100 წელს გადაცილებული 27 აჭარელი ბებო - კვირის პალიტრა

100 წელს გადაცილებული 27 აჭარელი ბებო

ამ ბებოებიდან მხოლოდ ერთი დაგვხვდა საწოლში, დანარჩენები ფეხზე შემოგვეგებნენ და ჩაგვიხუტეს... აჭარელ ბებოებში ყველაზე უფროსი 112 წლის არის

ხანგრძლივ სიცოცხლეს ბევრი ნატრობს, ოღონდ ბედნიერ სიცოცხლეს - როცა გვერდით გყავს ყველა, ვინც გიყვარს და მათი სიახლოვით ტკბები. მკითხავთ, ასე სად არისო? სად და, აჭარის მთიანეთში - აქ საუკუნეს გადაცილებული 27 ბებო ცხოვრობს, ქობულეთელი ფოტოგრაფი მარიამ ზოიძე კი, ალბათ, ერთადერთია, ვისაც ფოტოზე ამდენი ხანდაზმული ადამიანი აღუბეჭდავს. ის ბებოებისკენ გზას თებერვალში დაადგა. რატომ? უთხრეს, უნდა იჩქარო, თორემ ამ ასაკში სიცოცხლის ისარი სწრაფად მოძრაობსო. თუმცა ეს ისარი ახლაც მშვიდად აგრძელებს გზას, ბებოები კი - თავიანთ საქმეს და ფანჯარასთან მიმსხდარნი უსათვალოდ უქსოვენ შვილთაშვილებს წინდებს.

- ბებოების გადაღება აჭარის ჯანმრთელობის სამინისტრომ მთხოვა და მეც გზას დავადექი. იმხელა თოვლი იყო, სახლის სახურავებიც კი არ ჩანდა, მაგრამ გზა გაკვალული იყო და ბებოებიც გველოდნენ.

ძალიან ვღელავდი - როგორ შემხვდებოდნენ. იქნებ საყვედური ეთქვათ, ასეთ ხანდაზმულებს მხოლოდ 100 წლის შესრულებისას ნახულობს მთავრობა, მიულოცავს და ამით ყველაფერი მთავრდებაო. საუკუნე ისე იცხოვრეს, სტუმარი მათთვის მართლაც ღვთის იყო, სტუმარი და მიწა. ახლაც ასე ცხოვრობენ. უნდა ნახოთ, როგორ ეფერებიან ორივეს, როგორი მადლიერი არიან მიწის, რომელიც საარსებო პურს აძლევს.

ჰოდა, ამ ბებოებიდან მხოლოდ ერთი დაგვხვდა საწოლში, დანარჩენები ფეხზე შემოგვეგებნენ და ჩაგვიხუტეს... მათაც და მათმა შთამომავლებმაც. იცით, როგორ შეხარიან ბებოებს? თავს ევლებიან, თვალებში შესცქერიან, არაფერი ეწყინოთო.

- არადა, მოხუცებულთა სახლებში ადგილი აღარ არის - ბევრი ხანდაზმული ითხოვს თავშესაფარს. შვილებს მათ მოსავლელად ან დრო არა აქვთ, ან ფული, ან ბინა...

- აქ ასე არ არის. ჩვენი ბებოები შვილებს ასწავლიდნენ, რომ მთავარი სიყვარულია, ახლა მათი შვილებიც ამას ასწავლიან თავიანთ შვილებს... მერე ისინიც ასევე მოეფერებიან თავიანთ მშობლებს.

- არ გითხრეს, რაღა დროს ჩვენი სურათიაო?!

- კი. არადა, ძალიან ლამაზები არიან. რომ ვეუბნებოდი, ახლაც ძალიან ლამაზები ხართ-მეთქი, ისე მიღიმოდნენ, გული მიფართოვდებოდა.

- უფროსი რამდენი წლის არის?

- 112 წლის, ფიქრიე ირემაძე. სოფელ ირემაძეებში ცხოვრობს.

- ფიქრიე? მე კი მეგონა, ეს სახელი არც ისე ძველი იყო, არადა, თურმე თურქეთის მიტაცებულ აჭარაში არქმევდნენ ქართველები შვილებს.

- ასე იყო. სხვა უფლებები რომ არ ჰქონდათ, შვილებს ისეთ სახელებს მაინც არქმევდნენ, რომლებიც საქართველოს გაახსენებდათ. ფიქრიე ფიქრია საქართველოზე.

- რაო ფიქრიე ბებომ?

- როცა ჩვენთან გზა გაიყვანეს, ხმა გავარდა, მანქანა ამოვაო. მანქანა არ ვიცოდით, რა იყო და მთელი სოფელი შეიკრიბა მაგის სანახავადო. რომ ველოდებოდით, მოსახვევში დიდთვალებიანი "მხეცი" გამოჩნდა, შეგვეშინდა, გავიქეცით და სახლებს ამოვეფარეთო...

იმის შემდეგ დიდი დრო გავიდა. 29 წლისა დაოჯახებულა, გვიან ქორწინებად ითვლებოდა, მაგრამ ახლა 112 წლისაა, სამი შვილი ჰყავს, 16 შვილიშვილი, შვილთაშვილები, მათი 10 შვილი და კიდევ ელის - …დანარჩენებიც მალე იქნებიანო!

103 წლის ზექიე დავითაძემ თქვა, ახალი დრო ძველს იმით სჯობს, რომ ქალები სიყვარულით თხოვდებიან და არა - გარიგებითო.

101 წლის თინა თაფლაძემ - შვიდი შვილი, 24 შვილიშვილი, 26 შვილთაშვილი და ოთხიც იმათი შვილი მყავს და ზამთარში ყველას ფერდ-ფერად წინდებს ვუქსოვ... უსათვალოდ. ამდენი ხალხით ვხარობ და ვცოცხლობ, აბა, რა მომაწყენსო.

- სულ თუ შრომობენ და შთამომავლებიც აფასებენ, მართლაც რა მოაწყენთ...

- ოჯახის მთავარი წევრები ეს ბებოები არიან. ყველა მათზე ზრუნავს და ეფერება. ეს საოცარი სიყვარულია. გული მწყდება, რომ ამ სიყვარულს ვერც სიტყვებით აღვწერ და ვერც გადავიღებ. შეუძლებელია!

ეთერ ერაძე