"ოდესმე მარსს უნდა შევაფაროთ თავი" - რას ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი თანამშრომელი? - კვირის პალიტრა

"ოდესმე მარსს უნდა შევაფაროთ თავი" - რას ამბობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს ერთადერთი ქართველი თანამშრომელი?

ექსკლუზიური ინტერვიუ დალი უბილავა-დე გრააფთან, ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC/Space Expo -ის ერთადერთ ქართველ თანამშრომელთან

"მზის სხივებმა ჩვენამდე, დედამიწამდე რომ მოაღწიოს, დაახლოებით 8,5 წუთი სჭირდება, მეორე უახლოესი მეზობელი ვარსკვლავიდან ჩვენამდე სხივების მოღწევას დაახლოებით 4 წელიწადი სჭირდება. ამ ვარსკვლავს პროქსიმა კენტავრი ჰქვია. სამყაროში მილიარდობით ვარსკვლავია, რომელთა სხივებს ჩვენამდე მოსაღწევად ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით წელი სჭირდება, ანუ ჩვენ შორის მანძილი, შესაბამისად, ათეულობით, ასეულობით, ათასეულობით სინათლის წელიწადია. აი, რატომ უნდა გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ დრო, ერთმანეთი და ჩვენი გაელვება-ცხოვრება აქ და ახლა! ამ სამყაროში და დროში, ანუ აწმყოში, რომელშიც ვცხოვრობთ და სადაც ეს შეგვიძლია..." - რამდენიმე დღის წინ ამ სიტყვების ავტორთან ინტერვიუ ჩავწერე. გალელი დალი უბილავა-დე გრააფი ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC-ის ერთადერთი ქართველი თანამშრომელია. მას მსოფლიოს წამყვანი კოსმოსური სააგენტოებიდან ერთ-ერთში, ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრში (Space Expo), თანამედროვე კოსმოსური პროგრამების კურსი მიჰყავს. კოსმოსსა და თანამედროვე სამყაროზე "კვირის პალიტრის" მკითხველს ევროპის კოსმოსური სააგენტოდან თავად უამბობს.

როგორ დავბრუნდეთ წარსულში

- რა არის დრო? სად მიდის წარსული? ეს გამოცანაა ყველა ეპოქის მეცნიერისთვის. ვეგა კიდევ ერთი მეზობელი ვარსკვლავია, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 25 სინათლის წელიწადით არის დაშორებული. თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ შეგვიძლია ვეგაზე, უფრო სწორად, მის რომელიმე პლანეტაზე ვიყოთ ახლა და იქიდან უძლიერესი ტელესკოპით დავაკვირდეთ დედამიწას, ან სულაც დავუშვათ, რომ იმ პლანეტის ჩვენზე ბევრად განვითარებული ბინადრები გვაკვირდებიან. ეს ნიშნავს, რომ შეგვეძლებოდა (ან მათ შეეძლებოდათ) 25 წლის წინანდელი დედამიწის დანახვა. მაგალითად, 90-იანი წლების საქართველოს, ანუ ჩვენი წარსულის დანახვა. რაც უფრო შორი ვარსკვლავიდან დავაკვირდებოდით დედამიწას, მით უფრო შორეულ წარსულს დავინახავდით... ანუ შესაძლებელი იქნებოდა დროში შესაბამისად დაშორებული ძველი ცივილიზაციების დანახვაც. წარსული, ანუ ჩვენი გაგებით ძველი ინფორმაცია, არ იკარგება, ის უსასრულო სამყაროში იფანტება, მოძრაობს... არ არის გამორიცხული, რომელიღაც პლანეტიდან მაღალგანვითარებული ცივილიზაციები ვთქვათ, ჩვენს ბავშვობას აკვირდებოდნენ. ან ვინ იცის, უმაღლესი ტექნიკითა და ზუსტი გამოთვლებით იქნებ ოდესმე შევძლოთ სხვა გალაქტიკიდან საკუთარი წარსულის დანახვა. ჯერჯერობით ჩვენი ცოდნა სამყაროზე, რომელიც დაახლოებით 14 მილიარდი წლისაა, მინიმალურია, სულ რაღაც 3-4%-ს შეადგენს. ანუ მთელი 96-97% აღმოჩენებისა ჯერაც მომავალშია... ჩვენი ცხოვრება სამყაროს დროისა და სივრცის განზომილებებში გაელვებასავით მოკლეა. ასე რომ, გავუფრთხილდეთ და დავაფასოთ დრო, ერთმანეთი და ჩვენი გაელვება-ცხოვრება ამ სამყაროში.

