"მათ სექსუალური ხასიათის წერილებს წერდა" - რას პასუხობს ზვიად დევდარიანი "ქალთა მოძრაობას?" - კვირის პალიტრა

"მათ სექსუალური ხასიათის წერილებს წერდა" - რას პასუხობს ზვიად დევდარიანი "ქალთა მოძრაობას?"

"ქალთა მოძრაობა" საქართველოს პარლამენტს და სახალხო დამცველს მიმართავს. მიმართვაში "ქალთა მოძრაობა" საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრად წარდგენილ ზვიად დევდარიანს, "ქალთა მიმართ სექსუალურ შევიწროებაში" ადანაშაულებს.

როგორც "ქალთა მოძრაობის" საგანგებო მიმართვაშია ნათქვამი, ზვიად დევდარიანი მხილებულია "სექსუალური შევიწროების ათამდე შემთხვევაში".

"საქართველოს პარლამენტმა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი, რომელიც მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში.

16 მარტს, მას შემდეგ, რაც ომბუდსმენმა დევდარიანის კანდიდატურა წარადგინა, ქალთა მოძრაობის სამუშაო ჯგუფში, მოძრაობის წევრები ზვიად დევდარიანის მხრიდან სექსუალური შევიწროების, სექსუალური ხასიათის არასასურველ ფიზიკურ და ვერბალურ ქცევაზე ალაპარაკდნენ.

ზვიად დევდარიანი არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორი და კარგად ცნობილი სამოქალაქო აქტივისტია. მას სერიოზული გავლენა და რეპუტაცია აქვს საქართველოს სამოქალაქო და პოლიტიკურ წრეებში. ზვიად დევდარიანი ქალთა უფლებების ცნობილი დამცველიცაა და როგორც ჩანს, მისი ორმაგი სტანდარტები და კარგად შენიღბული სახე გახდა მიზეზი იმისა, რომ მის მიერ სექსუალურად შევიწროებულ ქალებს არ ჰქონდათ რწმენა და ძალა, რომ საკუთარი უფლებებისთვის ებრძოლათ.

ზვიად დევდარიანი წლების მანძილზე იყო ქალთა მოძრაობის აქტიური მხარდამჭერი. ის ესწრებოდა ჩვენს მიერ გამართულ თითქმის ყველა აქციას, ღიად და საჯაროდ უჭერდა მხარს ქალთა უფლებებს და ამ დრომდე ის ითვლებოდა ქალთა მოძრაობის ერთ-ერთ თანამოაზრედ. გარდა ამისა, ზვიად დევდარიანი ქალთა მოძრაობის არაერთი წევრის კოლეგა და მეგობარია.

ქალთა მოძრაობა სრულად იაზრებს პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არაერთი ქალისთვის, სწორედ ჩვენი აფილირება ზვიად დევდარიანთან, შესაძლებელია გამხდარიყო მათი გაჩუმების და უიმედობის კიდევ ერთი მიზეზი.

ქალთა მოძრაობის წევრები, რომლებიც ზვიად დევდარიანის მიერ სექსუალურ შევიწროებაზე საუბრობენ, ანონიმურობას ამჯობინებენ. რაც, რა თქმა უნდა, არ არის გასაკვირი, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ძალადობრივ, პატრიარქალურ კულტურაში ვცხოვრობთ. კულტურაში, რომელიც მსხვერპლს თავად აქცევს "დამნაშავედ". ჩვენ არ გვაქვს არავითარი მიზეზი ეჭვი შევიტანოთ ათამდე ქალის მონაყოლში, რომლებიც ამტკიცებენ, რომ დევდარიანი მათ სექსუალური ხასიათის წერილებს ინტენსიურად წერდა. ქალები ყვებიან, რომ უჭირდათ დევდარიანის მხრიდან გამუდმებული შევიწროვების შეჩერება.

ქალთა მოძრაობა წუხს, რომ წლების მანძილზე მის გვერდით იდგა კაცი, რომელიც ერთი მხრივ, ქალთა უფლებებზე საუბრობდა, მეორე მხრივ კი, ქალებს ავიწროვებდა.

გვსურს თანადგომა და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხმაწართმეულ ქალებს. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ, ჩვენთვის, მეგობრობა თუ კოლეგიალობა არც ერთ შემთხვევაში არ გახდება იმის მიზეზი, რომ დავიცვათ და გვერდით დავუდგეთ არა მსხვერპლს, არამედ დამნაშავეს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს და მასთან არსებულ გენდერული თანასწორობის საბჭოს, სასწრაფოდ დაიწყოს სექსუალური შევიწროების საკითხის რეგულირებაზე მუშაობა და მხარი არ დაუჭიროს სექსუალურ ძალადობაში მხილებულ ადამიანს, დაიკავოს ეს მნიშვნელოვანი საჯარო პოზიცია და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პოლიტიკა განსაზღვროს.

