როგორია გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია გუდაურში, საბაგიროზე დაშავებული ორსულის მდგომარეობა?

შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არაა, - ამის შესახებ "მედიქლაბ ჯორჯიას" სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განაცხადა. გოცაძემ პაციენტის დაზიანებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას ხერხემლის ბლაგვი ტრავმა აქვს.

"გუდაურიდან გუშინ გადმოყვანილი შვედეთის მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური. ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა. დღეს განმეორებითი კვლევების ჩატარებას ვგეგმავთ, თუ მისი მდგომარეობა ცვლილების გარეშე იქნება, შესაძლებელი გახდება მისი ბინაზე გაწერა და თავის ქვეყანაში ტრანსპორტირება. ორსულობის მხრივ ამ ეტაპისთვის არანაირი პრობლემა არ არის", - განაცხადა გოცაძემ.

შეგახსენებთ, გუდაურში, გუშინ, სათხილამურო ტრასაზე საბაგიროს ავარიულად გაჩერების გამო 11 ადამიანი დაშავდა. მათ, სხვადასხვა საზის დაზიანებები აღენიშნებოდათ. დაშავებულებს შორის ორსული ქალბატონია, რომელიც შვედეთის მოქალაქეა. ის ამჟამად "მედიქლაბში" მკურნალობს. ღუდუშაურის კლინიკაში კი მკურნალობას 5 პაციენტი აგრძელებს. დანარჩენები საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუდაურში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: საბაგიროზე დაშავებული რუსეთის მოქალაქე, რომელიც კლინიკიდან გაწერეს, სასრიალოდ კვლავ გუდაურში დაბრუნდა

"ინტერპრესნიუსი"