"რატომ არ გაუფრთხილდით იმ ორას სიცოცხლეზე შეყვარებულ ჯარისკაცს" - კვირის პალიტრა

"რატომ არ გაუფრთხილდით იმ ორას სიცოცხლეზე შეყვარებულ ჯარისკაცს"

ცოტა ხნის წინ მკითხველმა ელექტრონული ფოსტით მომწერა: ნუ დაგვავიწყებთ სამშობლოს მთლიანობისთვის დაღუპულ ჯარისკაცებს, გვიამბეთ მათი გმირობისა და ოჯახების შესახებო.

ნელი ბეგიაშვილი სოფელ კუმისში გეოგრაფიას ასწავლიდა 2008 წლის მიწურულამდე. 3 დეკემბერს, როდესაც შვილის, სამხედრო ექიმ ზურა ბეგიაშვილის სიკვდილი დაუდასტურეს, სკოლაში წასვლა ვეღარ შეძლო. ელდამ ყველაფერი დაავიწყა. მოსავლელი გაუხდა შვილის დაღუპვით თავზარდაცემული და ლოგინად ჩავარდნილი მეუღლე, რომელიც ოთხ თვეში გარდაიცვალა. ქალბატონი ნელი თვითონ გვეწვია რედაქციაში და გვთხოვა, მისი ტკივილი საზოგადოებისთვის გაგვემხილა.

ნელი ბეგიაშვილი: - 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩემი ძირითადი საინფორმაციო წყარო "კვირის პალიტრაა". ბევრ რამეს ვკითხულობ - აღსაშფოთებელსაც და გულის მოსაოხებელსაც. ბოლო დროს რამდენიმე ინტერვიუმ გამაღიზიანა. ერთგან ნინო ბურჯანაძე ამბობს, მოსკოვში, "პაკლონნაია გორაზე" იხსნება სამამულო ომში დაღუპული ქართველი მეომრების მემორიალი, საქართველოს დროშა ყვავილებით არის გამოსახული და ეს იმის ნიშანია, რომ რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა სურსო. ჩვენი ქვეყნისთანა დამცრობილ სახელმწიფოს ნამდვილად სჭირდება მშვიდობა და კეთილი ურთიერთობა მეზობლებთან, მაგრამ ისე არ უნდა დაგვემართოს, სხვა დროსაც რომ დაგვმართვია, მოყვრის ქურქმოსხმული მგლის ნდობა არ შეიძლება.

მივმართავ ყველას, ვინც დღეს რუსეთთან მეგობრულ კავშირს ეძებს, მათ შორის - ქალბატონ ნინოსაც: ძალიან ნუ აღფრთოვანდებით მემორიალით. ნუ აფიქრებინებთ პუტინს, ქართველების (ყველა ქართველის?) გულის მოსაგებად ცოტა რამ ყოფილა საკმარისიო. სანამ ძალიან არ "შეწუხებულა"  პუტინი, ურჩიეთ, რომ მემორიალების ასაშენებელი თანხით თავის ჯარისკაცებს ჩააცვას და დაახუროს, იმ ჯარისკაცებს, რომლებიც დაღუპულ ქართველ გმირებს სისხლით გაჟღენთილ და დაგლეჯილ ფორმებს ხდიდნენ. ვინ იცის, იქნებ დღემდე ჩვენი შვილების ფორმები აცვიათ. ჩემი ერთადერთი ვაჟი ერთ-ერთი იყო იმ გაძარცულ და გაშიშვლებულ ჯარისკაცებს შორის, რომლებიც 26 აგვისტოს გადმოასვენეს და მუხათგვერდის სასაფლაოზე როგორც უცნობი მეომრები დაკრძალეს.

გამაღიზიანებელი იყო კახა ლომაიასთან ინტერვიუ, რომელშიც ამბობს, რომ ომის დროს გენერლებთან სადილობდა. "ჰუმანიტარული ამოცანების გარდა, გორში საჭირო იყო სამხედრო-ტექნიკური ინფრასტრუქტურის გადარჩენა. ჩვენ ვსაუბრობდით ათეულობით მილიონი ლარის ღირებულების ქონების გადარჩენაზე".

ბატონო კახა, თქვენს ჰუმანიტარულ ამოცანებში დაღუპულ ჯარისკაცთა გამოყვანა არ შედიოდა? თბილისიდან ერთი საათის სავალზე დახოცილი ბიჭები განა სამი კვირა უნდა ყოფილიყვნენ უპატრონოდ და დნმ-ით გეკვლიათ მათი ვინაობა? არ იფიქროთ, რომ ჩასაფრებული ვიყო, მხოლოდ იმ ომის გამამართლებელი მიზეზების პოვნა მინდა, მაგრამ ნაცვლად ამისა, ურთიერთდაპირისპირებას ვაწყდები...

ლომაიას ისევ ბურჯანაძე პასუხობს და ჩვენი, ჯარისკაცების დედების სათქმელსაც ამბობს ნაწილობრივ. "რა ესადილებოდათ, როდესაც 5 კილომეტრში დახოცილი ბიჭები უპატრონოდ ეყარა და ჯერ ვერ გამოგვყავდა? ვისთან ერთადაც სადილზე მიდიოდა, მოეკიდა მისთვის ხელი  ლომაიას და გამოეყვანა დაღუპული ბიჭები. სანამ პატრიარქი არ ჩავიდა და მე არ ველაპარაკე წითელი ჯვრის თავმჯდომარეს, მანამდე კაციშვილს არ უზრუნია დაღუპული ბიჭების გამოყვანაზე".

აი, რატომ მტკივა გული: სიცრუე და სიმართლე ვეღარ გაგვირჩევია. ხალხის გამო კი არა, საკუთარი ინტერესების გამო ერკინებიან ერთმანეთს. ქართველებს ერთიანობა რომ გვქონოდა, ბევრ საფრთხეს ავიცილებდით.

- ქალბატონო ნელი, გავიგე, რომ წიგნის მომზადებას აპირებთ, ომის თემას უძღვნით?

- წიგნს ჩემი შვილის ხსოვნას მივუძღვნი. რადგან შვილი არ დამრჩა სიცოცხლის გამგრძელებლად, ეს წიგნი დარჩება და დროდადრო შეახსენებს მკითხველს, რომ ცხოვრობდა ერთი ვაჟკაცი, სამხედრო ექიმი ზურა ბეგიაშვილი, რომელიც გმირულად მოუკვდა სამშობლოს. ის ერთ-ერთი იყო სამ ექიმს შორის, რომლებიც ცხინვალის ომმა იმსხვერპლა.

დიდხანს მატყუებდნენ თუ მამშვიდებდნენ, ცოცხალია შენი შვილიო. ხან ცხინვალში ჰყავთო, ხან ვლადიკავკაზშიო. ოთხი თვე ვეძებდი ტყვეებში, ის კი თურმე უცნობ ჯარისკაცად განისვენებდა საძმო სასაფლაოზე. როცა ჩემს მიყრუებულ ეზო-კარს გავცქერი, ბოღმა და ცრემლი მახრჩობს.

ყველა დაღუპული ჯარისკაცის დედის სახელით მინდა ვიყვირო, ბრალი დავდო მათ, ვინც ომი დაიწყეს: ჩემთვის სულერთია, ვინ ხართ, რატომ არ აგვაცილეთ ომი, რატომ წაგვართვით ბედნიერება, სად იყავით აქამდე, თუ რუსეთთან ასეთი დესპანობა შეგეძლოთ, რატომ არ გაუფრთხილდით იმ ორას ჯარისკაცს, სიცოცხლეზე შეყვარებულ, მაგრამ ქვეყნისა და ერთმანეთისთვის თავგანწირულ ბიჭებს?

- თქვენი შვილის შესახებ გვიამბეთ.

