"ადამიანები ყვიროდნენ, ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ, ჩვენც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით" - კვირის პალიტრა

"ადამიანები ყვიროდნენ, ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ, ჩვენც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით"

გუდაურში საბაგირო სადგურის მწყობრიდან გამოსვლის გამო რამდენიმე ტურისტი დაშავდა. დაშავებულები დახმარებისთვის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"ფეისბუკში" გავრცელდა ვიდეო, რომელშიც გუდაურის გადაუდებელ სამედიცინო ცენტრში მყოფი რუსი ტურისტი მომხდარის თაობაზე ჰყვება:

"კანატკა" ჯერ გაჩერდა, ვიფიქრეთ, რომ ელექტროენერგია გაითიშა, რაც ხდება ხოლმე, შესაბამისად, მშვიდად ვიყავით და ველოდით საბაგიროს ამუშავებას. თუმცა ცოტა ხანში დავინახეთ, რომ ძალიან ნელა, მაგრამ უკან-უკან დაიწყო საბაგირომ სვლა. უკუსვლა თანდათან აჩქარდა. ადამიანები ყვიროდნენ, სრულ გაურკევევლობაში ვიყავით. ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ. მე და ჩემმა მეგობარმა გოგომაც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით. ჩემი მეგობარი უვნებლად გადარჩა, მაგრამ მე ფეხი დავიზიანე".

სიტუაციის გარკვევას ადგილობრივებისაგან შევეცადეთ.

მზია ბურდული, გუდაურის საბაგირო ხაზის თანამშრომელი:

- შემთხვევა სადგურ "საძელეზე" მოხდა. ეს სადგური ბოლო ხანს, ალბათ 2 წელიწადია, რაც გაკეთდა და აქამდე მცირე ინციდენტიც არაფერი ყოფილა. ხალხი ზემოთ ადიოდა, რათა თხილამურებით დაშვებულიყვნენ, ამ დროს გონდოლები უცებ უკან დაეშვნენ სადგურისკენ და სადგურს შეეჯახნენ.

- ეს რატომ მოხდა?

- ჯერ დანამდვილებით რთულია თქმა, სავარაუდოდ, საბაგირო სადგურში სამუხრუჭეები დაზიანდა.

- რა სიჩქარით დაიწყო გონდოლებმა უკუსვლით მოძრაობა?

- უკან დაშვება ძალიან სწრაფად ხდებოდა. საბედნიეროდ, ზოგმა მოასწრო გამოხტომა, მაგრამ ვინც გადმოხტა, ისინიც ხომ თავისთავად დაზიანდებოდნენ. ხალხი ძალიან შეშინებულია.

"საძელეს" საბაგირო იშვიათად ირთვება,ზვავსაშიშროების გამო - რომელმა კომპანიამ დაამონტაჟა გუდაურის საბაგირო ?

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)