კიბო არლეკინი - "უცხოპლანეტელი" მკვლელი
12-03-2018
კიბო არლეკინი - "უცხოპლანეტელი" მკვლელი
წყვილი ყბა-ფეხის გაშლით წარმოუდგენელი სისწრაფით გატყორცნილი წყალი ისე ცხელდება, რომ მომენტალურად ორთქლდება, ხოლო წარმოქმნილი ბუშტუკი სკდება და ქმნის­ მეორე გამანადგურებელ ტალღას, რასაც თან სდევს მყისიერი ნათება

ამ პატარა კიბოს "სავიზიტო ბარათი"­ დაუჯერებელი სიძლიერის დარტყმა და ურთულესი აგებულების თვალებია. მეცნიერები მას განსაკუთრებული თვისებების გამო სწავლობენ და უცხოპლანეტელს უწოდებენ... ამ უცნაურ და ულამაზეს არსებას ბუნებამ უნიკალური თვისებები უბოძა. ცნობილია, რომ ადამიანთა ცივილიზაციის მრავალი მიღწევა მსოფლიო ომებმა დააჩქარა. როგორც ჩანს, არლეკინმა, რომელიც მკვლელობის
იდეალური იარაღია, თავისი თვისებები სწორედ ამგვარი ევოლუციის პროცესში შეიძინა.

თავის "ტყვიას" მკვლელი კიბო 22 კალიბრის ნამდვილ ტყვიაზე უფრო ძლიერად ისვრის - გასროლის სისწრაფე 80 კმ/სთ-ს აღწევს, ხოლო დარტყმის ძალა 1500 ნიუტონს უდრის. ორი სასროლი ყბა-ფეხის კუნთების შეკუმშვით მოხრილ კიდურებში უზარმაზარი ენერგია გროვდება, რომელიც კიდურების ელვისებურად
გაშლისას წყლის ტალღის სახით გამოიტყორცნება - დამანგრეველი დარტყმის ხანგრძლივობა სულ რაღაც 800 მიკროწამია (მიკროწამი წამის მემილიონედია. შედარებისთვის, სანამ ადამიანი თვალს ერთხელ დაახამხამებს, კიბოს შეუძლია მსხვერპლს 500 დარტყმა მიაყენოს). ამას გარდა, წყვილი ყბა-ფეხის გაშლით წარმოუდგენელი სისწრაფით გატყორცნილი წყალი ისე ცხელდება, რომ მომენტალურად ორთქლდება, ხოლო წარმოქმნილი ბუშტუკი სკდება და ქმნის­ მეორე გამანადგურებელ ტალღას, რასაც თან სდევს მყისიერი ნათება.

ასეთი ორმაგი დარტყმით "მკვლელი", ბუნებრივია, მსხვერპლს, თუნდაც მტკიცე ჯავშნით დაცულს, წამებში ანადგურებს... წყვილი სასროლი ყბა-ფეხის წარმოუდგენელი სიმტკიცის საიდუმლო კი კიდურების მფარავი ქიტინის შიდა შრეშია, რომელიც დარტყმის ამორტიზებას ახდენს. მეცნიერებმა, რომლებიც კიბოს ბიოლოგიური ჯავშნის­ სტრუქტურას ახალი სამხედრო ჯავშნის შესაქმნელად სწავლობენ, გაარკვიეს, რომ კიდური ჰიდროქსიაპატიტის ჯავშნით არის დაცული და მის მოლეკულურ აღნაგობას ცხოველთა სამყაროში ანალოგი არ გააჩნია! ჯავშნის ბოჭკოების უნიკალური სპირალური ხლართი ენერგიის გამოტყორცნისას წარმოქმნილ მიკროსკოპულ ნახეთქებს ზედაპირის დაზიან­ების საშუალებას არ აძლევს.­ შედეგად, არლეკინს ზედიზედ მრავალჯერ დარტყმა შეუძლია ისე, რომ თავი არ დაიზიანოს.

ეგზოტიკური არლეკინი გამოირჩევა­ განსაკუთრებული სილამაზითაც, თუმცა­ მასთან ხუმრობა სახიფათოა. სილამაზის გამო ის ხშირად ჰყავდათ მინის აკვარიუმებში წყლის სხვა არსებებთან ერთად, მაგრამ რადგან ყველა მეზობელს კლავდა და მიირთმევდა, ბოლოს ეულად რჩებოდა.­ მას ადვილად შეეძლო მინის აკვარიუმის ერთი დარტყმით დამსხვრევაც, მაგრამ ამას იშვიათად აკეთებდა - ყოფილა შემთხვევები, როცა გაბრაზებულს აკვარიუმიც დაუმსხვრევია და ტრავმები ადამიანებისთვისაც მიუყენებია. ამიტომ ის ამჟამად პლასტიკური მასალის სპეციალურ აკვარიუმებშია "გამომწყვდეული".
არლეკინი ავსტრალიის რიფებთან, ტროპიკულ წყლებში დაახლოებით 40 მ სიღრმეში ცხოვრობს. უყვარს ქვიშიანი ნაპირი, სადაც თხრის 1მ სიგრძისა და 40 სმ სიღრმის სოროს, კედლებს სიმტკიცისთვის გარშემო მარჯნისა და ნიჟარების ნატეხებს უწყობს. სორო მისი თავშესაფარიც არის და ჩასაფრების ადგილიც, საიდანაც თავს ესხმის მოლუსკებს, კრევეტებსა თუ პატარა თევზებს...

ისევე როგორც სხვა კიბოსნაირებს,­ ზრდისას არლეკინსაც უწევს ქიტინის გამოცვლა, მაგრამ ახალი ქიტინი რბილია და მხოლოდ 8-9 დღის შემდეგ მაგრდება. ამ პერიოდში "ჭკვიანი" არლეკინი არ ნადირობს, მტრებს კი სოროს სიღრმეში ემალება. ამისთვის შესასვლელს ნატეხებით ქოლავს... აღსანიშნავია, რომ მისი გამრავლების პროცესი სრულყოფილად ჯერ არავის შეუსწავლია, მიუხედავად იმისა, რომ აკვარიუმში ხშირად უნახავთ მუცელზე კვერცხებით...

საოცარია მისი ფასეტური თვალებიც. 10 000-მდე ფასეტის წყალობით არლეკინს შეუძლია დაინახოს... ავთვისებიანი სიმსივნური უჯრედები(?!). თუ ადამიანის­ თვალში ფოტორეცეპტორის ორი ტიპის უჯრედებია - შავ-თეთრი და ფერადი, კიბოს რვა ტიპის ფერადი უჯრედები აქვს, კიდევ ორი ტიპის - სინათლის პოლარიზაციისთვის და ერთიც - მოცულობითი აღქმისთვის.­ ის აღიქვამს სპექტრის ულტრაიისფერ და ინფრაწითელ ნაწილებსაც. მოკლედ, ეს პატარა მკვლელი უკეთ ხედავს, ვიდრე ყველაზე თანამედროვე სპექტროგრაფი! აქვს ორი თვალი, რომლებიც ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოძრაობს. თითო თვალი სამ ნაწილად არის გაყოფილი და სამივე ნაწილი სინქრონულად ხედავს, ამიტომ ფოკუსირების სამი წერტილი აქვს და შეუძლია, წყალში უზუსტესად დაადგინოს მსხვერპლის ადგილმდებარეობა... მეცნიერები ამ "უცხოპლანეტელის" მხედველობასაც გამალებული იკვლევენ - სურთ, შექმნან მსგავსი "კამერა" სიმსივნური უჯრედების ადრეულ სტადიებზე აღმოსაჩენად.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით