მე ვარ ქართველი და მაშასადამე...
მე ვარ ქართველი და მაშასადამე...
როდის ჩამოყალიბდა ქართველთა სტერეოტიპი

"გავრცელდა შეხედულება, რომ რუსეთთან ბრძოლას აზრი არა აქვს, მაგრამ ის არის დიდი და შტერი და გარეგნული ლოიალურობის დაცვით შეიძლება შენი პატარა ბედნიერება ააშენო. დაახლოებით ასეთი ვითარება მკვიდრდება 60-იანი წლებიდან"


"რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ"- გვითქვამს ქართველებს. საინტერესოა ქართველთა ფსიქოტიპის ამოცნობა, სწორედ ამიტომ დახმარებისთვის ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს მივმართეთ:

- ფსიქოტიპი, როგორც ასეთი, არ არსებობს, არც ქართველთა, არც ესკიმოსთა და არც არავისი. ეს ცნება მოძველდა, ისევე როგორც ეროვნული
ხასიათი. შეიძლება ვილაპარაკოთ ღირებულებებზე, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის კულტურას, ერის, ეთნოსის ცხოვრებას დროის ამა თუ იმ მონაკვეთში. ცხადია, გრიგოლ ხანძთელსა და თანამედროვე ქართველს შორის ძალიან ცოტაა საერთო. ერთადერთი, რაც აერთიანებთ, ენაა და ზოგჯერ სარწმუნოება.

- მამული?

- მამული სწორედაც რომ არა. თანამედროვე მეცნიერული თვალსაზრისით, გამართლებული არ
არის, რომ ვამბობთ, ქართველი ერი ამდენი ხნის ვართო. ერები თანამედროვე სახით ჩამოყალიბებას მე-18 საუკუნეში იწყებენ, როცა ჩამოყალიბდა ეროვნული სახელმწიფოები.
საქართველო დიდხანს იყო ფეოდალ­ური ქვეყანა და საერთო-ეროვნული შეგნება, პრაქტიკულად, არ არსებობდა. იყო მეგრელი, იმერელი, კახელი, ქართლელი და ასე შემდეგ. ეს უფრო მნიშვნელოვანი იდენტიფიკაციის წერტილი იყო. პრაქტიკულად, ვახუშტი ბაგრატიონმა ჩამოაყალიბა პირველად, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც წირვა ქართულად მიმდინარეობს, მაგრამ იმაზე, რომ ჩვენ, ქართველები, ერთი ეროვნება ვიყავით, მაშინ ამაზე ლაპარაკი ნაადრევი იყო, რადგან სამთავროები გაუთავებლად ექიშპებოდნენ ერთმანეთს. გაერთიანება, ნებსით თუ უნებლიეთ, მოახდინა რუსეთმა, როდესაც საქართველოში შემოვიდა, დაამყარა საზღვრები. სწორედ ამ დროიდან შეუდგა ილია ჭავჭავაძე ერის გაერთიანებას. ბევრი რამ ვერ მოასწრო, მაგრამ ზოგადად ქართული მენტალიტეტი სწორედ ილიას პერიოდიდან მოდის...

საქართველოდან ემიგრაცია ყოველთვის ძალიან დაბალი იყო, თუ არ ჩავთვლით იძულებით გადასახლებულებს, ფერეიდნელებს, მონად გაყიდულებს. იყო ემიგრაციის ორი ტალღა - ვახტანგ VI-ს რუსეთში გაჰყვა დიდი ამალა, რომელიც იქვე დარჩა და სრული ასიმილაცია განიცადა, და მეორე წითლების შემოსვლისას, ნაწილი იმ ხალხისა, რომელსაც რეპრესიები ემუქრებოდა, წავიდა ქვეყნიდან. ანუ ქართველს არ უყვარს გასვლა თავისი ნაცნობი (მშობლიური) ტერიტორიიდან, რადგან ქართველი საზოგადოების ერთეულს დღემდე (თუმცა ახლა, საბაზრო ეკონომიკის პირობებში, დაშლის პროცესი მიმდინარეობს) სოფელი შეადგენს. სოფელი არა მარტო სოფლად, არამედ ქალაქშიც.

ჩემი ვირტუალური სოფელი არის ის 400-500 კაცი, ვინც მოვა ჩემს პანაშვიდზე. თქვენ რომ კბილი აგტკივდებათ, არ მიდიხართ პირველ შემხვედრ კლინიკაში, არამედ ურეკავთ ძია მერაბს, ის დეიდა ლელას, რომელიც გიღებთ უფასოდ, ან ურიგოდ. იმიტომ, რომ ერთი ვირტუალური სოფლის წევრები ხართ. ამ ვირტუალურ სოფელს ჰყავს თავისი თვითკმარი ერთეული, ექიმი, პოლიციელი, თავისი დიდი კაცი, რომელთანაც უნდა მიხვიდე, თუ რამე გაგიჭირდა და მისი სოციალური ვალდებულებაა, რომ თავისიანებს დაეხმაროს.
მნიშვნელოვანი, რამაც იდენტობა შეგვანარჩუნებინა, იყო სარწმუნოება. ის უწყობდა ხელს ეთნიკური იდენტობის შენარჩუნებას. როდესაც რუსეთი შემოვიდა, ეს არგუმენტი აღარ გვქონდა, იმიტომ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა. ამ დროს დაიწყო ქართველი ერის ჩამოყალიბება მეტ-ნაკლებად თანამედროვე სახით - ეთნიკური იდენტობის სიმბოლოდ და დამცველად, ნაცვლად სარწმუნოებისა, ქართული სუფრა იქცა.

სუფრის რიტუალი არც ისე ძველია. მაგალითად, სულხან-საბას ლექსიკონში არ არის არც სადღეგრძელო, არც თამადა და სხვა ტერმინები ქართული თანამედროვე სუფრისა. ფაქტობრივად, ქართული სადღეგრძელოები არის ეროვნული ღირებულებების სიტყვიერი ერთგულების გამოხატვა - ჩვენ გაგვიმარჯოს, ჩვენს მშობლებს გაუმარჯოს, წასულებს გაუმარჯოს, მშვიდობას, სამშობლოს და ა.შ.

- შემდგომ პერიოდში რა ხდება?

- როდესაც ვთქვი, რომ ქრისტიანობა იცავდა თვითშეგნებას, ეს ნიშნავდა, რომ არაცნობიერად ან გაცნობიერებულად შენ დასავლეთის ნაწილად მიგაჩნდა თავი ვიღაც ბარბაროსების გარემოცვაში და რუსეთი გახდა სწორედ ამ სამყაროს პროვაიდერი.
რუსეთის იმპერიის წიაღში ყოფნისას ჩამოყალიბდა ქართული ელიტა, რომელმაც განათლებაც მიიღო, მცირე ნაწილმა საზღვარგარეთაც ისწავლა, უკვე ეროვნული თვითშეგნება გაჩნდა, მაგრამ როგორც გაირკვა, სუსტად, რადგან როდესაც წითელი არმია შემოიჭრა, გაცილებით სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა იყო შესაძლებელი. მერე მოვიდა სტალინი თავისი ეპოქით, მეთოდებითა და რეჟიმით. ამ დროს მთელ საბჭოთა კავშირში იყო ტენდენცია, რომ ყველა ერთნაირი უნდა ყოფილიყო. ეროვნება ხაზგასმული იყო ქართული ცეკვის ანსამბლების და მსგავსი ფოლკლორული წრეების დონეზე.
კი, ენა არ იყო აკრძალული, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ დირექტივებს­ იძლეოდა მოსკოვი - დაიწყო საქართველოს ინდუსტრიალიზაცია, როგორ გამოუვიდათ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ რეჟიმი თავის ვალდებულებად თვლიდა, რომ მასში შესული ხალხები - ქართველები, ტაჯიკები, მოლდაველები და ასე შემდეგ, ყველა ერთნაირად პროგრესული ყოფილიყო. ყველა რესპუბლიკაში უნდა ყოფილიყო საოპერო თეატრი (რომელიც ჩვენში მანამდეც იყო), კონსერვატორია, უმაღლესი სასწავლებლები და სხვა ისეთი დაწესებულებები, რომელიც რუსეთიდან გადმოღებული დასავლური ცივილიზაციის პროდუქტს წარმოადგენდა.

სტალინი კვდება, ხრუშჩოვი მოდის და მკვეთრად იცვლება რეჟიმი. ძალაუფლების კენწეროზე საიდუმლო პოლიციის ადგილი დაიკავა პარტიულმა ნომენკლატურამ. საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ანტისაბჭოთა გამოსვლა ხრუშჩოვის დროს, 1956 წლის მარტში მოხდა, რომელიც სასტიკად ჩაახშვეს. ეს გაკვეთილი ჩვენ ზედმეტად კარგად შევითვისეთ, გავრცელდა შეხედულება, რომ რუსეთთან ბრძოლას აზრი არა აქვს, მაგრამ ის არის დიდი და შტერი და გარეგნული ლოიალურობის დაცვით შეიძლება შენი პატარა ბედნიერება ააშენო. დაახლოებით ასეთი ვითარება მკვიდრდება 60-იანი წლებიდან.

ხრუშჩოვის ხელისუფლებამ მოქალაქეებთან, ფაქტობრივად, დადო დაუწერელი ხელშეკრულება - მიდი, აკეთე, რაც გინდა, ოღონდ ნუ ჩაერევი პოლიტიკაშიო. ქართველებმა ეს კარგად ისწავლეს და წავიდა ტოტალური ფულის კეთება. ამ დროიდან ყველა საბჭოთა ქალაქში, რესტორანი იქნებოდა, ქარხანა თუ ფაბრიკა, ვიღაც ქართველი მენეჯმენტის შუა რგოლში იყო და ფულს აკეთებდა.

- მარტო ქართველები ხომ არ აკეთებდნენ ფულს?

- ქართველები ჩანდნენ ყველაზე მეტად იმის გამო, რომ საქართველოში არასდროს ყოფილა სიმდიდრის კულტურა... ამიტომ ნაშოვნი ფული ყველას დასანახად იხარჯებოდა. მოსკოვის ყველა რესტორანში ქართველები აფრიალებდნენ ფულს და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა ქართველის სტერეოტიპი, როგორც ქალებზე გადარეულის და რაც მთავარია, საეჭვო გზით ნაშოვნი ფულის პატრონის. ალბათ, ებრაელთა დიასპორა საბჭოთა კავშირში გაცილებით დიდ ფულს შოულობდა, მაგრამ არ ჩანდა, იმიტომ, რომ იცოდნენ ფულის ყადრი. საქართველოს 60-80-იან წლებში ყველაზე უდარდელი პერიოდი ჰქონდა. მთელი საბჭოთა კავშირის ოცნება იყო აქ ჩამოსვლა და დასვენება. აქ მათთვის სამოთხე იყო - ბევრი ღვინო, სტუმართმოყვარეობა...

- ერთ მშვენიერ დღეს საბჭოთა კავშირი დაიშალა...

- ამისთვის არავინ იყო მზად. ფული აღარაა, არც სინათლე, არც გაზი, სამაგიეროდ, ვართ დამოუკიდებლები და ერთბაშად გაჩნდა ახალი დაცვითი მექანიზმი­ - პატრიოტები ვართ (თუმცა ადრეც ვიყავით), და რელიგიურები. მაგრამ ცხოვრებასთან დამოკიდებულება, პრაქტიკულად, არ შეცვლილა, ყველას უნდა ფულის კეთება. დაიწყო ველური კაპიტალიზმის პერიოდი. ნელ-ნელა საქმე უკეთესობისკენ წავიდა, რისი საფუძველიც საბაზრო ეკონომიკა იყო. თუმცა მისი კანონები, ცხადია, არ ვიცოდით, ყველას უნდოდა ფული დღესვე და ბევრი. ამიტომ, ნახევარი კი არა, მთელი საქართველო ერთმანეთის "გადაგდებული" აღმოჩნდა. ესეც დაიძლია...

თუმცა საბჭოთა დანალექი არსებობს, კიდევ არიან ისეთები, რომლებიც რუსეთისკენ იყურებიან. მაგრამ ახლა რუსეთი სულ სხვაა და ისევ რომც შეუერთდე, ისეთი სტატუსი აღარასდროს გექნება, როგორიც საბჭოთა დროს, იმიტომ, რომ არავითარი ვალდებულებები შენთან აღარ აქვს.
ახლა ორი ტენდენციაა ერში - ერთია პატრიოტულ-მართლმადიდებლური, რომელიც იყურება უკან, და პროდასავლური, რომელიც იყურება დასავლეთისკენ და ცდილობს იქაური ცხოვრებით იცხოვროს. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და უახლოეს ათწლეულებში ამ ტენდენციების კონფლიქტში მოგვიწევს ცხოვრება.
ბოლო წლებში საქართველოში მნიშვნელოვანი სოციალური ძვრები მოხდა. ძალიან გაიზარდა ქალის სტატუსი, გაძლიერდა ემიგრაცია, უკვე აღარ ეშინია ქართველს უცხო გარემოში წასვლა, გაჩნდა საბანკო სისტემა, კარგია თუ ცუდი, სხვა საკითხია, მაგრამ აწყობილად მუშაობს. სახელმწიფო სტრუქტურებმა ნორმალურად დაიწყეს მუშაობა. ახლა მე ოპტიმისტურად ვუყურებ საქართველოს მომავალს.

- მამული, ენა, სარწმუნოება - აქედან რა დარჩება?

- ქართველობა, მაგრამ ამ ქართველობაში ყველა თავის შინაარსს ჩადებს."ენა, მამული, სარწმუნოება იმუშავებს, მაგრამ არა სტანდარტული გაგებით. აღარ იქნება დიქტატი, თუ რა უნდა იყოს შენთვის სამშობლო, ან შოთა რუსთაველი... აზროვნება უფრო თავისუფალი ხდება, ქცევაც და მე ამის მომხრე ვარ.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?