"ტყუილია, თითქოს სამინისტროს მოეთხოვოს პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან დათხოვნა" - კვირის პალიტრა

"ტყუილია, თითქოს სამინისტროს მოეთხოვოს პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან დათხოვნა"

"პედაგოგებს ხელფასი მოემატებათ"

"სკოლებში ექიმებად და ექთანებად  მუშაობენ დირექტორის ნათესავები, რომელთაც სამედიცინო განათლება არც მიუღიათ(?)."

"აღმოვაჩინეთ სკოლები, სადაც დირექტორს 6 მოადგილე ჰყავს"

"თუ რომელიმე დირექტორი მინისტრის ან სამინისტროს სახელით ეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას, პედაგოგებმა გენერალურ ინსპექციას მიმართონ და დირექტორი დაისჯება"

"მანდატურს პედაგოგზე 20 ლარით მეტი ხელფასი აქვს და სავსებით ლოგიკურად"

ზაფხულში, როდესაც პოლიტიკური ბატალიები ცხრება, ამინდის შესაბამისი მაღალი ტემპერატურა განათლების სფეროში ისადგურებს. ეროვნული გამოცდებით გამოწვეულ ვნებათაღელვას წელს პედაგოგთა მასობრივ შემცირებაზე ამტყდარი აჟიოტაჟი დაერთო. გამოცდების მიმდინარეობასა და ყბადაღებულ მასობრივი შემცირებების თემაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს ვესაუბრეთ:

- ერთიანი საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ წელს ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და წყნარი გამოცდებია. მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაფიცვები, თურქეთში კი უამინდობა იყო, მაინც დროულად მოვახერხეთ ინგლისიდან ტესტების ჩამოტანა. გამოცდები ორგანიზებულად  ტარდება. საზოგადოება წელს კიდევ ერთხელ დარწმუნდება, რომ ჩვენთან აბიტურიენტები თავიანთი ნიჭითა და ცოდნით აბარებენ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს სამართლიანობის განცდა აქვთ.

წელს პირველად აბიტურიენტები 4 გამოცდას აბარებენ: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, უცხო ენაში, უნარებსა და პროფილურ საგანში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე აბარებს, მან ფიზიკა და მათემატიკა უნდა იცოდეს, რადგან რაც უნდა კარგი უნივერსიტეტი იყოს, სტუდენტს მათემატიკის შესწავლას პირველი კლასის მასალიდან ვერ დააწყებინებს.

უნივერსიტეტის ამოცანაა უკვე არსებული ცოდნის განვითარება. თუ ახალგაზრდა ფარმაცევტულ ფაკულტეტზე აბარებს, ქიმია კარგად უნდა იცოდეს. ამიტომ პროფილური საგნები თავად ფაკულტეტებმა განსაზღვრეს.

KvirisPalitra.Geმეორე მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ სახელმწიფო გრანტის საკითხი წყდება არა უნარების გამოცდის, როგორც აქამდე იყო, არამედ ოთხივე გამოცდის შედეგების მიხედვით, რაც ბევრად უფრო სამართლიანია.

- მაგრამ გასულ წლებში სამინისტროს ხელმძღვანელობა აცხადებდა, რომ სწორედ უნარების გამოცდის მიხედვით იყო გრანტის მინიჭება სამართლიანი.

- ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ვმუშაობთ, გვიდასტურებენ, რომ გრანტის მინიჭება ოთხივე საგნის მიხედვით ბევრად სამართლიანია. ზოგიერთი ძალიან  ნიჭიერი ახალგაზრდა გამოცდაზე ნერვიულობის ან მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო ვერ აჩვენებს იმ ცოდნას, რაც რეალურად აქვს. რატომ უნდა შევუზღუდოთ ასეთს შესაძლებლობა, რომ სხვა გამოცდებზე გამოასწოროს შედეგი?

- რედაქციას აბიტურიენტთა მშობლები დაუკავშირდნენ, რომელთაც განგვიცხადეს, საგამოცდო ცენტრის დარბაზებში კონდიცირება არ არის, სიცხის გამო საწერი კალმებიდან მელანი იღვრებოდა, ამიტომ ზედამხედველები ბავშვებს აფრთხილებდნენ, რომ ფურცლები არ დაესვარათ. ამიტომაც ტესტებზე მუშაობისას აბიტურიენტები პარალელურად პასტების "გაგრილებით" იყვნენ დაკავებულიო.

- პირადად ვესწრებოდი გამოცდებს და მსგავსი არაფერი მინახავს. ამის გადამოწმება ძალიან ადვილია, ერთად შევამოწმოთ. რაც შეეხება სიცხეს, სამწუხაროდ, ამინდს ვერ შევცვლით. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ როდესაც ერთდროულად 37 ათასი აბიტურიენტი აბარებს, სრული კონდიცირების უზრუნველყოფა ძნელია.

