"არასდროს დამიმალავს ჩემი წარსული"
"არასდროს დამიმალავს ჩემი წარსული"
"ყველაფერი მძიმე და ცუდი წარსულში დავტოვე და მივიღე ის, რაც მინდოდა. ბედნიერი ვარ, თუმცა, ყოველთვის მახსენდებიან ისინი, ვინც ეს ვერ შეძლეს"

თანატოლების მსგავსად ისიც ბედნიერ ოჯახზე, უზრუნველ და ლაღ ბავშვობაზე ოცნებობდა, მაგრამ ცხოვრების სირთულეებმა ოჯახი არჩევანის წინაშე დააყენა და 14 წლისა კოჯრის ბავშვთა სახლში მიიყვანეს. ეს მძიმე, თუმცა ერთადერთი გამოსავალი იყო, რომ გადარჩენილიყო. გაუმართლა, 18 წლისა ბავშვთა სახლიდან რომ წამოვიდა, მის მომავალზე კეთილმა ადამიანებმა იზრუნეს და მათი დახმარებით განათლების მიღება
შეძლო. ლევან ჩახაია ახლა 25 წლისაა და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობს.

- დედისერთა ვარ. ოჯახის გადაწყვეტილებით კოჯრის ბავშვთა სახლში მოვხვდი, თუმცა ჩემებთან ურთიერთობა ერთი დღეც არ გამიწყვეტია. ყველა ბავშვისთვის რთულია, როცა ოჯახიდან მიდის. 14 წლამდე მიჩვეული ხარ ოჯახურ გარემოს, მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს,
მერე კი უცებ აღმოჩნდები გარემოში, სადაც 200 ბავშვი ცხოვრობს... იქ ბავშვებს მუდმივად რაღაც აკლიათ - მათ ოჯახური სითბო სჭირდებათ, ყველას თვალებში შიში ჩანს. ყველაზე მეტად თვითგადარჩენის ინსტინქტი მძლავრობს. ზოგჯერ აღმზრდელებიც აგრესიულები არიან. ყოველთვის ვეკითხებოდი საკუთარ თავს: "რატომ მე და მაინცდამაინც აქ?!" მაშინ კითხვას ჩემებურად გავეცი პასუხი - უიღბლო ადამიანად მივიჩნიე თავი. ადამიანად, რომელსაც არ გაუმართლა. მერე, როცა პასუხი მივიღე, დავწყნარდი, დავმშვიდდი და მოტივაციაც გამიჩნდა - მებრძოლა უკეთესი ცხოვრებისთვის. ასეთია ჩემს მეხსიერებაში იქ ცხოვრების პირველი წელი.

მეორე წელი გარემოსთან შეგუებას მოვანდომე. დღესაც მახსოვს ის დღე, როცა მივხვდი, რომ იქაურობა გახდა ჩემი სახლი. ამან დამამშვიდა. მერე გაჩნდნენ მეგობრებიც. მესამე, ბოლო წელი აბიტურიენტობა იყო. ძალიან რთული პერიოდი მქონდა. მაშინ გარდაიცვალა მამაჩემი, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობა მქონდა...
18 წელი ყოველთვის ასოცირდება თავისუფლებასთან. გგონია, რომ ყველაფერს გააკეთებ საკუთარი ბედნიერებისთვის. ეს არის ილუზია, რომელიც შენს უნარებს არ შეესაბამება... მაგრამ მე გამიმართლა
- სკოლის დამთავრების შემდეგ ეროვნული გამოცდები ჩავაბარე და იურიდიულ ფაკულტეტზე ჩავირიცხე.

12 წლისა ვიყავი, დღიურის წერა რომ დავიწყე და კოჯრის ბავშვთა სახლშიც გავაგრძელე, იქიდან წამოსვლის შემდეგ კი გადავწყვიტე ჩანაწერების წიგნად შეკვრა. დავარქვი "ბავშვთა სახლიდან ქუჩაში". დღემდე ვწერ.

- 18 წლისამ ახალი ცხოვრება დაიწყე. უკვე სტუდენტს სწავლის საფასურზე, საცხოვრებელზე, საკვებზე უნდა გეზრუნა...