- ზურა 28 წლისა დაიღუპა ცხინვალის ომში. დაუზუსტებელია დაღუპვის მიზეზი, გადარჩენილი თანამებრძოლების თქმით, ფეხში მსუბუქად დაჭრილი ბრძოლის ველზე დარჩენილა დაჭრილი მეომრების გადასარჩენად. ვეხვეწებოდით, გამოგვყოლოდა, მაგრამ ხელი აგვიქნია და იქით გავარდა, სადაც ცეცხლის ალი ბრიალებდა და აღარაფერი ჩანდაო. არის ორი ვერსია: ან სნაიპერის ტყვიას შეეწირა, ან დაჭრილი ჩავარდა ტყვედ და წამებით მოკლეს.

7 აგვისტოს გორში უნდა ჩაეყვანათ ერაყში გასაგზავნი ჯგუფი, რომელშიც ზურაც იყო, მერე მოვლენები ელვისებურად განვითარდა. 8 აგვისტოს საღამოს დავურეკე, რატომ იგვიანებ-მეთქი, ერთი-ორი დღე ვერ მოვალ, სამსახურში საქმე მაქვსო. მოგვიანებით მისი თანამშრომელი გოგონებისგან შევიტყვე, რომ უკვე ცხინვალში იყვნენ. ექთანი მიყვებოდა, 8 აგვისტოს ზურამ ძალით გამომიყვანა და ჩამსვა მანქანაში, მითხრა, აქ შენი ადგილი არ არის, მე მივხედავ ყველაფერსო. არადა, ისეთი  ჯოჯოხეთი იყო, ერთი კაცი ვერაფერს გახდებოდაო.

შემდეგ ზურას სავარაუდო ადგილსამყოფელი დაიბომბა, მაგრამ ის მალე გამოვიდა კავშირზე შტაბთან, თურმე ტელეფონში ყვიროდა, მანქანები მომაშველეთ, ბიჭები გამაყვანინეთო. დამხმარედ ექიმი იორამაშვილი გაუგზავნეს, მაგრამ მერე აღარ ვიცი, რა მოხდა, ზურა არავის უნახავს. აქ დასრულდა მისი ბიოგრაფია. გარდაცვალების ცნობაში დაღუპვის თარიღად 8 აგვისტო წერია. არადა, ზურა ამ დროისთვის ცოცხალი იყო.

თავდაცვის სამინისტროშიც და სახალხო დამცველთანაც მეუბნებოდნენ, რომ ტყვედ ჰყავდათ ცხინვალში. 25 აგვისტოს ჩვენთან  უცნობი ქალი მოვიდა, მითხრა, ზურა ოთხ ბიჭთან ერთად არის ტყვედო. დამპირდა, 27 აგვისტოს გამოვიყვანთ იგოეთის ტეკთანო. ისიც თქვა, ზურა აწამეს, სახეზე ნაკვთები აათალესო. ამის მერე ის ქალი გაქრა და ზურაც არ გამოჩენილა.

15 სექტემბერს ტყვეობიდან გათავისუფლებული მისი თანამებრძოლები მოვინახულე. იმათაც მითხრეს, სანამ ცხინვალის პოლიციაში ვიყავით, იქ მართლაც დავინახეთ ვიღაც უგონოდ მყოფი, სასტიკად ნაწამები, სახე წაშლილი ჰქონდა და ვერ ვიცანითო. შემდეგ რა მოხდა, არ ვიცი. გვამის აღწერილობის ფურცელზე წერია, რომ გადმოსვენებულია 26 აგვისტოს. სავარაუდოდ, ამ ბიჭებსაც ამ პერიოდამდე უნახავთ ის ნაწამები ტყვე.