- წელს რომელ სპეციალობებზეა ყველაზე მაღალი კონკურსი?

- სამართალმცოდნეობაზე, ბიზნესის ანდა  საერთაშორისო სამართლის სპეციალობაზე, ძალიან ცოტა აბარებს ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე და ძალიან ცოტას სურს გახდეს ინჟინერი. ამის მიზეზი კი ის არის, რომ სათანადო ყურადღება ვერ მივაქციეთ ისეთ დისციპლინებს, როგორებიცაა ბიოლოგია, ფიზიკა, ქიმია, მათემატიკა. საზოგადოებაშიც სტერეოტიპები ამუშავდა და ეს შედეგი მივიღეთ, მაგრამ არ ცდება ის, ვინც არაფერს აკეთებს.

შეცდომა იყო ფიზიკა-მათემატიკის სკოლების დახურვაც. ეს შეცდომა გამოვასწორეთ და დღეს უკვე აღდგენილია რაზმაძის, ვეკუასა და კომაროვის სახელობის სკოლები. მოსწავლემ რომ ატესტატი მიიღოს, მომავალი წლიდან  მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უნდა გადალახოს. როდესაც ამ სიახლეს ვნერგავდით, არავის გაღიზიანება არ გვინდოდა, მაგრამ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ მშობლებიც და მოსწავლეებიც სკოლას უყურებდნენ როგორც არასასიამოვნო ეტაპს, რომელიც მხოლოდ იმისათვის უნდა გადალახო, რომ უმაღლეს სასწავლებელში მოხვდე.

რატომღაც დაგვავიწყდა, რომ სწორედ სკოლა აძლევს ბავშვს ზოგად განათლებას, უნივერსიტეტი კი - სპეციალურს. ჰუმანიტარისათვის ისევე აუცილებელია მათემატიკის ცოდნა, როგორც ფიზიკოსისთვის ისტორიისა და გეოგრაფიის.

- რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის პროფესორმა განაცხადა, შესაძლოა, ახალგაზრდამ არ იცოდეს, სად ჩაედინება მტკვარი, მაგრამ იყოს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტის კარგი სტუდენტი. ეს შეხედულება ეწინააღმდეგება თქვენს ნათქვამს.

- შესაძლოა, აინშტაინმა ან ნიუტონმა არ იცოდნენ შავი ზღვის მდებარეობა  და არც ის, სად ჩაედინება მტკვარი, მაგრამ ამის გამო ჩრდილი არ მიადგებათ. თუმცა ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, მერე რა, რომ ბავშვმა არ იცის, მტკვარი სად ჩაედინებაო. მოსწავლემ ეს სკოლიდან უნდა იცოდეს. ამას წინათ ექსტერნატის გამოცდები ჩატარდა.

მას მეც დავესწარი და დავრწმუნდი, რამდენად მცდარია მშობლების შეხედულება, თუ ბავშვი სკოლაში არ ივლის, მაინც კარგად ჩააბარებს გამოცდებსო, მაგრამ ბავშვების მხოლოდ 5%-მა ჩააბარა ექსტერნატის გამოცდები.

ისტორიის გამოცდაზე ბავშვები წერდნენ, რომ ბენიტო მუსოლინი შვედეთის მეფე იყო, ჯუმბერ პატიაშვილი საქართველოს პირველი არჩეული პრეზიდენტი, ქიმიური ვალენტობა კი თურმე ვალენტინის დღეა. ეს მოსწავლის კი არა, მშობლის ბრალია.

ამიტომაც სკოლებში გამკაცრდება  დისციპლინა, რათა ბავშვებმა სკოლაში იარონ, მიიღონ ზოგადი განათლება და შემდეგ გააგრძელონ სწავლა უნივერსიტეტებში. არ მოვითხოვთ, მოსწავლემ ყველა საგანი ერთ დონეზე იცოდეს, მაგრამ ბაზისური განათლება უნდა ჰქონდეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი რომ გადალახოს. ვიმეორებ, ზოგადი განათლება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს და ჩვენ მივაღწევთ ამას.

- განათლების რეფორმა რამდენიმე წელია მიმდინარეობს, მაგრამ ბაკალავრისა და მაგისტრის ქართული დიპლომი ბევრად ნაკლებად ფასობს (თუნდაც თანამდებობაზე დანიშვნისას), ვიდრე ევროპის უნივერსიტეტში რამდენიმეთვიანი კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი. როდის აღარ იქნება საქართველოში მიღებული განათლება დაკნინებული?

- დიპლომის მძევალი არ უნდა გავხდეთ. დიპლომი რაიმე  ქაღალდი კი არა, დაფასებული ცოდნა უნდა იყოს. ჩვენს სამინისტროში მუშაობს გოგონა, რომელსაც უნივერსიტეტი საზღვარგარეთ არ დაუმთავრებია, მაგრამ ბევრად მნიშვნელოვანი თანამშრომელია, ვიდრე ისინი, რომელთაც საზღვარგარეთ აქვთ განათლება მიღებული. ის გოგონა ჩემთვის ცოდნის გამოა მნიშვნელოვანი და მან ეს ცოდნა საქართველოში მიიღო. ქაღალდზე რა ეწერება, დიპლომი წითელი იქნება, ლურჯი თუ მწვანე, არა აქვს მნიშვნელობა, მთავარი ცოდნაა.

- პედაგოგების შემცირების გამო დიდი ვნებათაღელვაა. როგორც ამბობენ, პედაგოგების 1/3 სკოლას დატოვებს. რა კრიტერიუმით არჩევთ სკოლებისთვის სასურველ პედაგოგებს? რეგიონებშიც იყო შემთხვევები, რომ მაღალი კვალიფიკაციის პედაგოგები საპენსიო ასაკის გამო გაუშვეს.

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ორი წლის განმავლობაში სკოლების საშტატო განრიგის დამტკიცებაში არ ჩარეულა და ამან სრული ქაოსი გამოიწვია. სკოლაში არსებული თანამდებობები შევისწავლეთ და ადმინისტრაციაში 105 სახეობა აღმოვაჩინეთ! ზოგ სკოლაში 80 კაცი მუშაობს, რომელთაგან 40 ადმინისტრაციის თანამშრომელი, 40 კი  პედაგოგია.

თითო პედაგოგზე თითო ჩინოვნიკი მოდის! სკოლა არ არის მთვლელების (რაც დღემდე არ ვიცი, რას ნიშნავს), მეტაბელეების, მასობრივი ღონისძიებების მომწყობებისა და ა.შ. ადმინისტრაციის წევრებისათვის შექმნილი ინსტიტუცია. სკოლა პედაგოგებისა და მოსწავლეების არის. ადმინისტრაციამ უნდა შეუქმნას მასწავლებელს პირობები, რომ მოსწავლეს კარგად ასწავლოს.

დირექტორებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს მარტში განვუცხადეთ, რომ ივნისში დავიწყებდით საშტატო განრიგის დამტკიცებას და მთვლელებს, მეტაბელეებსა და 8 მოადგილეს არ დავუმტკიცებდით. სამინისტროში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს 3 კომისია. ყველა დირექტორს საშტატო განრიგი მოაქვს და კომისიასთან ასაბუთებს, რაში სჭირდება ესა თუ ის თანამშრომელი. აღმოვაჩინეთ სკოლები, სადაც დირექტორს 8 მოადგილე ჰყავს.

რაც შეეხება პედაგოგებს. მკითხველისათვის საინტერესო იქნება აგიხსნათ, რომ პედაგოგისათვის სრული განაკვეთი 18 საათია. თუ პედაგოგი 19 ან 24 საათს ატარებს, ზედმეტი საათები არ აუნაზღაურდება. ამიტომაც ვთხოვე დირექტორებს, რომ თუ სკოლაში ერთი და იმავე საგნის ორი მასწავლებელია,  ერთს - 24, მეორეს კი 12 საათი აქვს, პირველის საათები მეორეს შეუვსოს, რომ მეორესაც სრული განაკვეთი ჰქონდეს.

რატომ უნდა დაიჩაგროს პედაგოგი იმით, რომ სრული განაკვეთი არა აქვს, ან იმის გამო, რომ ზედმეტ საათს ატარებს, რომელიც არ აუნაზღაურდება? ჩემს თხოვნას სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოჰყვა, თითქოს მინისტრმა მოითხოვა, რომ ყველა პედაგოგს  18 საათი ჰქონდეს. მართალია, დირექტორების 99%-მა ჩემი თხოვნა სწორად გაიგო, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც დირექტორმა გადაწყვიტა, რომ პედაგოგი, რომელსაც 18-საათიანი დატვირთვა არ ჰქონდა, სკოლიდან გაეშვა.

ასეთი დირექტივა არ გაცემულა.  არის საგნები (მაგალითად, მუსიკა), რომლის მასწავლებელი კვირაში სულ 5-6 საათია დატვირთული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უნდა დავითხოვოთ. თუ რომელიმე დირექტორი მინისტრის ან სამინისტროს სახელით ეცდება საკუთარი ინტერესების გატარებას, პედაგოგებმა გენერალურ ინსპექციას მიმართონ და დირექტორი დაისჯება. მაგალითად, თანამდებობა უკვე დატოვა რამდენიმე მათგანმა, მათ იმ პედაგოგების გაშვება მოინდომეს, რომლებთანაც ადრე კონფლიქტი ჰქონდათ და ეს სამინისტროს დააბრალეს.