- სტუდენტი რომ გავხდი, ქუჩაში დავრჩი. შემეძლო სამსახური რესტორანში მეშოვა, მაგრამ ამას სჭირდება განსაკუთრებული უნარი, რომელიც არ მქონდა. გამიჭირდა საზოგადოებასთან ურთიერთობა. შემთხვევით მოვხვდი ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელმაც მიპოვა სპონსორი. ის უცხოელია. მან იკისრა ჩემი საცხოვრებლის, მგზავრობისა და სწავლის საფასურის გადახდა. კონტრაქტის თანახმად, ის იმ შემთხვევაში გადაიხდიდა ყველაფერს, თუ ყველა კურსს უმაღლესი ქულებით დავამთავრებდი. იმედი არ გავუცრუე. თან მაინც მომიწია მიმტანად მუშაობამ, საჭმლის თანხა რომ გამომემუშავებინა.

მე გამიმართლა, ბევრ ჩემს თანატოლს - არა. რამდენიმე ბავშვი გახდა სტუდენტი, თუმცა სწავლის საფასურის გადახდა ვერ შეძლეს, სწავლა მიატოვეს და ყველაფერზე ხელი ჩაიქნიეს.
უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მაგისტრატურაში ჩავაბარე, თუმცა მიზეზთა გამო, გაგრძელება ვეღარ შევძელი და ამჟამად სტატუსი მაქვს შეჩერებული. ამის შემდეგ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მოვხვდი. ერთი წელი იურისტის თანაშემწე ვიყავი. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ ვისწავლე. მერე გადასამზადებლად გამიშვეს და ამჟამად თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში პერსონალური მონაცემების მენეჯერი ვარ. ჩემი მოვალეობაა დაწესებულებაში მომუშავე პირთა პერსონალური მონაცემების დახარისხება, შენახვა, რეკომენდაციების გაწევა და ა.შ. მეოთხე წელია, აქ ვმუშაობ.

ყველაფერი მძიმე და ცუდი წარსულში დავტოვე და მივიღე ის, რაც მინდოდა. ბედნიერი ვარ, თუმცა, ყოველთვის მახსენდებიან ისინი, ვინც ეს ვერ შეძლეს.
საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ სახლშიც ვმუშაობ მენტორად. ოთხი წლის წინ, როცა ეს ინიციატივა გაჩნდა, პატრიარქთან შეხვედრაზე მეც ვიყავი. როგორც ამ ინსტიტუციაგამოვლილს, ბენეფიციარები მენდობიან და გულს ადვილად მიშლიან. მე არასდროს დამიმალავს ჩემი წარსული, რა გზა გამოვიარე, აქამდე რომ მოვსულიყავი.

- როგორ გაგრძელდა იმ ბავშვების ცხოვრება, რომლებიც შენთან ერთად წამოვი­დნენ ბავშვთა სახლიდან?

- ნაწილთან ახლაც ვმეგობრობ. ზოგიერთმა ქუჩა არჩია, ვიღაცამ - პროსტიტუცია, ვიღაცამ მუშაობა დაიწყო... ზოგს დავეხმარე, მაგრამ ბევრს ვერა, რადგან მათ საჭირო უნარ-ჩვევები არ აქვთ. ამას წინათ ჩემმა ნაცნობმა მთხოვა დახმარება. ალკოჰოლზეა დამოკიდებული. სანამ ამ პრობლემას არ მოაგვარებს, მანამდე მის დასაქმებაზე ლაპარაკი ზედმეტია. ზოგი ნათესავთან ცხოვრობს, ზოგიც - მეგობართან, ვიღაც - ქუჩაში...

ძალიან მინდა, ავიმაღლო კვალიფიკაცია, დავეხმარო ადამიანებს და ვიყო მაგალითი ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვებისთვის. მინდა დაიჯერონ, რომ თუ იბრძოლებენ, აუცილებლად მიაღწევენ მიზანს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
რუბრიკის სხვა სიახლეები
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
მისაღებია თუ არა თქვენთვის მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე?
დღის კითხვადი სტატიები