აღწერილობის თანახმად გვამი მთელია. დაბომბვაში რომ მოყოლილიყო, სადღაც ხომ უნდა დარჩენილიყო ნამსხვრევის კვალი? საოცარია ისიც, რომ სიკვდილის მიზეზად არაფერია ჩაწერილი. ზერელე ცნობაა მხოლოდ გვამის ზომებისა და ფერის შესახებ. არაფერია ნათქვამი ნატყვიარისა და აფეთქების შედეგად ნამსხვრევით მიყენებულ ჭრილობაზე. გადმოსვენების დროს ჩემი შვილი შიშველი ყოფილა, რამდენიმე ბიჭი ასე ჩამოასვენეს. გაძარცული იყვნენ. ტანსაცმელი რომ სცმოდათ, შეიძლებოდა საცვლებით მეცნო. ჟეტონებიც არ ეკეთათ, თორემ დნმ-ის ანალიზი აღარ დაგვჭირდებოდა.

- ეჭვობთ, რომ შესაძლოა ანალიზი არასწორია და თქვენი შვილი ცოცხალია?

- არა, აღარ ვეჭვობ... მტანჯველია იმაზე ფიქრი, როგორ დაიღუპა. მერჩივნა, დაბომბვაში დაღუპულიყო. ხშირად, როცა მარტო ვარ, მესმის მისი ღრიალი. 2008 წლის ნოემბერშიც კი თავდაცვის სამინისტროში მიმტკიცებდნენ, ზურა ცოცხალია და ტყვედ არისო. იმედი მქონდა, შვილი დამიბრუნდებოდა, თან დნმ-ის პასუხებსაც ვაკითხავდი, მაინც ვშიშობდი. სამწუხაროდ, ეჭვი დადასტურდა.

2008 წლის 3 დეკემბერს მითხრეს, რომ ზურა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განისვენებდა. არადა, 26 აგვისტოს ბიჭები რომ გადმოასვენეს, გული მეუბნებოდა, ზურაც მათ შორის არის-მეთქი, მაგრამ მიმტკიცებდნენ, ცდებიო. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს ვთხოვე, განმიმარტეთ, როგორ მოხდა, რომ თითქოს ცოცხალი ბიჭი მკვდრებს შორის არის-მეთქი? მხრები აიჩეჩეს, ვერაფერი მიპასუხეს.

- როგორ ფიქრობთ, ასე სასტიკად რატომ უნდა ეწამებინათ ზურა, ის ხომ ექიმი იყო და არა ჯარისკაცი?

- ბავშვობიდანვე ასეთი იყო, შეუპოვარი და პირდაპირი. არ ვუშლიდი, ვფიქრობდი, მერე რა, შეხვდეს პრობლემებიც, მთავარია, გამოიწრთოს-მეთქი. ერაყში წასასვლელად ემზადებოდნენ, მე ვეწინააღმდეგებოდი, ვთხოვდი, ცოლი მოეყვანა. რა დროს ცოლია, ქვეყანა გასამთლიანებელი გვაქვსო. სულ წუხდა, სად ვიყავი აფხაზეთისა და ცხინვალის ომის დროს, ჩემს წილ სისხლს დავღვრიდი სამშობლოსთვისო.

ჩემი ყოფილი მოწაფე გიორგი კახელაშვილი დღეს გურიის ერთ-ერთ სოფელში მსახურობს მღვდლად. ომის დასრულებიდან ორი კვირის შემდეგ უნახავს სიზმარში ზურა. ძველებურად მხიარული და ლაღი, ვუსაყვედურე, სად ხარ, ოჯახი გეძებს-მეთქი! უფალთან ვარ და ძალიან კარგად ვარ, მაგრამ ჩემებს ვერაფრით გავაგებინე, მინდა, შევატყობინო, ნუ მეძებენო. ახლა ესღაა ჩემი ნუგეში, რომ ზურა უფალთან არის.

ვლოცულობ, რომ ჩვენი შვილები ბოლო ზვარაკი ყოფილიყვნენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების სამსხვერპლოზე. თუ არა და, ჯერ დედები დაგვხოცონ.

"ერთ საუკუნეში გმირული სიკვდილი ადამიანს ასაჩუქრებს სიცოცხლით ყველა მომდევნო საუკუნეში"

ჯორდანო ბრუნო