"თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება"
XII საუკუნეში, როცა წიგნი დიდი ფუფუნების საგანი იყო და ადამიანთა უმრავლესობას თვალით არ ჰქონდა ნანახი, როცა ბავშვებს ზღაპრებსა და ლეგენდებს უყვებოდნენ და ცნობისწადილსა და ფანტაზიას მხოლოდ ამით უვითარებდნენ, ძლიერ ნაკადად შემოიჭრა უამრავი თქმულება თამარ მეფეზე.

დრო გადიოდა, იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდა ერთი რამ: თამარზე ისევ ათას ლეგენდას ჰყვებოდნენ, მისი "დაკარგული" თუ "გასაიდუმლოებული" საფლავის პოვნაზე ოცნებას კი თაობა თაობას გადასცემდა...

ქართველები, როგორც გვჩვევია, ვოცნებობდით, რეალურად ძალიან ცოტა კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩვენთვის
სათაყვანებელი ისტორიული პიროვნებისა და წმინდანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, არგუმენტებზე დაყრდნობით გაგვეცოცხლებინა სინამდვილე მისი ცხოვრების, სნეულებისა და გარდაცვალების შესახებ.

ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ თამარის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ბურუსით მოცულ საქმეს პატარა წიგნი მიუძღვნა, რომლის პრეზენტაციაც შაბათს, 10 ივლისს შედგება "ბიბლუსში". წიგნს ჰქვია "თამარ
მეფის საფლავის საიდუმლოება" და ძალიან საინტერესოა როგორც ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვისაც.

ბატონმა ჯაბამ სტუდენტობის დროიდან დაიწყო მუშაობა და ფიქრი ამ საკითხებზე. იმაზე დაყრდნობით, თუ რას წერდნენ თამარისა ("ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა", "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"), და ლაშა-გიორგის მემატიანეები, რომლებიც შეიძლება თვითმხილველნიც კი იყვნენ მომხდარი ამბებისა, შესაძლებელი გახდა თამარის საფლავის ადგილის იდენტიფიცირება - გელათი. კერძოდ, სად უნდა ვეძებოთ საფლავი, ამის შესახებ წიგნი მოგითხრობთ.

- საჭიროა კი ვიცოდეთ თამარის საფლავი და აუცილებლად უნდა გავხსნათ ის? - ვკითხე წიგნის ავტორს ჯაბა სამუშიას.

- ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა, - გვითხრა ბატონმა ჯაბამ, - როცა ვამბობთ, რომ აუცილებელია გელათის საძვალის გახსნა, ვგულისხმობთ, რომ კვლევაში არქეოლოგების გვერდით უნდა ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც: მიკრობიოლოგები, ქიმიკოსები თუ ექიმები, უნდა შევისწავლოთ გარდაცვალების მიზეზები, აღვადგინოთ ჩვენი მეფეების სახეები, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

ჩვენ გვაქვს ფრესკები მეფეთა გამოსახულებით, მათი გათვალისწინებითა და წმინდა ნაშთების ფორმების მიხედვით შეიძლება ელექტრონული პორტრეტების შექმნა. გამოვიკვლევთ დნმ-ს და დავადგენთ გენეტიკურ თავისებურებებს. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. მეორე მხრივ, რომელ ქართველს არ სურს იცოდეს, სად არის თავისი წმინდანის საძვალე, რომ თაყვანი სცეს მას...

ჩვენ კი ვამბობთ, საფლავი დაკარგულიაო, მაგრამ ვიდრე არ შევისწავლით საკითხს ბოლომდე, არ გავხსნით გელათის აკლდამას, ამის განცხადების უფლება არ გვაქვს... ჩვენ ხომ დავით აღმაშენებლის საფლავიც არ ვიცით, სად არის. გელათში, მისი საფლავის ქვის ქვეშ, სამარხი არ აღმოჩნდა. მინდა საპატრიარქოს კურთხევით და მხარდაჭერით შევუდგეთ ამ დიდ საქმეს, ვიფიქროთ და მაქსიმალური გავაკეთოთ, ჩვენი ისტორიის საიდუმლოებით მოცულ ფურცლებს ნათელი რომ მოეფინოს.

- რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, რამდენად შეიძლება მწირი ცნობებით მედიკოსებმა ახლა დასვან ცხრა საუკუნის წინანდელი დაავადების დიაგნოზი?
- ბევრი რამ პირობითია, ცხადია, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული თვალსაზრისი ჩამოვაყალიბოთ. თამარის შემთხვევაში, მისი სნეულება ონკოლოგიური დაავადება უნდა ყოფილიყო, ასე ფიქრობენ ქართველი ექიმები... კვლევა უნდა გაგრძელდეს. ეს წიგნიც ამიტომ დაიწერა.

P.S. თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა (და ალბათ გაგიჩნდათ), 10 ივლისს, 12-დან 16 საათამდე, რუსთაველის #40/1-ში მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" ზემო აღნიშნული წიგნის პრეზენტაციაზე შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ ავტორს.
თინათინი
21 მაისი 2017 17:06
ცარიელი არ იქნება...არ დაინტერესებულხართ არასდროს რატომ მაინც და მაინც თამარის საფლავია გასაიდუმლოებული...არის ალბათ ამის საფუძვლიანი მიზეზი..როგორც მამა გიორგიმ თქვა ის გაიხსნება მაშინ როცა საქართველოს გაუჭირდება და მთელი ის სიმდიდრე მოხმარდება საქართველოს...განა არაა ეს იმის ნიშანი რომ საქართველოს თავად ღვთიური ძალა მფარველობს და უფალს აქ საიდუმლო წმინდანები ჰყავს.....
emigranti.gr
23 სექტემბერი 2013 12:37
იუთუბში ვნახე ვიდეო ამ თემაზე,სადაც ქართველი არქეოლოგი ამბობს,რომ გელათის ქვეშ,არის უამრავი კარსტული მღვიმეები,არის მთლიანად გამოუკვლევი.არავის,და არასდროს,და არავის არ ჩაუტარებია იქ არქეოლოგიური კვლევა ძიება... ვინაიდან ბევრი მღვიმე წყლით ყოფილა სავსე,სჭირდებათ სპეციალური მოწყობილობები,იქ ჩასასვლელად....იქნებ ვინმემ ყურადღება მიაქციოს გელათის ქვეშ მდებარე მიწისქვეშეთს...დარწმუნებული ვარ ბევრ საიდუმოებას მალავს,ის მღვიმეები......
martia
07 ივლისი 2010 23:51
ვფიქრობთ მთლიანად უნდა გამოიკვლიონ აკლდამა, აუცილებელია აღდგეს მათი რეალური სახე თუ ეს შესაძლებელია.ქართველმა ერმა უნდა იხილოს თამარისა და დავითი ღვთიური სახის სიდიადე. განა რამე დააკლდათ იმ წმინდანებს, რომლებიც თვალსაჩინოდ, შუშის ქვეშ, მუმიის სახით წევნან კიევის ლავრაში.ჩვენ ხომ არ ვითხოვთ, რომ ნეშტი დადონ შუშის ქვეშ?! ჩვენ გვინდა ისტორიის დადასტურება, იმ სიდიადისა და სილამაზისა ხილვა, რაც გვეამაყება უხილავად!!!!1

რუბრიკის სხვა სიახლეები
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რომელი საარჩევნო სისტემაა თქვენთვის მისაღები ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები