"თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება" - კვირის პალიტრა

"თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება"

XII საუკუნეში, როცა წიგნი დიდი ფუფუნების საგანი იყო და ადამიანთა უმრავლესობას თვალით არ ჰქონდა ნანახი, როცა ბავშვებს ზღაპრებსა და ლეგენდებს უყვებოდნენ და ცნობისწადილსა და ფანტაზიას მხოლოდ ამით უვითარებდნენ, ძლიერ ნაკადად შემოიჭრა უამრავი თქმულება თამარ მეფეზე.

დრო გადიოდა, იცვლებოდა ყველაფერი, არ იცვლებოდა ერთი რამ: თამარზე ისევ ათას ლეგენდას ჰყვებოდნენ, მისი "დაკარგული" თუ "გასაიდუმლოებული" საფლავის პოვნაზე ოცნებას კი თაობა თაობას გადასცემდა...

ქართველები, როგორც გვჩვევია, ვოცნებობდით, რეალურად ძალიან ცოტა კეთდებოდა იმისთვის, რომ ჩვენთვის სათაყვანებელი ისტორიული პიროვნებისა და წმინდანის შესახებ მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა, არგუმენტებზე დაყრდნობით გაგვეცოცხლებინა სინამდვილე მისი ცხოვრების, სნეულებისა და გარდაცვალების შესახებ.

ცოტა ხნის წინ ისტორიკოსმა ჯაბა სამუშიამ თამარის გარდაცვალებისა და დაკრძალვის ბურუსით მოცულ საქმეს პატარა წიგნი მიუძღვნა, რომლის პრეზენტაციაც შაბათს, 10 ივლისს შედგება "ბიბლუსში". წიგნს ჰქვია "თამარ მეფის საფლავის საიდუმლოება" და ძალიან საინტერესოა როგორც ისტორიით დაინტერესებული ადამიანებისათვის, ისე ფართო საზოგადოებისთვისაც.

ბატონმა ჯაბამ სტუდენტობის დროიდან დაიწყო მუშაობა და ფიქრი ამ საკითხებზე. იმაზე დაყრდნობით, თუ რას წერდნენ თამარისა ("ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისა", "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი"), და ლაშა-გიორგის მემატიანეები, რომლებიც შეიძლება თვითმხილველნიც კი იყვნენ მომხდარი ამბებისა, შესაძლებელი გახდა თამარის საფლავის ადგილის იდენტიფიცირება - გელათი. კერძოდ, სად უნდა ვეძებოთ საფლავი, ამის შესახებ წიგნი მოგითხრობთ.

- საჭიროა კი ვიცოდეთ თამარის საფლავი და აუცილებლად უნდა გავხსნათ ის? - ვკითხე წიგნის ავტორს ჯაბა სამუშიას.

- ვფიქრობ, ნამდვილად საჭიროა, - გვითხრა ბატონმა ჯაბამ, - როცა ვამბობთ, რომ აუცილებელია გელათის საძვალის გახსნა, ვგულისხმობთ, რომ კვლევაში არქეოლოგების გვერდით უნდა ჩაერთონ სხვა სპეციალისტებიც: მიკრობიოლოგები, ქიმიკოსები თუ ექიმები, უნდა შევისწავლოთ გარდაცვალების მიზეზები, აღვადგინოთ ჩვენი მეფეების სახეები, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება.

ჩვენ გვაქვს ფრესკები მეფეთა გამოსახულებით, მათი გათვალისწინებითა და წმინდა ნაშთების ფორმების მიხედვით შეიძლება ელექტრონული პორტრეტების შექმნა. გამოვიკვლევთ დნმ-ს და დავადგენთ გენეტიკურ თავისებურებებს. ეს ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელია. მეორე მხრივ, რომელ ქართველს არ სურს იცოდეს, სად არის თავისი წმინდანის საძვალე, რომ თაყვანი სცეს მას...

ჩვენ კი ვამბობთ, საფლავი დაკარგულიაო, მაგრამ ვიდრე არ შევისწავლით საკითხს ბოლომდე, არ გავხსნით გელათის აკლდამას, ამის განცხადების უფლება არ გვაქვს... ჩვენ ხომ დავით აღმაშენებლის საფლავიც არ ვიცით, სად არის. გელათში, მისი საფლავის ქვის ქვეშ, სამარხი არ აღმოჩნდა. მინდა საპატრიარქოს კურთხევით და მხარდაჭერით შევუდგეთ ამ დიდ საქმეს, ვიფიქროთ და მაქსიმალური გავაკეთოთ, ჩვენი ისტორიის საიდუმლოებით მოცულ ფურცლებს ნათელი რომ მოეფინოს.

- რაც შეეხება სიკვდილის მიზეზს, რამდენად შეიძლება მწირი ცნობებით მედიკოსებმა ახლა დასვან ცხრა საუკუნის წინანდელი დაავადების დიაგნოზი?

- ბევრი რამ პირობითია, ცხადია, მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია გარკვეული თვალსაზრისი ჩამოვაყალიბოთ. თამარის შემთხვევაში, მისი სნეულება ონკოლოგიური დაავადება უნდა ყოფილიყო, ასე ფიქრობენ ქართველი ექიმები... კვლევა უნდა გაგრძელდეს. ეს წიგნიც ამიტომ დაიწერა.

P.S. თუ გაგიჩნდათ რაიმე კითხვა (და ალბათ გაგიჩნდათ), 10 ივლისს, 12-დან 16 საათამდე, რუსთაველის #40/1-ში მდებარე წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" ზემო აღნიშნული წიგნის პრეზენტაციაზე შეგიძლიათ თავად ჰკითხოთ ავტორს.