მარსი

მარსი დედამიწაზე დაახლოებით ორჯერ პატარა პლანეტაა, ყველაზე მაღალი ტემპერატურა +21, ხოლო დაბალი -80 გრადუს ცელსიუსამდე მერყეობს. ჩვენგან მარსამდე უმოკლესი მანძილი 54 მილიონი კილომეტრია. ფობოსი და დეიმოსი მარსის მთვარეებია. მარსის წელიწადი დედამიწის წელიწადზე დაახლოებით ორჯერ გრძელია (687 დღე). ჟანგბადის შემცველობა მარსის ატმოსფეროში 1%-ც არ არის (ზუსტად 0,13%-ია, დედამიწის ატმოსფეროში კი - დაახლოებით 20%). მარსის ზეცა არა ცისფერი, არამედ მქრქალი ვარდისფერია. მარსზე 300-ჯერ მეტი რადიაციაა, დედამიწასთან შედარებით. მოკლედ, ექსტრემალური პირობებია, მაგრამ ჩვენი ტექნიკისთვის ხელმისაწვდომ სამყაროში მარსი ერთადერთი პლანეტაა, სადაც ძალიან რთულია, მაგრამ მაინც შესაძლებელია ფეხი მოიკიდოს ადამიანმა. ეს ურთულესი და უძვირესი ამოცანაა, მაგრამ შესაძლებელი.

დედამიწაზე გაუსაძლისი კლიმატური პირობების შემთხვევაში და სამყაროში მიმდინარე სხვადასხვა მოვლენის გამო, (სავარაუდოდ, მილიონობით წლების შემდეგ) არის მოსალოდნელი მარსს შევაფაროთ თავი. არადა, დედამიწის გრავიტაციასთან ადაპტირებულ ადამიანებს ეს ძალიან გაგვიჭირდება. უფრო სწორად, უწონობას ადამიანის ორგანიზმი შედარებით ადვილად ეჩვევა, მაგრამ შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება, ანუ დედამიწის ატმოსფეროში შემოსვლისთანავე ორგანიზმისთვის უმძიმესი პროცესები იწყება... უწონობა ერთგვარი ნირვანაა, რომელმაც საოცრად სასიამოვნო ჩათრევა იცის და თუ არ ებრძოლე, ანუ დღეში 2-3 საათი არ ივარჯიშე, უკან დაბრუნებისას, დედამიწაზე ვერასოდეს ვერ გაივლი!.. სავარაუდოდ, მარსზე მცხოვრები თაობისთვის დედამიწაზე დაბრუნება შეუძლებელი ან მათი ჯანმრთელობისთვის ძალიან მძიმე იქნება. მიუხედავად ამისა, მარსზე ცხოვრება ურთულესი, უძვირესი, მაგრამ შესაძლებელი მისიაა. ამჟამად ერთი ადამიანის მარსზე გამგზავრებისთვის დაახლოებით 10 მილიარდი დოლარია გათვლილი, ანუ NASA-ს ამჟამინდელი ბიუჯეტით მხოლოდ 2-3 კაცის გამგზავრებაა შესაძლებელი.

ილონ მასკი, ამერიკელი მილიარდერი, Space X-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, აპირებს უაღრესად ამბიციური პროექტის განხორციელებას და უახლოეს წლებში 300 კაცის 200 ტონა ტვირთთან ერთად (საკვები, წყალი, ჟანგბადი, საწვავი) გამგზავრებას წითელ პლანეტაზე. აი, უკან, დედამიწაზე დაბრუნების საკითხი ჯერჯერობით ტექნიკურად გადაუწყვეტელი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არც ევროპა და რუსეთი არიან გულხელდაკრეფილი და მუშაობენ მარსის ათვისების გეგმებზე.

მოკლე სტატისტიკა მარსზე ექსპედიციების შესახებ ასეთია: ბოლო 30 წლის განმავლობაში მარსზე 38 ექსპედიცია (არაპილოტირებული) ჩაატარეს: 18 - სსრკ-მა, მოგვიანებით, რუსეთმა (ROSKOSMOS), 18 - ამერიკელებმა (NASA), 1 - იაპონიამ (JAXA) და 1- ევროპამ (ESA). 14 მათგანი წარმატებით დასრულდა. 2020 წელს იგეგმება ევროპის კოსმოსური სააგენტოს პროგრამა ეგზომარსის მეორე მისიის გაშვება.