მოვუწოდებთ საქართველოს სახალხო დამცველს გამოითხოვოს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრობის მის მიერ დასახელებული კანდიდატურა და შეისწავლოს ყველა იმ ქალის ისტორია, რომელიც ზვიად დევდარიანს სექსუალურ შევიწროებაში ამხელენ", - ნათქვამია "ქალთა მოძრაობის" მიმართვაში.

"ქალთა მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ამ განცხადებას განცხადებითვე უპასუხა ზვიად დევდარიანმა, რომლიც თქმითაც, ის საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობიდან საკუთარ კანდიდატურას ხსნის.

"გუშინ მთელი ღამის განმავლობაში პირადად ჩემზე, ჩემს ოჯახსა და ორგანიზაციის თანამშრომლებზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი, რაც დღეს "ქალთა მოძრაობის" მიერ გავრცელებული განცხადებით გაგრძელდა, რომელიც ლახავს ჩემს რეპუტაციას, ანგრევს ჩემს ოჯახს, დარტყმას აყენებს სახალხო დამცველსა და მთლიანად სამოქალაქო სექტორს. ამ პირობებში ძალიან მიმძიმს ემოციების გვერდზე გადადება, თუმცა გამოწვევა სერიოზულია და რისკები მხოლოდ პიროვნულად მე არ მიკავშირდება.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ მთლიანად ამ დისკუსიასა და განცხადებაშიც არეულია მორალისა და "დანაშაულის" შემადგენელი. ვიღაცას შეიძლება მე პიროვნულად არ მოვწონდე, ან ჩემი თავისუფლება არ მოსწონდეს, თუმცა ჩემი თანამდებობა და გავლენა, რაც იყო ნახსენები განცხადებაში, ბოროტად არასდროს გამომიყენებია.

დღეს გავრცელებული განცხადება პირდაპირაა დაკავშირებული სახალხო დამცველის მიერ ჩემი კანდიდატურის მხარდაჭერასთან, რამაც გააჩინა შესაძლებლობა საბჭოში პოლიტიკურად მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კვალიფიციური კადრი ყოფილიყო წარმოდგენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ პირდაპირ მივიღე შეტყობინება ქალთა ჯგუფების მხრიდან, რომ მომეხსნა ჩემი კანდიდატურა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გავრცელდებოდა ღია წერილი, ვთვლი, რომ არის მიზანმიმართული შანტაჟი.

წლებია ქალთა მოძრაობის წევრებთან საქმიანი ურთიერთობები მაკავშირებს და ერთად ბევრი მნიშვნელოვანი საქმეც გვიკეთებია ქალთა უფლებების სფეროში. ამ ფონზე ისმის ძალადობასა და დანაშაულზე დაუსაბუთებელი ბრალდებები, რაზეც განცხადებაშია საუბარი და რაც არანაირ შესაძლებლობას არ მაძლევს ჩემი პოზიცია გამოვხატო კონკრეტულ შემთხვევებზე. მე არასდროს გამჭირვებია შეცდომის აღიარება, როდესაც ჩემთვის ნათელია საკუთარი გადაცდომა და ამისთვის ყოველთვის მზად ვარ.

თუ ეს ბრალდებები გაცდება ზოგად განცხადებებს, ასევე სოციალური ქსელებისა და ჯგუფებს, მე მზად ვარ სამართლებრივი გზებით გავაგრძელო დავა.

ჩემი თვითმიზანი არ არის რომელიმე თანამდებობის დაკავება და ჩემი აქტივიზმი ყოველთვის საერთო საქმის ინტერესებითაა ნაკარნახევი. იმის გამო, რომ არ მიადგეს ჩრდილი სახალხო დამცველის გადაწყვეტილებას, საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს დაკომპლექტებას და ზოგადად დემოკრატიულ პროცესს, ვხსნი ჩემს კანდიდატურას საბჭოს წევრობიდან.

აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებსაც სჯერათ ჩემი, ვინც ამ რთულ მომენტში მინიმუმ კითხვის ნიშანს სვამს ამ საქმესთან დაკავშირებით და ამავე დროს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს ქალთა უფლებების მნიშვნელობას", - ნათქვამია ზვიად დევდარიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

იხილეთ ასევე: სახალხო დამცველი ზვიად დევდარიანის გარშემო ატეხილ სკანდალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"