქ ოპერატორი დაგვხვდა. მასაც გავესაუბრე ხან ვისი, ხანაც ვისი ხმით. ბატონო მიხეილ, ეს ვინაა, ერთდროულად რამდენიმე პერსონაჟის ხმით ლაპარაკობსო, - კმაყოფილი ჩანდა ოპერატორი.

- ბატონი მიხეილი ვინ იყო?

- დიდი მიხეილ ჭიაურელი აღმოჩნდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი, როგორც მე მისი სიტყვები ამიხდა. მართლაც კინოსტუდიაში დავრჩი და დღემდე აქ ვმუშაობ. ბატონი მიხეილის რეკომენდაციით მომისმინეს და ის წრუწუნა გამახმოვანებინეს "ჩხიკვთა ქორწილში", ღვინოს რომ თხილი ურჩევნია. მოგვიანებით წუნაც გავახმოვანე "წუნა და წრუწუნაში"

- ასეთი ხმით ლაპარაკის ნიჭი როდის აღმოაჩინეთ?

- ბიძა რომ გავხდი, დისშვილების მოფერება-თამაშში. მერე ტოქსიკოლოგად რომ დავიწყე მუშაობა, დამაინტერესა და პროფესორს გავასინჯვინე იოგები. მითხრა, სპეციალური, ცალკე იოგი გაქვს, რომელიც ძალისხმევის გარეშე გამოსცემს ასეთ ხმას. ამგვარი შემთხვევა დიდ იშვიათობას წარმოადგენსო.

მულტფილმის გმირების გარდა, კინოშიც ბევრი ეპიზოდური როლი განმისახიერებია და გამიხმოვანებია. ჩემი გამორჩეული კინოროლი 1990 წელს უმცროსი მიხეილ კალატოზიშვილის ფილმში "რჩეული" განსახიერებული მოხეტიალე მუსიკოსია. სამწუხაროდ, ეს ფილმი მალევე იყიდა საფრანგეთის კინოწარმოებამ და ქართველი მაყურებელი თითქმის არ იცნობს.

- ოჯახზეც მიამბეთ.

- მყავს მეუღლე, ქალიშვილი და 2 შვილიშვილი - 23 და 25 წლისანი. მალე 72 წლის შევსრულდები. მაინც ვერ ვშორდები კინოსტუდიას, კომენდანტად ვმუშაობ, რაც შეეხება საექიმო კარიერას, ჩემი ექიმობა დღეს მეგობრებსა და კოლეგებზე ზრუნვით, წნევის გასინჯვით გამოიხატება.

ვოცნებობ, ისე არ წავიდე ამ ქვეყნიდან, რომ ჩემი მშობლიური სამაჩაბლო არ მოვიარო, ჩემი ბელოთის ეზოში ფეხის დადგმას მინდა ვეღირსო.

ეკა სალაღაია