კოსმოსი და მსოფლიო

დღევანდელ მსოფლიოში ხუთი წამყვანი კოსმოსური სააგენტოა, რომლებიც სხვადასხვა კოსმოსური პროგრამებით არიან დაკავებული, თუმცა დღეს კოსმოსი აღარ არის კონკურენციის სფერო, უკვე თანამშრომლობის სფეროა. კონკურენციის საგანი უფრო გასულ საუკუნეში იყო, როდესაც მაშინდელი საბჭოთა კავშირი და ამერიკა ერთმანეთს კოსმოსის ათვისებაში ეჯიბრებოდნენ, დღეს კი თანამშრომლობენ: ამერიკა, ევროპა, რუსეთი, იაპონია და კანადა - ეს არის მსოფლიოს 5 წამყვანი კოსმოსური სააგენტო. მეექვსე ჩინეთია, რომელიც დამოუკიდებლად საქმიანობს კოსმოსის ასათვისებლად და თავადვე აფინანსებს საკუთარ პროგრამებს. კოსმოსის ათვისება უდიდეს თანხებთანაა დაკავშირებული...

დღეს, უფრო სწორად, 2011 წლიდან, პილოტირებული ეკიპაჟების გაშვება რუსეთის მეშვეობით ხდება. მსოფლიოში არსებული ყველა კოსმოსური სააგენტოს ასტრონავტები, ჩინელების გარდა, 60 წლის წინათ რუსი მეცნიერის, სერგეი კოროლიოვის მიერ შექმნილი "სოიუზ"-კაფსულით მიდიან კოსმოსურ სადგურზე და ბრუნდებიან უკან დედამიწაზე. რაც შეეხება არაპილოტირებულ მისიებს, მაგალითად, სატვირთო რაკეტების გაგზავნას კოსმოსურ სადგურზე, სატელიტის განთავსებას ორბიტაზე და ა.შ., მათ სხვადასხვა წამყვანი კოსმოსური ორგანიზაცია ახორციელებს.

ჩვენი ამ წლის ერთ-ერთი მთავარი პროექტია "ბეპი-კოლომბო" - მერკურიზე გავგზავნით ჩვენი, ევროპული და იაპონური კოსმოსური ორგანიზაციების თანამშრომლობის პროექტს, სატელიტ""ბეპი-კოლომბოს". ის უძლიერესი იონური ძრავების მეშვეობით 7 წელი მოუნდება მერკურის ორბიტამდე მიღწევას და იქიდან შეისწავლის მზეს, თავად მერკურის, მის განსაკუთრებულ ელექტრომაგნიტურ ველს, მოგვაწვდის მეტ ინფორმაციას ჩვენი მზის სისტემის ევოლუციაზე.

საიდუმლო ინსტიტუტი სოხუმში

გასული საუკუნის 50-60-იან წლებში დაწყებული კოსმოსური შეჯიბრება იყო მაშინდელი მსოფლიოს დიდი სახელმწიფოების, სსრკ-სა და აშშ-ს შორის კონკურენციის საგანი, ერთმანეთისთვის ძლიერების დემონსტრირება. დღეს სწორედ ამ დიდი შეჯიბრების თუ "ცივი ომის" "წყალობით""გვაქვს კოსმოსური მეცნიერება...

მეორე მსოფლიო ომისდროინდელ გერმანიას უძლიერესი ბალისტიკური რაკეტები ჰქონდა. როგორც კი გერმანია დამარცხდა, საბჭოთა კავშირმა და აშშ-მა გადაინაწილეს წამყვანი გერმანელი მეცნიერები. დაახლოებით 7 000 გერმანელი მეცნიერი ჩამოიყვანეს საბჭოთა კავშირში. რამდენიმე წელიწადში სოხუმში, აგუძერაში, დაარსდა ერთ-ერთი სტრატეგიული ობიექტი - სოხუმის ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი, სადაც სწორედ გერმანიიდან მიგრირებული მეცნიერების ნაწილი მუშაობდა შორი მანძილის ახალი ტიპის ბალისტიკური რაკეტების შექმნის თეორიულ მხარეზე, შეიძლება ითქვას, მაშინდელი კოსმოსური კვლევების ერთ-ერთ ფუნდამენტურ სეგმენტზე. ეს იმდენად საიდუმლო ობიექტი იყო, რომ არანაირ რუკაზე მისი ადგილმდებარეობა არ იყო მითითებული. დასანანია, რომ 1990 წლებში აფხაზეთში განვითარებული მოვლენების გამო, დღევანდელ სოხუმში, ეს ცნობილი ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტი აღარ ფუნქციონირებს.

ვისურვებდი, რომ ქართველი საზოგადოება მეტად იყოს ინფორმირებული კოსმოსთან დაკავშირებულ მსოფლიო პროცესებზე და ამავე დროს, სახელმწიფო ხელს უწყობდეს ნიჭიერ ქართველ ახალგაზრდებს.

ნინო წიფურია