"დღემდე შოკშია იმ მატარებლის მემანქანე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა" - როგორ ხვდებიან მოქალაქეები "მეტროპოლიტენის" სახიფათო ზონაში? - კვირის პალიტრა

"დღემდე შოკშია იმ მატარებლის მემანქანე, რომელსაც მამაკაცი ემსხვერპლა" - როგორ ხვდებიან მოქალაქეები "მეტროპოლიტენის" სახიფათო ზონაში?

14 მარტს, მეტროსადგურების დიდუბე-გოცირიძის ტერიტორიაზე, კერძოდ, მეორე ხაზის გადასარბენ ბილიკზე, სადაც მგზავრთა გადაადგილება სასტიკად აკრძალულია, 70 წლამდე ასაკის მამაკაცს მეტროს მატარებელი დაეჯახა, რის შემდეგაც მამაკაცი გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 275-ე მუხლით აღიძრა, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს და თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ითვალისწინებს. ტრაგიკული შემთხვევის გამო მეტროპოლიტენში რამდენიმე საათის განმავლობაში შეიზღუდა მოძრაობა, რამაც საქალაქო ტრანსპორტის გადატვირთვა გამოიწვია. მომხდარის გამო სტრესშია მეტროსადგურის პერსონალი, რომელთა თქმით, ამ მონაკვეთზე უცხო პირის მოხვედრის პირველი შემთხვევა არ არის. მეტროპოლიტენის თანამშრომელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარზე საუბრობს.

- მსგავს შემთხვევებს მეტროპოლიტენის პერსონალი მძიმედ განვიცდით ხოლმე, საბედნიეროდ, მეტროში სუიციდის მცდელობის ბევრი შემთხვევა განეიტრალებულა, მემანქანეს მოუხერხებია მატარებლის დამუხრუჭება და ადამიანის გადარჩენა, მაგრამ ამ შემთხვევაში მსხვერპლს ვერ ავცდით... ეს ადამიანი საპირისპირო მიმართულების ლიანდაგზე მოძრაობდა და როგორც კი მეტრო "გოცირიძიდან" "დიდუბისკენ" მიმავალი მატარებელი დაინახა, იმავე წამს მომავალი მატარებლის რელსებზე გადავიდა და გაჩერდა. მემანქანემ მატარებელი დაამუხრუჭა, მაგრამ მისი გადარჩენა შეუძლებელი იყო, იმ წამს გარდაიცვალა. აღწერაც კი ძნელია, რა დღეში ჩავარდა მემანქანე, იმდენად ცუდად გახდა, რომ მისი ოჯახის წევრების გამოძახება გახდა საჭირო, დღემდე შოკშია... ცალკე, მატარებელში მყოფების დახმარება გახდა საჭირო, პანიკაში იყვნენ.

როგორც გავარკვიეთ, გარდაცვლილი დუშეთში ცხოვრობდა და დედაქალაქში გარდაცვალების დღეს ჩამოვიდა.

- რა გზით უნდა მოხვედრილიყო ის მეტროპოლიტენის აღნიშნულ მონაკვეთზე?

- ეს მონაკვეთი ღია ტერიტორიაა, აქ მატარებელი ღია სივრცეში გადის და სამწუხაროდ, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ამ მონაკვეთში უცხო პირები ხვდებიან ლიანდაგზე. ვერ გეტყვით, რა მიზნით, მაგრამ ასეა, - რამდენიმე ხნის წინ ამავე მონაკვეთზე ლიანდაგზე ახალგაზრდები დააკავეს - მეტროსადგურებიდან საპირისპირო მიმართულებით გარბოდნენ ლიანდაგებზე ერთმანეთთან შესახვედრად. როგორც გაირკვა, ეს წინასწარ მოულაპარაკებიათ, - აბა, ვნახოთ, ხელს ვინ შეგვიშლისო! არადა, ამ ადგილებში მეტროს კონტაქტური ხაზები გადის, რომლებშიც 850 ვოლტი ელექტროენერგიაა. გარდაცვლილი სავარაუდოდ, მეტრო "დიდუბის" მიმდებარე ტერიტორიიდან გავიდა მეტროპოლიტენის ლიანდაგზე, სავარაუდოდ, საქართველოს რკინიგზის ლიანდაგებიდან, რომელიც ავტოსადგურ "დიდუბის" ტერიტორიაზე გადის.

- თქვენი მონაყოლის მიხედვით, ლიანდაგი იმდენად დაუცველია, რომ იქ მოზარდებიც კი შეიძლება მოხვდნენ?

- თავისუფლად შეიძლება.

იმის გასარკვევად დაცულია თუ არა თბილისის მეტროპოლიტენის ღია მონაკვეთი, გიორგი ტალახაძეს მივმართეთ.

გიორგი ტალახაძე, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მთვარი ინჟინერი:

- ყველას მოეხსენება რა ღონისძიებებს ვატარებთ იმისთვის, რომ დაცული იყოს უსაფრთხოების ნორმები მეტროპოლიტენში: პერსონალს უტარდება მუდმივი ინსტრუქტაჟი როგორ დაიცვას უსაფრთხოება, ასევე მუდმივად ვაფრთხილებთ მგზავრებს მეტროპოლიტენში მოძრაობის წესების დაცვის შესახებ; აღნიშნულ მონაკვეთზე უსაფრთხოების დაცვის მიზნით შემოვლებული გვაქვს დამცავი ღობე, დამონტაჟებული გვაქვს ვიდეოთვალი..

- ამის მიუხედავად, ლიანდაგზე აღმოჩნდა ხანშიშესული ადამიანი, იყო სხვა შემთხვევებიც...

- ჩვენ გატარებული გვაქვს ამკრძალავი ღონისძიებები; თუ ამ ღონისძებების მიუხედავად აქ ვინმე მაინც გადმოძვრება, ეს სხვა ორგანოების კომპეტენციაა და არა - ჩვენი.

- მეტროპოლიტენი სტრატეგიული ობიქტია, ხომ შეიძლება აქ "გადმომძვრალმა" ადამიანმა, სუიციდის გარდა, ლიანდაგის აფეთქებაც მოიწადინოს?

- დაველოდებით გამოძიებას და თუკი გარდაცვლილი მართლაც ღობის დაუცავ ადგილას არის გადმომძვრალი, დამატებით დამცავ ღონისძებას ჩავატარებთ.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)