მთის საჩუქარი ბარს - კვირის პალიტრა

მთის საჩუქარი ბარს

გურჯები მადლობას უხდიდნენ მთიელ ქალს: - შენმა სიმღერამ საქართველოსა და ფერეიდანს შორის მანძილი შეამცირაო

მთის მოყვარულთა გადაწყვეტილებით, ყოველი წლის 26 ივნისს თბილისში გაიმართება ტრადიციული საღამო "მთის საჩუქარი ბარს". ამ დღეს სიმღერის, ცეკვისა და პოეზიის ნიჭით დაჯილდოებული მთიელები ბარში ჩამოვლენ, კონცერტს უძღვნიან ბარელებს და მთის ტურისტულ სეზონს გახსნილად გამოაცხადებენ. საღამოს დევიზია:

"თუ თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ვერ მიდიან მთაში, მთა თავად მოდის მათთან!" ამ დევიზით კი, თუ თავიდან მხოლოდ ხევსურები მართავდნენ საღამოს, უკვე საქართველოს ყველა მთიანი რეგიონის წარმომადგენლები ერთდროულად ეფერებიან თბილისს.

ასეთი საღამო უკვე მეოთხედ ჩატარდა თბილისში და ყოველთვის ხალხმრავლობით გამოირჩეოდა, მაგრამ წელს განსაკუთრებით გაუჭირდა ერთი ციდა დასასვენებელ პარკს მთის ათასობით მოყვარულის მასპინძლობა.

ფოლკლორული საღამო ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის წინამძღოლმა მეუფე თადეოზ იორამაშვილმა თავისი ლექსით გახსნა.

საგანგებოდ 26 ივნისისთვის თბილისში ჩამოვიდნენ ფერეიდნელი ქართველებიც. მათ ფოლკლორული საღამოს შესახებ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ შეიტყვეს შორეულ ირანში, როდესაც "მთის საჩუქარი ბარს" ორგანიზატორი, კომპანია "თებულოტურის" ხელმძღვანელი პაატა ვარდანაშვილი მათთან სტუმრად ჩასულა. პაატას საჩუქრად წაუღია მთიელი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილის ალბომი, რომელშიც ერთ-ერთი სიმღერა ემიგრანტებს ეძღვნება.

KvirisPalitra.Geმეორე დღეს ამ სიმღერას არა მარტო ფერეიდანში, მთელ ისპაანში უსმენდნენ, ტექსტს იწერდნენ და ერთმანეთს სატელეფონო შეტყობინებით უგზავნიდნენ. ფერეიდნელები 26 ივნისს არა მარტო საღამოზე დასასწრებად, თეონას გასაცნობადაც ჩამოსულან. კონცერტის შემდეგ გურჯები დიდხანს უხდიდნენ მადლობას მთიელ ქალს, - შენმა სიმღერამ საქართველოსა და ფერეიდანს შორის მანძილი შეამცირაო.

კონცერტი უჩვეულოდ გაგრძელდა და როცა დასრულდა, მაყურებელმაც და მრევლმაც მეუფესთან ერთად სხვა ადგილზე გადაინაცვლეს და იქ გაგრძელდა პოეზიის საღამო შუაღამემდე. ისეთი სიყვარული ტრიალებდა, რომ მეუფემ ღიმილით გვითხრა, შვილებო, ეს კონცერტი სიყვარულისთვის სახალხო ლოცვასავით გამოგივიდათო.

საღამო იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ როგორც იქნა, ხორცი შეესხა ჩვენი კოლეგისა და ფოტოგრაფის, გიორგი ჩანადირის იდეას, შეგროვდა ხელმოწერები თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში სვანურის გვერდით ხევსურული კოშკის აშენების მოთხოვნის შესახებ.

წლების წინ კოშკის აგებისა და ხევსურული საღამოების მოწყობის იდეა თითქმის ერთდროულად გაჩნდა. ფოლკლორულ საღამოებს საფუძველი ინტერნეტფორუმმა კარავი.გე-მ ჩაუყარა. მერე გიორგი ჩანადირს დაებადა იდეა, იქნებ ხევსურული კოშკიც ააგონ ეთნოგრაფიულ მუზეუმშიო.

კარველებმა წელსაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს საღამოს მოწყობაში და სულ 1008 ხელმოწერა შეგროვდა. მეტიც შეგროვდებოდა, მაგრამ მოხდა კურიოზი, - ხელმოწერის ორგანიზატორებს ფურცლები გაუთავდათ, ისინი მხოლოდ 500 ხელმოწერის შეგროვებას ვარაუდობდნენ, არ ეგონათ, თუ საღამოს რამდენიმე ათასი კაცი დაესწრებოდა.

KvirisPalitra.Geროგორც გაირკვა, ეთნოგრაფიულ მუზეუმში ოდესღაც დაწყებულა კიდეც პირიქითა ხევსურეთის სოფელ ლებაისკარის კოშკის ანალოგის მშენებლობა, მაგრამ მიზეზთა გამო შეჩერებულა. დღემდე შემორჩენილია კოშკის საძირკველი.

ხელმომწერები თბილისის მერსა და ეთნოგრაფიული მუზეუმის ხელმძღვანელობას სთხოვენ შეწყვეტილი მშენებლობის განახლებას და მზად არიან, თავადაც შეიტანონ წვლილი მშენებლობაში.

საღამოზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მთიანეთისათვის დამახასიათებელი ხალხური რეწვის ნიმუშები. გაიმართა დები გოგოჭურების მუსიკალური ალბომის პრეზენტაციაც. "მთის საჩუქარი ბარს" ასეთ პრეზენტაციებსაც ტრადიციად აქცევს. ყოველწლიურად გამოიცემა ერთი მთიელი პოეტის კრებული და ერთიც მომღერლის მუსიკალური ალბომი.

წელს კი იმის გამო, რომ ღონისძიების სპონსორობა არავინ ისურვა, ორგანიზატორებმა თავიანთი სახსრებით მხოლოდ დები გოგოჭურების ალბომის ჩაწერა შეძლეს. ისიც გერმანელი მეგობრის, იულიან რაბიუსის დახმარებით. იულიანი დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს. ერთხანს სვეტიცხოველშიც გალობდა, ამასთან, ეძებდა მთის მომღერლებს, რათა ბუნებრივ გარემოში, ციხის ნანგრევებზე ან მდინარის პირას ჩაეწერა ისინი. მუცოში ათკაციანი მომღერალთა ჯგუფი წაიყვანა.

ახლა იულიუსი გერმანიაშია და იქიდან გულშემატკივრობდა ქართველ მეგობრებს. პაატა ვარდანაშვილის თქმით, იულიანს გულისყური სულ აქეთ აქვს და ახალი მომღერლების ჩასაწერად ემზადება.

ამ საღამოს შემდეგ თბილისელებს დედაქალაქში უჭირთ დარჩენა, - ახლა მათი გულისყური მთებისკენ არის მიპყრობილი.