დუმილით სავსე ვასილ ბარნოვი
საქართველოს ისტორიიდან მოტანილი სიბრძნე და ვაჟკაცობა ხელისგულზე დაუდო ერს

ისეთი თეთრი წვერი ჰქონდა, ღრმად მოხუცებულიაო, - იფიქრებდი, არადა, სულაც არ იყო ისეთი ასაკისა, როგორისაც შეიძლებოდა გგონებოდა. გარეგნობასთან ერთად გაწონასწორებულობა და სიმშვიდე, რომელიც მთელ არსებაში ჰქონდა გამჯდარი, ბიბლიურ იერს სძენდა. მისი ხმამაღალი სიტყვა არავის გაუგონია.

უხმოდ აკეთებდა თავის საკეთებელს. და რაკი დღეს რომ პიარის საქმეს ვეძახით, საერთოდ არ მიაჩნდა საქმედ, არასოდეს არავის ახსენებდა, რა ჰქონდა გაკეთებული და რამდენად მნიშვნელოვანი, რაღაცნაირად დუმილით
სავსე დარჩა ერის ცნობიერებაში... ოღონდ ეს იყო ფიქრითა და ღვაწლით სავსე დუმილი, ურყევი, როგორც მოქალაქეობრივი პოზიცია...

ვასილ ბარნოვის თავდაჭერილი და თავმდაბალი ხასიათი თითქოს შთამომავლებსაც გადაჰყვათ, მისი ჩამომავლების გენეალოგია ბევრისათვის დარჩა უცნობად. ამიტომაც ვეტყვი "კვირის პალიტრის" მკითხველს, რომ ვასილ ბარნოვს ხუთი შვილი ჰყავდა, ანდრია, თეიმურაზი, ელენე,
მარგარიტა და სარა, შვილიშვილები მხოლოდ ვაჟებისაგან - ნელი, ვალერი, ნინო (ანდრიასაგან) და თენგიზი (თეიმურაზისაგან).

შვილები ცოცხალი აღარ არიან, შვილიშვილთაგან ერთიც - ნელი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.
ვასილ ბარნოვზე მის შვილიშვილს, ქალბატონ ნინოს ვესაუბრე. რამდენიმე ამბავს ამ საინტერესო საუბრიდან მკითხველს ვთავაზობთ, რომელიც სულ მალე ჟურნალ "გზასთან" ერთად ვასილ ბარნოვის ერთ ტომსაც მიიღებს "ქართული პროზის საგანძურის" სერიით.

ბარნოვი (ბარნაველი) საეკლესიო გვარია და სოფელ ბარნავიდან იღებს სათავეს. ეს სოფელი, უფრო სწორად, ნასოფლარი, ახლა თურქეთის საზღვარშია მოქცეული. XVI საუკუნიდან მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები - ბარნაველები. ვასილის მამაც მოძღვარი იყო, პაპაც. თვითონაც სასულიერო განათლება ჰქონდა მიღებული. სემინარიაში სწავლისას რეკომენდაცია მისცეს, რუსეთში წასულიყო და სასულიერო აკადემიაში გაეგრძელებინა სწავლა.

პირველ წელს აკადემიაში ქართველობის გამო დაიწუნეს. მომდევნო წელს კი რუსი კონკურენტის (კონკურენციას ეროვნული ნიშნით ვგულისხმობ და არა - ინტელექტუალურს)  არყოლის გამო გაუმართლა. სრულიად ახალგაზრდა უკვე აკადემიკოსი იყო - ასე ეძახდნენ სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულებს. მაშინვე შესთავაზეს რუსეთში დარჩენილიყო და დიდ ეპარქიას ჩასდგომოდა სათავეში, მაგრამ შორს დაიჭირა - მაშინ სამშობლოს სულ მოვწყდებიო... საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა, უნივერსიტეტშიც კითხულობდა ლექციებს. ვიდრე კალისტრატე ცინცაძეს პატრიარქად აკურთხებდნენ, მას შესთავაზეს, როგორც მაშინ სასულიერო აკადემიაში განათლებამიღებულს, დაბრუნებოდა სასულიერო სფეროს და ერის სულიერ მამობაზეც ეფიქრა. მოკრძალებული უარი უთხრა: - იმდენად მიყვარს, რასაც ვაკეთებ და თანაც საერო ცხოვრებაში გატარებული ამდენი წლის შემდეგ, ასეთ პატივსა და პასუხისმგებლობას ვერ მივიღებო...

