"გუდაურში დივერსიის ვერსიაც სერიოზულადაა გამოსაძიებელი... დარჩები მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა" - კვირის პალიტრა

"გუდაურში დივერსიის ვერსიაც სერიოზულადაა გამოსაძიებელი... დარჩები მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა"

16 მარტს გუდაურში სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად "მედიქლაბში" მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გივი თარგამაძე გუდაურში მომხდარ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გუდაურის შემთხვევასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, სხვებთან ერთად, დივერსიის ვერსიაც სერიოზულადაა გამოსაძიებელი. არც პარანოია მაქვს, არც რამეს ვიჩემებ.

საქმე გვაქვს მაგ სფეროში წამყვანი მწარმოებლის საუკეთესო მოდელის სავსებით ახალ მექანიზმთან, რომელსაც აქვს უმაღლესი კატეგორიის დაცვა, ხუთი სამუხრუჭე სისტემა - სამი ელექტეონული, ორი - მექანიკური. და არცერთმა არ იმუშავა. რომ წარმოიდგინოთ - პროგრამა აირია, ერთი გაითიშა - მეორე ირთვება, მერე მესამე. ვთქვათ, საერთოდ დაეკიდა პროგრამა, ტვინი გაითიშა - შემდეგ მოდის მექანიკური მუხრუჭი, რომელიც, თუ მოწყდა, მეორე მექანიკური მუხრუჭი აზღვევს. აი, ამ ყველა კომპონენტიდან არცერთმა რატომ არ იმუშავა, ესაა დასადგენი.

დივერსიის აზრი მარტივადაა გასაგები - დარჩები მხოლოდ რუსი ტურისტების ამარა. უსაფრთხოების სისტემის დღევანდელი ჩამოშლის ფონზე წარმოუდგენელი სულაც არაა. ბუნებრივია, ეს ვერსია არ უნდა იქცეს კონკრეტული ადამიანების დანაშაულის დაფარვის მექანიზმად. მთლად სისულელეა სამთავრობო მედიის ხაზი, რომ ასეთი შემთხვევები სხვაგანაც ხდება და რას იზამ. ასევე იმაზე საუბარი, რომ პასუხისმგებელი პირები კარგი ტიპები არიან და არ უნდა გავწიროთ. მოკლედ, ცივილიზებულ ქვეყანაში გამოძიება ყველა მიმართულებას ამოწურავდა. რა იქნება აქ - გლუვმა უწყის...", - წერს გივი თარგამაძე "ფეისბუკში".

იხილეთ ასევე: "ადამიანები ყვიროდნენ, ყრიდნენ ეკიპირებას და ხტებოდნენ, ჩვენც ავხსენით დამცავი ბარიერი და გადმოვხტით"