საზოგადოდ, სამინისტროს პრეროგატივა არ არის, დირექტორი ვის აიყვანს სამსახურში ან გაუშვებს, ეს მისი გადასაწყვეტია, მაგრამ როდესაც ათავისუფლებს ყველა მასწავლებელს, რომელთაც 18-საათიანი დატვირთვა არა აქვთ, ამას ვერ დავეთანხმებით.

ჩვენ ბევრი ასაკოვანი მასწავლებელი გვყავს და ვთხოვ ე.წ. ექსპერტებსა და პოლიტიკოსებს, ნუ სპეკულირებენ ამ ადამიანებით. როდესაც ასაკოვან პედაგოგს ეუბნები, სკოლიდან პედაგოგების 1/3-ს უშვებენო, ეს მისთვის ძალიან მტკივნეულია. ტყუილია, თითქოს სამინისტროს მოეთხოვოს პენსიონერი პედაგოგების სკოლიდან დათხოვნა.

- გვაცნობეს, რომ ნუკრიანის #1 საშუალო სკოლის რამდენიმე პედაგოგი სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლეს.

- რეგიონებში ჯერ არც დაგვიწყია საშტატო განრიგის დამტკიცება და ვერც ამ პედაგოგების გათავისუფლების ბრძანება იქნება დაწერილი. არიან დირექტორები, რომელთაც საშტატო განრიგის დამტკიცება ცუდი მიზნებისათვის გამოიყენეს. ამის თაობაზე მაქვს შეტყობინებები პედაგოგებისგან და ასეთ ფაქტებზე სამინისტროს გენინსპექციის რეაგირება ძალზე მკაცრია.

- ადმინისტრაციის შემცირებას სკოლებიდან ფსიქოლოგებისა და ექთანების გათავისუფლებაც მოჰყვა.

- სკოლებში იქნებიან ექიმებიც და ექთანებიც, მაგრამ ჯერჯერობით შტატგარეშე იმუშავებენ, რადგან ჯერ არ არსებობს ექიმის სტანდარტი, რომელმაც სკოლაში უნდა იმუშაოს. განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები მუშაობენ იმის დასადგენად, რა ლიცენზიის მქონე ექიმს აქვს სკოლაში მუშაობის უფლება. როდესაც შეიქმნება სტანდარტი, ექიმები და ექთანები სკოლის ადმინისტრაციის შტატში იქნებიან. ამ საკითხს ყურადღება იმიტომ მივაქციეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, სკოლებში ექიმებად და ექთანებად  მუშაობენ დირექტორის ნათესავები, რომელთაც სამედიცინო განათლება არც მიუღიათ(?).

სტანდარტის დადგენამდე ასევე შტატგარეშე იმუშავებს სკოლის ყველა ფსიქოლოგი, რადგან ბევრი ისეთი პირი მუშაობდა  ფსიქოლოგად, რომელსაც ფსიქოლოგის დიპლომი არ ჰქონდა. გავრცელდა ინფორმაციაც, თითქოს სკოლიდან ბიბლიოთეკარებს ვუშვებთ და ესეც ტყუილია. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს, დირექტორები ნათესავებს ნუ ასაქმებენ. სკოლაში კვალიფიციური პედაგოგები უნდა იყვნენ და არა ვიღაცის ნათესავები.

-  განსჯის საგანი გახდა მანდატურების ხელფასი, რაც პედაგოგისაზე გაცილებით მაღალია.

- მანდატურის ხელფასი 400 ლარია. პედაგოგის ხელფასი კი, რომელიც სრულად არის დატვირთული, 380 ლარი. მანდატურს პედაგოგზე 20 ლარით მეტი ხელფასი აქვს და სავსებით ლოგიკურად - სკოლაში მასწავლებლის სრული დატვირთვა 18 საათს შეადგენს, მანდატური კი სკოლაში 50 საათს ატარებს და ამ სხვაობის გამო იღებს 20 ლარით მეტს. მასწავლებელთა სერტიფიცირების შემდეგ, რაც ეროვნული გამოცდების პარალელურად ივლისში დაიწყება, პედაგოგებს ხელფასი მოემატებათ.

"ყოველ სწავლას და ცოდნას საძირკველად საკუთარი მწერლობისა და ვითარების ცოდნა უნდა დაედოს ილია ჭავჭავაძე