მართალია, როგორც სასულიერო მოღვაწეს, არ უმუშავია, მაგრამ რასაც აკეთებდა და როგორც აკეთებდა, მით უმეტეს, რისთვისაც აკეთებდა - ეს ყველაფერი ერთი ჰარმონიული მთლიანობა იყო როგორც სასულიერო სფეროსთან, ისე ეროვნულ მოღვაწეობასთან.

იცხოვრა, წერდა, ასწავლიდა. იყო ისტორიული რომანის ფუძემდებელი საქართველოში...
გურამ ბარნოვი - ძმის შვილიშვილი ერთადერთია, ვისაც ვიზუალურად ახსოვს ვასილ ბარნოვი: პაპას რომ მივყავდი თავის ძმასთან, მახსოვს, დაგვხვდებოდა ძალიან გრძელი, თეთრი წვერით, ხელები უკანკალებდაო. ვასილ ბარნოვს პარკინსონის დაავადება მას მერე დაემართა, რაც მისი სრულიად ახალგაზრდა მეუღლე - ნინო ბენაშვილი გარდაიცვალა. ნინო ცნობილი მოღვაწის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლის - ანდრია ბენაშვილის და გახლდათ. 19 წლით უმცროსი იყო მეუღლეზე. ერთმანეთი თელავში გაიცნეს, სადაც ორივე მასწავლებლად მუშაობდა.

სხვათა შორის, თელავურ პერიოდს ეხება ერთი მოგონებაც, რასაც მისი შვილები ხშირად იხსენებდნენ. მძიმე წლებია, ყაჩაღობაა ყველგან, ადგილი არ არის ტყის პირას, ბუჩქებში ერთი-ორი მძარცველი არ შეგხვდეს... შებინდებულია. ვასილ ბარნოვი საიდანღაც ბრუნდება. ბუჩქებიდან ხმაური შემოესმა. დაუკვირდა... გარკვევით გაიგონა: ერთი მეორეს კახურად უკურთხებს და ეუბნება, - კინაღამ ცოდვაში არ ჩამაგდე?! არ ეგებოდა ეს კაცი რომ გამეძარცვა, ჩვენი ვასო ყოფილაო...
"ჩვენი ვასო" იყო - ქართველების ვასო, რომელმაც საქართველოს ისტორიიდან მოტანილი სიბრძნე და ვაჟკაცობა ხელისგულზე დაუდო ერს.

მეორე მხრივ, უკვე საბჭოთა ეპოქაში იმავე ერის ზედაპირზე მოტივტივე, საბჭოთა მთავრობისაგან უფლებებით აღჭურვილი ადამიანები დაუკითხავად და შეუთანხმებლად უჩეხდნენ და უმოკლებდნენ მოთხრობებს. ერთხელ საოცრად აღელვებულს უთქვამს მეგობარ თედო სახოკიასათვის, - ერთმა რედაქტორმა მოთხრობა გამინახევრა და იმის ღირსადაც არ ჩამთვალა, ეკითხაო... გაჰყოლია ბატონი თედო რედაქციაში. უტეხად უყურებდა რედაქტორი შეურაცხყოფილ ავტორს, დიახაც, ვასილ ბარნოვსაც შევუსწორებთ და შევუმოკლებთო! - ამაყად მიუგებდა.

ჯიუტი დუმილითა და პრინციპულობით განაგრძობდა ცხოვრებას, აბა, რა ექნა... ერთი რამ იცოდა: უნდა გაეძლო.
დათქმული ჰქონდათ ვასილ ბარნოვსა და მის უახლოეს მეგობარს, დავით კლდიაშვილს ყოველდღე, ზამთარი იქნებოდა თუ ზაფხული, ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ზემელზე, ახლა რომ მაკდონალდსი დგას, იქ. მერე დინჯი ნაბიჯით მისეირნობდნენ ოპერის ბაღამდე.

იქ შეისვენებდნენ, ჩამოსხდებოდნენ, თბილისს გადახედავდნენ (ამდენი შენობა ხომ არ იდგა, ახლა რომ დგას)... ხან დავითი ჰკითხავდა ცრემლზე მწარე იუმორით: - აბა, გახედე, ვასო, ჩვენები ხომ არ მოდიანო, ხანაც ვასილი ეტყოდა სევდიანად: - ერთი კარგად დააკვირდი, დათიკო, ჩვენები ხომ არ გამოჩნდნენო... ამ ამბავს რომ ვუსმენ, რატომღაც მგონია, ორივე ღირსეული ქართველი ჩვენ გვეკითხება: - მართლაცდა, გამოჩნდნენ თუ არაო... და არ ვიცი, რა ვუპასუხო...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები